კოსმოსური ველის (ბადის) პირველმა გამოსახულებებმა მილიარდობით უაღრესად მკრთალი, ჯუჯა გალაქტიკა გამოავლინა.
დიდი აფეთქების მოდელზე დაყრდნობით, დიდი ხნის წინ გამოითქვა ვარაუდი, რომ გალაქტიკები ვარსკვლავთშორისი გაზის ”ბოჭკოებისგან” ჩამოყალიბდნენ, რომელსაც ”დიდი კოსმოსური ბადე” ეწოდება. ახლახანს, მეცნიერების დიდი ძალისხმევის შედეგად, გალაქტიკების ჩამოყალიბების ეპოქამ, ვარაუდიდან ფოტოსენსორებზე გადაინაცვლა: ჩილეში, ESO – ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის VLT – ძალიან დიდ ტელესკოპზე დამონტაჟებული ხელსაწყოს მეშვეობით, რომელსაც MUSE ეწოდება, ასტრონომებმა დიდი კოსმოსური ველის სურათი გადაიღეს.
გამოსახულების მისაღებად ცის გარკვეული უბანი ამოირჩიეს და ტელესკოპი ამ უბნისკენ 140 საათის განმავლობაში მიმართეს. ეს რეგიონი ზუსტად კოსმოსური ტელესკოპის ”Hubble” მიერ გადაღებული ულტრა-ღრმა კოსმოსური ველის მიმართულებით მდებარეობს, მაშასადამე, ეს ის არეალია, საიდანაც სამყაროს ყველაზე უფრო შორეული (წარსულის) სურათებია გადაღებული.
გამოსახულებების მიღების ეს უნიკალური პროცესი 8 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაცემების დამუშავებას კი წელიწადზე მეტი დასჭირდა. ამ ხნის მანძილზე წყალბადის ატომებისაგან აგებული ”ბოჭკოების” მიერ დიდი აფეთქების მომენტიდან 2 მილიარდი წლის განმავლობაში გამოსხივებული სინათლე საერთო სიმულაციურ სურათში გაერთიანდა. თუმცა ამ მოვლენებს სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია – სენსორმა მანამდე უხილავი, მილიარდობით მკრთალი, ჯუჯა გალაქტიკა დააფიქსირა, რომლებშიც ჯერ კიდევ მიმდინარეობდა პირველი ვარსკვლავების ჩამოყალიბების პროცესი.
ამ გალაქტიკების დაფიქსირება დღეისათვის არსებულ არცერთ ხელსაწყოს არ შეუძლია (მომავალში მათ James Webb-ის კოსმოსური ტელესკოპი შეისწავლის), თუმცა მათი საშუალებით გალაქტიკების ფორმირების არსებული მოდელის მნიშვნელოვანი ევოლუციაა მოსალოდნელი. ლიონის ასტროფიზიკური კვლევების ცენტრის პროფესორი, როლანდ ბეიკონი აღნიშნავს, რომ ”იყო მომენტი, როდესაც დიდი აფეთქების ბნელი ეპოქა აურაცხელი ვარსკვლავის ერთდროულმა აკაშკაშებამ შეარყია. რამ განაპირობა ადრეული სამყაროს ადრეული რე-იონიზაციის ეპოქაში გადასვლა? – ეს კოსმოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი ამოცანაა.’
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხოლოდ დასაწყისია; ჯერ-ჯერობით, დიდი კოსმოსური ველის დამზერა კაშკაშა კვაზარებით მდიდარი კოსმოსური უბნების მიმართულებით არის შესაძლებელი, რადგან მხოლოდ მათ მძლავრ გამოსხივებას შეუძლია შორეული წყალბადის ატომების ღრუბლების გამომჟღავნება. სხვა უბნებში გალაქტიკების ფორმირების პროცესის დაფიქსირება უაღრესად მნიშვნელოვანია.
სამეცნიერო პუბლიკაცია:DOI: 10.1051/0004-6361/202039887.