კოსმოსურმა ხომალდმა – ”კასინი”, სატურნის პატარა მთვარეების – ატლასის, დაფნისის და პანის სურათები გადმოსცა, რომლებიც დამუშავებისა და შესწავლის შემდეგ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნდა. სურათები ხომალდის ვიწრო-კუთხური დამზერის კამერითაა გადაღებული. ატლასი – 2017 წლის 12 აპრილსაა გადაღებული, 16 ათასი კილომეტრის მანძილიდან, როდესაც მზე-მთვარე-აპარატის კუთხე (ანუ – ფაზური კუთხე) 37 გრადუსს შეადგენდა; პანი – 2017 წლის 7 მარტს, 26 ათასი კილომეტრი მანძილიდანაა გადაღებული, 27-გრადუსიანი ფაზური კუთხით; ხოლო დაფნისი – 2017 წლის 16 იანვარს, 28 ათასი კილომეტრის მანძილიდან, 71-გრადუსიანი ფაზური კუთხით. ქვემოთ მოყვანილ სურათებში ობიექტების ჩრდილოეთ მხარეები ზემოთაა მიმართული.
სურათზე ნათლად ჩანს განსხვავებები ატლასსა და პანის ეკვატორულ სარტყლებს შორის, აგრეთვე – ატლასის უცნაური ღრუბლოვანი საფარი. ამ ორი პატარა ცთომილის (“მოხეტიალე” ძვ.ბერძნ.) სურათი ინფრაწითელ, მწვანე და ულტრაიისფერი ფილტრებით გადაღებული სურათების კომპოზიტური (შეჯერებული) გამოსახულებაა; რაც შეეხება დაფნისს – მისი სურათი ორი სხვა მთვარის ოპტიკური პარამეტრების გამოყენებით, სავარაუდოდ, რეალურ შეფერილობამდეა დაყვანილი. ამ მონტაჟის მონოქრომული ვერსია იხილეთ აქ.
კოსმოსური ხომალდი ”კასინი”, NASA-ს და ESA-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა („კასინი“ – მისიის დასასრულის კულმინაციური მომენტი). ხომალდი JPL – რეაქტიული ძრავების ლაბორატორიიდან, NASA-ს სამეცნიერო მისიათა საბჭოდან იმართებოდა. ხომალდი-ორბიტერი ”კასინი” და მისი ორივე ფოტოკამერა JPL-ში შეიმუშავეს, დაამზადეს და ააწყვეს. გამოსახულებათა მართვისა და დამუშავების ცენტრი კოლორადოში მდებარეობს, ბოულდერის კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (”კასინი-ჰიუიგენსი”-ის მისიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: 1 და 2. ”კასინის” გამოსახულებათა დამუშავების ცენტრის ვებ-გვერდი: ciclops.org.).