ყველაზე მკრთალი ჯუჯა გალაქტიკა

 ჰავაიზე არსებული იაპონური ტელესკოპით – „სუბარუ“, ასტრონომებმა მკრთალი სფეროიდული გალაქტიკა – d1005+68, აღმოაჩინეს, რომელიც მეზობელი გალაქტიკური ჯგუფის – M81, ნაწილია. ჯუჯა გალატიკებში ვარსკვლავების რაოდენობა 100 მილიონიდან რამდენიმე მილიარდამდეა. ზოგიერთი მათგანის არსებობა გალაქტიკების განვითარებისა და სამყაროში მატერიის განაწილების არსებულ თეორიებს ეწინააღმდეგება. მათემატიკური მოდელები გვიჩვენებს, რომ ბნელი მატერიისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ჯუჯა გალქტიკების რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე რეალურად დაიმზირება(ეს უცნაური ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები).

 ამ პრობლემის გადასაჭრელად, ასტრონომები ასეთი ობიექტების მუდმივი ძიებით არიან დაკავებულნი, განსაკუთრებით იმ ჯუჯებით, რომლებიც ადგილობრივი ჯგუფის გარეთ მდებარეობენ. გამოსხივებული სინათლის სიმცირის გამო, მათი აღმოჩენა და იდენტიფიცირება ძალიან ძნელია, თუმცა უკვე, ახალი ინსტრუმენტები ასტრონომებს ამ საქმეს უადვილებს.

 იაპონური სუბარუ 8,2 მეტრიანი სარკით, მდებარეობს ჰავაის კუნძულებზე. ის იაპონიის ნაციონალურ ასტრონომიულ ობსერვატორიას ეკუთვნის და 1999 წლიდან ფუნქციონირებს. 2005 წლიდან დიდი მონოლითური სარკით აღიჭურვა.

 ამ შემთხვევაში, ასტრონომებმა ინსტრუმენტი Hyper Suprime-Cam (HSC) გამოიყენეს, რომელიც „სუბარუზეა“ დამონტაჟებული. კამერა HSC-ის მგრძნობელობა და გარჩევადობის შესაძლებლობა, მეზობელ M81-ში სუსტად მანათობელი ობიექტების აღმჩენისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ჯუჯა გალაქტიკა d1005+68, დედამიწიდან 13 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ხოლო გროვის(M81) ცენტრიდან 250 ათასი სინათლის მანძილზე მდებარეობს. მისი რადიუსი 613 სინათლის წელია, ხოლო ვარსკვლავების ჯამური მასა დაახლოებით 250 მზის მასას უტოლდება. საორიენტაციო ასაკი კი 12 მილიარდი წელია.

  აღსანიშანვია, რომ დღეისათვის კაცობრიობისთვის ცნობილ ყველაზე მკრთალ ჯუჯა გალაქტიკად გამხდარი d1005+68, სხვა ჯუჯასთან ძალიან ახლოს მდებარეობს – 16 300 სინათლის წელი, ეს არის ელიფსური BK5N, ამავე ჯგუფის თანამგზავრი. ასეთი მცირე დისტანციის გამო კიდევ ერთ უცნაურობასთან გვაქვს საქმე – „გალაქტიკა-თანამგზავრის გალაქტიკა-თანამგზავრი“.
თუ ზემოთ ხსენებული შედეგები სხვა ობსერვატორიებმაც დაადასტურა, გალაქტიკა d1005+68 პირველი „თანამგზავრის თანამგზავრი“ იქნება, რომელიც ადგილობრივი გალაქტიკური ჯგუფის(გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა) გარეთ იქნა აღმოჩენილი(კიდევ ჯუჯა გალაქტიკების  და სუბარუს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.