რატომ გვესმის მეტეორების ხმა?

 ყველაზე ძველი მტკიცებულებები იმისა, რომ ადამიანებს ზოგჯერ მეტეორების ხმა ესმით, ათას წელზე მეტი ხნისაა. ბევრი თვითმხილველი დღესაც ამბობს, რომ მათ ნანახ მეტეორს უცნაური ხმა ახლდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გაარკვიეს, რას წარმოადგენს ცაში გაჩენილი ელვარე ხაზები, ასეთი შეტყობინებები კოლექტიურ ილუზიად იქნა მიჩნეული. ამავდროულად, არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ თვითმხილველებს რაიმე მიზეზით მეცნიერების შეცდომაში შეყვანა სურთ. მაგრამ, რა ხდება სინამდვილეში? ზუსტი პასუხი ისევ არ არსებობს, მხოლოდ ვარაუდები.

 მეტეორი არის მოვლენა, რომელიც გამოწვეულია დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდების წვის შედეგად. მეტეორებს, ხშირად, მეტეორიტებს უწოდებენ, მაგრამ ეს განსხვავებული ცნებებია – მეტეორიტი არის ობიექტი, რომელიც მთლიანად დაწვას გადაურჩა და დედამიწის ზედაპირამდე მოაღწია, ხოლო მეტეორი არის ანთება ცაში, ანუ თავად მოვლენა. განსაკუთრებით ძლიერი ნათების მქონე მეტეორებს, ბოლიდებს უწოდებენ.

  •  მეტეორი – ნათება დედამიწის ატმოსფეროში, მასში მყარი კოსმოსური სხეულებისა თუ ნაწილაკების შემოჭრის დროს, რომლებსაც მეტეოროიდებს უწოდებენ.
  •  მეტეოროიდი – მყარი პალანეტათშორისი ობიექტი. ასტეროიდებისაგან განსხვავდება ზომით, ჩვეულებრივ რამდენიმე ათეულ მეტრზე პატარა ზომის. დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას იწვეს ელვარე ნათებას. მას მეტეორულ სხეულსაც უწოდებენ.
  •  მეტეორიტი – მეტეოროიდი, რომელიც დედამიწის ზედაპირზე დაეცა.
  •  მიკრომეტეოროიდი და მიკრომეტეორიტი – შესაბამისად მიკროსკოპული ზომების მეტეოროიდი და მეტეორიტი.
  •  კოსმოსური მტვერი – მიკრომეტეოროიდებზე პატარა ნაწილაკები, დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრისას არ იწვევენ ნათებას.
  • ბოლიდი – ძლიერი ელვარების მეტეორი.

 მაშ, რატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ადამიანებს, მეტეორის ხმა არ უნდა ესმოდეთ? საქმე ის არის, რომ სინათლის სიჩქარე გაცილებით მაღალია, ვიდრე ხმის სიჩქარე. ჭექა-ქუხილიც კი გაელვებიდან გარკვეული დროის მერე გვესმის. დამკვირვებელსა და ატმოსფეროში შემოჭრილ მეტეორს შორის მანძილიც გაცილებით დიდია, ვიდრე დამკვირვებელსა და ელვას შორის. ხმა არა მაშინვე, ან რამდენიმე წამში უნდა მოვიდეს, არამედ წუთების მერე. შესაბამისად, ანთებას არანაირად არ შეიძლება თან ახლდეს ხმა, როგორც თვითმხილველები ამტკიცებენ.

 ერთ-ერთი პირველი ასტრონომი, რომელმაც გააცნობიერა, რამდენად შორსაა მეტეორული გაელვებები ჩვენგან, იყო ედმონდ ჰალე (კომეტებზე მონადირენი). მან თავად გაიგო ეს ხმა, თუმცა მასა და მეტეორულ ობიექტს შორის მანძილის გათვალისწინებით, ამას “სუფთა ფანტაზია” უწოდა.

 ყველა სხვა შემთხვევაც ფანტაზიას უნდა მივაწეროთ? მეცნიერები ასეც თვლიდნენ, მაგრამ სიტუაცია 1978 წლის მოვლენის შემდეგ შეიცვალა. ახალი სამხრეთ უელსის თავზე მომხდარი მეტეორული მოვლენის ხმის შესახებ ალაპარაკდნენ თვითმხილველები, რომლებიც არც კი იცნობდნენ ერთმანეთს.

 1998 წელს, მეცნიერებმა, მონგოლეთის ცაში შემოჭრილი მეტეორული სხეულის წვის ხმა ჩაიწერეს. ამასთან ერთად, ხმა გაიგონეს თვითმხილველებმაც, თან არა დაგვიანებით, არამედ ანთებასთან ერთად.

 ავსტრალიის ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ხმა გარკვეული რადიოსიხშირეებით ახლო გარემოზე ზემომედებით გვესმის, სიხშირეებით, რომლებიც უფრო ადვილად განჭოლავს ატმოსფერულ ჰაერს, ვიდრე ელექტრომაგნიტური სპექტრის სხვა ტალღები.

 ლაბორატორიულ პირობებში ასტრონომებმა დაამტკიცეს, რომ დაბალი სიხშირის რადიოტალღებს შეუძლია გარკვეული ობიექტების, როგორიცაა ადამიანის თმის ან ფიჭვის წიწვების შრიალის გამოწვევა. სხვათა შორის, თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ მეტეორის ხმა სწორედ შრიალსა თუ შიშნს ჰგავდა. ედმონდ ჰალემაც იგივე ხმა აღწერა. ზოგიერთი თვითმხილველი ამ ხმას სხვაგვარადაც აღწერს – როგორც ტაში ან სტვენა.

 2017 წელს, სანდიას ლაბორატორიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ხმა გამოწვეულია კაშკაშა შუქით. უფრო მეტიც, გუნდმა ექსპერიმენტულად წარმოადგინა, რომ პარიკები შიშინის მსგავს ხმას გამოსცემს, თუ მათზე გარკვეული სიხშირის სინათლე ზემოქმედებს. დიდი ალბათობით, ადამიანის თმაც შიშნებს, როდესაც მასზე საჭირო სიხშირის სინათლე ზემოქმედებს.

 სამწუხაროდ, ძალიან ძნელია იმის შემოწმება, რომელი ვერსიაა სწორი და არის თუ არა ერთი მათგანი მაინც სწორი. მეტეორები, რომლებიც ხმას გამოსცემენ, არაპროგნოზირებადია, ანუ შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო სად და როდის მოხდება ეს. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველი ვერსია უფრო დამაჯერებელია. ფაქტია, რომ ზოგიერთი “ხმაურიანი” მეტეორი სულაც არ იყო ძალიან კაშკაშა და გარდა ამისა, მათი ზომაც იყო ძალიან მცირე.

 კერძოდ, მეტეორის სიკაშკაშე, რომლის ხმაც 1998 წელს დაფიქსირდა, 100-ჯერ უფრო სუსტი იყო, ვიდრე სხვა მეტეორების უმეტესობისა. აქედან გამომდინარე, უპირატესობა რადიოტალღების თეორიის მხარეზე რჩება და რჩება კითხვაც – კონკრეტულად რა ვიბრირებდა, რა იყო ხმაურის წყარო? ჯგუფი, რომელმაც მიკროფონები დაამონტაჟა, ჩაწერის ადგილს აღწერს, როგორც ადამიანის ან ცხოველების აქტივობის, ელექტროგადამცემი ხაზების ან რაიმე ტიპის ელექტრო მოწყობილობებისგან თავისუფალს. ამიტომ, კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ გამოსცემენ მეტეორები ხანდახან ხმას, ღია რჩება (კიდევ მეტეორების შესახებ).

ბოლიდების ვიდეონაკრები.

2 comments

  1. gamarjoba, mainteresebda meteoritsa da meteors shoris ra gansxvavebaa. madloba.
    -nika

  2. გამარჯობა. მანდ ხომ კარგად არის განმარტებული – მეტეორი მოვლენაა, მეტეორიტი კი რაც ამ მოვლენის გამომწვევი მეტეოროიდისგან რჩება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.