ურსიდების შემოჭრის წერტილი, იგივე რადიანტი, პატარა დათვის (ლათ. Ursa Minor) თანავარსკვლავედში მდებარეობს. ამ მეტეორული ნაკადის აქტიურობა 17 დეკემბრიდან იწყება და ორი კვირა გრძელდება, 24 ან 25 დეკემბრამდე. სავარაუდოდ, ურსიდები აღმოაჩინა ბრიტანელმა ვ. დენინგმა (1848–1931), რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ახდენდა მათზე დაკვირვებას. პირველი გეგმიური დაკვირვება კი ა. ბეკვარმა (Dr. A. Bečvář) დაიწყო, 1945 წელს. წინა საუკუნის სამოცდაათიან წლებსა და მოგვიანებით ჩატარებული დაკვირვებებით დადგინდა, რომ ურსიდები, აშშ ასტრონომის, ჰორას პარნელ ტუტლის (1837-2912) მიერ აღმოჩენილი მოკლეპერიოდიანი (13,6 წ.) კომეტის (8P/Tuttle) ფრაგმენტებია. 33 კმ/წმ. სიჩქარით მქროლი მეტეორების აქტიურობის პიკი 22 დეკემბერს უწევს, მეტეორების რაოდენობით 10 ანთება საათში, ანუ საკმაოდ სუსტი ნაკადია, თუმცა, ხსენებულ 1945 წელს, საათში 120 მეტეორი ფიქსირდებოდა.
იმისათვის, რომ მეტეორულ “წვიმას” დავაკვირდეთ, არანაირი მოწყობილობა არ არის საჭირო, ისინი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, მთავარია ცა იყოს მოწმენდილი და სანახაობას სავსე მთვარე არ გადაეფაროს წინ, ან ქალაქის განათება. გადაღებისთვის გამოსადეგია ირმის ნახტომის გადაღების მეთოდი.