მთვარის გვიანი ბომბარდირების ჰიპოთეზის საწინაღმდეგოდ…

 „ჩანე-6“-ის მისიით მოპოვებული მთვარის ნიადაგის ნიმუშების შესწავლის შედეგად მიღებული ახალი მონაცემების საფუძველზე, ჩინელმა მეცნიერებმა, მთვარის ზედაპირზე კრატერული სტრუქტურების ფორმირების დახვეწილი ქრონოლოგიური მოდელი შექმნეს. პირველად, ჯგუფმა დაადასტურა, რომ მთვარის ახლო და შორეულ მხარეებზე მეტეორიტების ვარდნის ნაკადები, მთლიანობაში, ერთნაირი იყო. მათი დასკვნები ასევე მიუთითებს, რომ მთვარის გეოლოგიური ისტორიის ადრეულ ეტაპზე შეჯახებათა ნაკადი დროთა განმავლობაში თანდათან შემცირდა, რაც ეწინააღმდეგება გვიანი ინტენსიური ბომბარდირების ფართოდ გავრცელებულ ჰიპოთეზას (Science Advances).

 საკუთარი ღერძის გარშემო მთვარის ბრუნვისა და დედამიწის გარშემო ბრუნვის პერიოდები ერთნაირია, ამიტომ ყოველთვის მის ერთ მხარეს ვხედავთ.

 2024 წელს, ჩინურმა მისიამ „ჩანე-6“, პირველად მოახერხა მთვარის შორეული (უხილავი) მხრიდან ქანების ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა. ისინი შეგროვდა მთვარის უდიდეს და სავარაუდოდ უძველეს კრატერში, სამხრეთ პოლუსთან – აიტკენის აუზი. უფრო მეტიც, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ცნობილი დარტყმითი აუზი მთელ შიდა მზის სისტემაში.

 ახალი მონაცემებისა და მთვარის ხილული მხარის უკვე ცნობილი საკალიბრაციო წერტილების გათვალისწინებით, მკვლევრებმა, მთვარის კრატერების წარმოქმნის ზუსტი ქრონოლოგიური მრუდი ააგეს. შემდეგ, ორბიტული დაკვირვებების გამოყენებით, ავტორებმა კრატერების წარმოქმნის სიჩქარე გამოთვალეს, შესაბამისად, დარტყმითი ნაკადის ინტენსივობა.

მისია „ჩანე-6“-ის დასაშვები მოდული.

 დაზუსტებული ქრონოლოგიური მრუდი გვიჩვენებს ნელ და მთვარის ადრეული ეპოქისთვის ნაკადების სწრაფ შემცირებას და არა მკვეთრ ზრდას დაახლოებით 3,9 მილიარდი წლის წინ, როგორც აქამდე ითვლებოდა. ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს შედეგები გვიანი მძიმე ბომბარდირების ჰიპოთეზას უარყოფს. დიდი ალბათობით, არც მთვარეს და არც მთელ შიდა მზის სისტემას არ გადაუტანია შეჯახებების აქტივობის ზრდის პერიოდი, დაახლოებით 3,9 მილიარდი წლის წინ. პლანეტებზე აკრეციის (დალექვის) პერიოდის დასრულების შემდეგ, ხდებოდა ბომბარდირების ტემპის ხანგრძლივი შენელება (მთვარის წარმოშობის თეორიები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.