ირმის ნახტომის ნაწილი მეტალების ანომალურად დაბალი შემცველობით

 მზის მასის 98,5% ორ მსუბუქ ქიმიურ ელემენტზე მოდის — წყალბადი და ჰელიუმი (ასტრონომიაში ამ ორზე მძიმე ელემენტებს მეტალებს უწოდებენ). დანარჩენი 1,5% კი მძიმე ელემენტების წილია, ნახშირბადი, ჟანგბადი და რკინა (phys.org). ამ უკანასკნელთა კონცენტრაცია ვარსკვლავის მეტალურობას განსაზღვრავს და ეს მაჩვენებელი ვარსკვლავის ტიპის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება. ახლახანს, ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში ადგილი აღმოაჩინეს, რომელიც ვარსკვლავების მეტალურობის ანომალურად მცირე მაჩვენებლით გამოირჩევა. ამ ვარსკვლავებში მეტალების კონცენტრაცია 2500-ჯერ მცირეა მზისაზე და კიდევ უფრო მცირე, ვიდრე სამყაროს სხვა აქამდე ცნობილ ვარსკვლავურ სტრუქტურებში (პრიმიტიული ვარსკვლავი…).

 ეს აღმოჩენა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მოახდინა, სტრასბურგის უნივერსიტეტისა და პარიზის ორი ობსერვატორიის მეცნიერთა ჩათვლით, პროგრამა Pristine-ს ჩარჩოებში. კვლევაში ჩართული იყო ევროპის კოსმოსური ტელესკოპი Gaia, კანადა-საფრანგეთი-ჰავაის ტელესკოპი ჰავაიზე და ტელესკოპი GTC კანარის კუნძულებიდან.

 მეტალებით ღარიბი ვარსკვლავების მიერ ფორმირებულ გროვას C-19 უწოდეს. ასეთი ვარსკვლავების არსებობა უკვე ეწინააღმდეგება ჩვენს წარმოდგენებს ვარსკვლავების ფორმირების შესახებ და ვარსკვლავგროვების ჩამოყალიბების მოდელებს. თუმცა, ამ გაუგებრობას დადებითი მხარეც აქვს, C-19-ის შესწავლით მეცნიერებს საშაულება ეძლევათ უშუალოდ დააკვირდნენ ვარსკვლავწარმომქმნელ პროცესებს (პირველი ვარსკვლავები), რომლებიც სამყაროს ძალიან შორეულ წარსულში ხდებოდა, როცა მხოლოდ ორი ქიმიური ელემენტი არსებობდა – წყალბადი და ჰელიუმი (სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი).

 მეცნიერთათვის ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ასეთი უჩვეულო გროვის გაჩენა ირმის ნახტომში. სავარაუდოდ, გროვა C-19 ჩვენი გალაქტიკის მიერ მიერთებულ ჯუჯა გალაქტიკას შემოჰყვა, ან ჩვენს გალაქტიკაშივე გაჩნდა კოსმოსური სივრცის უჩვეულო პარამეტრების მქონე არეში (ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.