რა ხდება აქტიური გალაქტიკის, 3C 75-ის ცენტრში? წარმოდგენილი გამოსახულება რენტგენში (ცისფერი) და რადიოდიაპაზონში (ვარდისფერი) გადაღებული ფოტოებით არის შედგენილი. ორი კაშკაშა წყარო ცენტრში, ზემასიური შავი ხვრელებია, რომლებიც საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნავს და რადიოწყარო 3C 75-ს ენერგიით ამარაგებს. ხვრელებს შორის მანძილი 25 ათასი სინათლის წელია. ისინი, რენტგენში მასხივებელი, რამდენიმე მილიონ გრადუსამდე გავარვარებული გაზის ღრუბელში არიან ჩაძირული. უფრო მეტიც, ხვრელებიდან რელატივისტური ნაწილაკების ჭავლებიც (ჯეტები; ჩვენი გალაქტიკის ჯეტები რენტგენის დიაპაზონში) ამოედინება. შერწყმის პროცესში მყოფი ეს ორი გალაქტიკა, დედამიწიდან 300 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკურ გროვას – ეიბელ 400-ს ეკუთვნის. ასტრონომთა აზრით, ეს ორი ზემასიური შავი ხვრელი გრავიტაციულად დაკაშირებულ ორმაგ სისტემას ქმნის, რაზეც მათი ჭავლების ფორმაც მეტყველებს, რაც გაცხელებული გაზის ღრუბელში ხვრელების საერთო მოძრაობით (1200 კმ/წმ.) არის გამოწვეული. ასეთი სანახაობა ძირითადად, შორეული სამყაროს მჭიდრო გალაქტიკურ გროვებში დაიმზირება. ითვლება, რომ შერწყმის ბოლო სტადიაზე, ეს გალაქტიკები გრავიტაციული ტალღების ძლიერ წყაროებად გადაიქცევა (ფიზიკოსებმა დრო-სივრცის რხევები აღმოაჩინეს; თითქმის შერწყმული მასიური ხვრელები).
მოცეკვავე ზემასიურები 3C 75-ში
Posted by