რამ გახვრიტა ირმის ნახტომი?

 დედამიწიდან 25,5 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავურ ნაკადში GD-1, უცნობმა ბნელმა ობიექტმა სიცარიელე გააჩინა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ამ ვარსკვლავურ ჯაჭვში დიდი სიჩქარით შევარდნილი ზემასიური შავი ხვრელი ან ბნელი მატერიის მცირე გროვა. ასეთი სიცარიელის წარმოქმნა მილიონამდე მზის მასის ობიექტს შეეძლო, ზომით 30-64 სინათლის წელი.

 ნაკადში ორი სიცარიელეა, ერთს სწორი გვერდები აქვს და სავარაუდოდ, სწორედ იქ მდებარეობდა ვარსკვლავთგროვა, რომლისგანაც ნაკადი GD-1 წარმოიქმნა. მეორეს კიდეები უსწორმასწოროა, რაც უცნობი ობიექტის გრავიტაციული ზემოქმედებით შეიძლება აიხსნას, რომელმაც ვარსკვლავები სხვადასხვა მხარეს “მოისროლა”. ამის გაკეთება ჩვეულებრივ ვარსკვლავსაც შეეძლო, რომელიც კოლოსალური სიჩქარით გადაადგილდება, თუმცა ახლო სივრცეში ასეთი ობიექტი ვერ იქნა მოძებნილი.

 ზემასიური შავი ხვრელის შემთხვევაში, ასეთი ობიექტისთვის დამახასიათებელი, სხვადასხვა სპექტრში მასხივებელი აკრეციული დისკო და ნაწილაკთა ჭავლები (“ჯეტები”) უნდა ჩანდეს, რაც არ დაიმზირება. ერთ გალაქტიკაში ორი ზემასიური შავი ხვრელის არსებობაც საეჭვოდ გამოიყურება.

GAIA (ESA).

 მესამე კანდიდატის, ბნელი მატერიის შესახებ, კვლევის ავტორი სიფრთხილით საუბრობს – “როგორც ჩანს, სწრაფად მოძრავი მანათობელი ობიექტი გალაქტიკის წიაღში დაიმალა”.

 ვარსკვლავური ნაკადები, გალქტიკის ცენტრის გარშემო წაგრძელებულ ორბიტებზე მოძრავი ვარსკვლავთა ძაფისმაგვარი წარმონაქმნებია. სფერული ვარსკვლავთგროვებიდან ან ჯუჯა გალაქტიკებიდან ამოტყორცნილი ეს ვარსკვლავები, ირმის ნახტომის გრავიტაციულმა ძალებმა თავიანთ ორბიტებზე დაალაგა. სავარაუდოდ, ერთი სფერული გროვის კუთვნილი ვარსკვლავებისგან შემდგარი ნაკადი GD-1, არც ისე დიდი ხნის წინათ, 2006 წელს აღმოაჩინეს (GAIA).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.