ICRAR(რადიო ასტრონომიული კვლევების საერთაშორისო ცენტრი)-ის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ზომის მიუხედავად, ხილული სამყაროს ყველა გალაქტიკა დაახლოებით ერთნაირი სიჩქარით ბრუნავს.
გალაქტიკებს სხვადასხვა ფორმა და ზომა აქვს, ხოლო ნასასეული ყველაზე უფრო მოკრძალებული შეფასებით, ჩვენთვის ხიული სამყაროს ნაწილში მათი რაოდენობა 200 მილიარდს აჭარბებს. ICRAR-ის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ამ მილიარდობით გალაქტიკას ერთი საერთო რამ აერთიანებს: ბრუნვის ერთ მილიარდ წლიანი პერიოდი.
გერჰარდ მოირერი(Gerhardt Meurer), ICRAR-ის UWA(დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტი)-კვანძიდან აღნიშნავს, რომ ეს სავარაუდო, თუმცა სარწმუნო ციფრია. გალაქტიკის ზომის მიუხედავად, თუ მის კიდეზე რაიმე Х წერტილს ავიღებთ, დაახლოებით მილიარდი წელი იქნება საჭირო, რომ მან ერთი სრული ბრუნი გააკეთოს და ამავე ადგილზე დაბრუნდეს. საკვირველია, რომ გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავებისა და პლანეტების რაოდენობა მისი ბრუნვის სიჩქარეზე არ ზემოქმედებს. მოირერი ამბობს, რომ ასეთი კანონზომიერების აღმოჩენა, გალაქტიკების ფორმირების მექანიზმის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.
გარდა ამისა, მოირერის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ხნიერი ვარსკვლავების ადგილსამყოფელი, როგორც წესი, გალაქტიკის კიდეზეა. ”არსებული მოდელების მიხედვით, ჩვენ გვეგონა, რომ გალაქტიკათა კიდეებზე ახალგაზრდა ვარსკვლავების პოპულაციებს აღმოვაჩენდით. მათთან ერთად, სრულიად მოულოდნელად, უამრავი ხნიერი ვარსკვლავიც დავაფიქისრეთ, ასევე ვარსკვლავთ შორის გაზში ახალდაბადებულ ვარსკვლავთა გროვები” – ამბობს მოირერი(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; ბნელი მატერია და დაკარგული მასა).