რაც უფრო ზუსტია საათი, მით უფრო ბუნდოვანი ხდება დრო

 ძალიან უცნაური რამ არის დრო. ჩვენ, საათებს ვითვლით, სამყაროს კი რაიმე კონკრეტული ისრები და ციფერბლატი არ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა განსხვავებულად აღვიქვამთ დროს, იმის მიხედვით, როგორ ვმოძრაობთ და როგორ მოქმედებს ჩვენზე გრავიტაცია. ფიზიკოსები, ორი დიდი თეორიის გაერთიანებას შეეცადნენ, რათა დაემტკიცებინათ, რომ დრო არ არის საყოველთაოდ უნივერსალური და თან, ნებისმიერი საათი, რომლითაც დროს ვზომავთ, მისი შემომფარგლავი სივრცის დროის სვლას აბუნდოვნებს.

 ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს საათს შეუძლია მალე დაგაბეროთ. აქ, ზემაღლი სიზუსტის საათებზეა საუბარი, მაგალითად, ატომურ საათზე (ყველაზე ზუსტი საათი). ავსტრიელი ფიზიკოსების ჯგუფმა, კვანტური მექანიკისა და ფარდობითობის თეორიიდან გამომდინარე, დაასკვნეს, რომ საათის სიზუსტის ზრდა ერთ სივრცეში, დროის დამახინჯებასაც ზრდის.

 ერთი წუთით გავჩერდეთ და მარტივი სიტყვებით ვცადოთ გავიგოთ, რა იციან ფიზიკოსებმა ამ ყველაფრის შესახებ.

 კვანტური მექანიკა, სამყაროს ყველაზე მცირე მასშტაბებში მიმავალ მოვლენებს საკმაოდ კარგად აღწერს, აქ, სუბატომური ნაწილაკებისა (მოკლედ კვანტური ქრომოდინამიკის შესახებ) და უმოკლეს მანძილებზე მოქმედი ძალების სამეფოა. სიზუსტისა და სარგებლიანობის მიუხედავად, კვანტური მექანიკა ისეთი წინასწარმეტყველებების გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაში ვერ ჯდება (რეალობის კვანტური ილუზორულობა).

 ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის მიხედვით, თუ ერთი პარამეტრი ზუსტად ვიცით, მეორე, ნაკლებად ზუსტი ხდება. მაგალითად, რაც უფრო ზუსტად ვგებულობთ ობიექტის მდებარეობას სივრცესა და დროში, მისი იმპულსის მაჩვენებელის სიზუსტეში მით უფრო ნაკლებად ვიქნებით დარწმუნებული.

 მნიშვნელობა არა აქვს, ვინ უფრო ჭკვიანია, ან ვის უფრო კარგი გამზომი მოწყობილობა ექნება – სამყარო საფუძველშივე ასეთია. ატომში, ელექტრონები არ ეჯახება პროტონებს (ბორის ატომი), იმპულსისა და მდებარეობის ”განუსაზღვრელობის” ბალანსის ხარჯზე.

 საკითხს სხვა მხრიდანაც შეიძლება შევხედოთ: ობიექტის მდებარეობის ზეზუსტად გაზომვა თუ გვინდა, წარმოუდგენელი რაოდენობის ენერგიას უნდა გაუწიოთ ანგარიში. ჩვენი ჰიპოთეტური საათის წამის დაყოფას იქამდე მივყავართ, რომ სულ უფრო ნაკლები გვეცოდინება საათის ენერგიის შეასხებ. აქ უკვე ფარდობითობის ზოგადი თეორია ერთვება, რომელშიც დრო, ძირითადად, რაღაც მანძილზე დაშორებული მასიური ობიქტების ურთიერთ ზეგავლენის ასახსნელად გამოიყენება (ფარდობითობის ზოგადი თეორია – შავი ხვრელები და თხუნელას ორმოები).

 ვიცით, რომ მასა და ენერგია ექვივალენტურია — E = mc2. ენერგია უტოლდება მასას, გამრავლებულს სინათლის სიჩქარის კვადრატზე. ასევე ვიცით, რომ დრო და სივრცე დაკავშირებულია, ეს დრო-სივრცე კი უბრალოდ ცარიელი ყუთი არ არის – მასას, ანუ ენერგიასაც, სივრცე-დროის გამრუდება შეუძლია.

სწორედ ამის შედეგად ხდება ჩვენ მიერ დამზერადი მოვლენა, ე.წ. გრავიტაციული ლინზირება, როცა ვარსკვლავებისა და შავი ხვრელების მსგავსი მასიური ობიექტები, სინათლის მოძრაობის გზას ამრუდებს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მასას, დროის გრავიტაციული შენელება შეუძლია. სამწუხაროდ, ეს ექსპერიმენტულად გადამოწმებული თეორიები ერთმანეთს ვერ ეწყობა (როდის შეიქმნება ”ყველაფრის თეორია”?).

 ზემოთ ხსენებულმა ფიზიკოსება ივარაუდეს, რომ დროის ზუსტად გაზომვის აქტი, სულ უფრო მზარდ ენერგეტიკულ დანახარჯებს მოითხოვს, რაც უშუალოდ გაზომვის არეში, ნებისმიერი გამზომი მოწყობილობის სიზუსტეს ამცირებს.

 ტექნიკურად, კვანტური მექანიკა ”დიდი ზომის” ობიექტთათვისაც გამოყენებადია, თუმცა ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენი წამზომი წამზე მცირე დროსაც ზომავს, მაჯაზე, შავი ხვრელი არ გაგეხსნებათ. ზემოთ ხსენებულ დასკვნებს მხოლოდ მაღალი სიზუსტის ექსპერიმენტებში გამოყენებული საათებისთვის ექნება აზრი, გაცილებით სრულყოფილი საათებისთვის, ვიდრე ახლა იგონებენ.

 რაც უფრო კარგად გვესმის, როგორ მუშაობს საათი(დრო), თეორიულად მაინც, მით უფრო ბევრს გავიგებთ სამყაროზე და ერთხელაც, ალბათ, თვით დროის ბუნებაშიც გავერკვევით (pnas.org) (დრო დროზე ჩქარა მიქროდა, დრო არაფერზე ფიქრობდა; დროის სტრუქტურის კვლევაში მეცნიერებს კვანტური მექანიკა და… ფოლოსოფია ეხმარება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.