მეზობელი გალაქტიკების უცნაური ქცევა

 რა შეიძლება იყოს მეზობელი გალაქტიკებისა და ჯუჯა გალაქტიკების უცნაური ქცევის მიზეზი? ისე მოძრაობენ, თითქოსდა ირმის ნახტომი, ან ანდრომედა, არც არსებობდეს, თითქოს მათი მიზიდულობა მათზე არ ვრცელდებოდეს.

 ასტროფიზიკოსებმა, ადგილობრივი ჯგუფის გარშემო არსებული გალაქტიკების უჩვეულო ქცევის ახსნა შემოგვთავაზეს, რაც Nature Astronomy-ში სტატიის სახით გამოქვეყნდა. მეცნიერების თქმით, ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მათგანი, ჩვენთან ერთად, მცირე მსხვილმასშტაბიან სტრუქტურაშიც არიან მოქცეული (ირმის ნახტომის სახლი – ზეგროვა „განუზომელი ზეცა“).

 შეგახსენებთ, რომ გალაქტიკების ადგილობრივი ჯგუფის დომინანტი წევრებია ირმის ნახტომი და ანდრომედა — ორი უდიდესი „მოთამაშე“. ისინი დაახლოებით 2,5 მილიონი სინათლის წლით არიან დაშორებულნი და ცნობილია, რომ ერთმანეთისკენ მოძრაობენ. დაახლოებით 4-5 მილიარდ წელიწადში ეს გალაქტიკები შეეჯახებიან და შერწყმას დაიწყებენ. ანდრომედადან ოდნავ მოშორებით მდებარეობს სამკუთხედის გალაქტიკა (M33), რომელიც აშკარად გრავიტაციულად არის დაკავშირებული თავის ორ მასიურ მეზობელთან, რაც მას ადგილობრივი ჯგუფის წევრად აქცევს.

 ამავე დროს, თითქმის იმავე მანძილზე მდებარეობს ვოლფ-ლუნდმარკ-მელოთის ჯუჯა გალაქტიკაც, რომელიც დაახლოებით ჩვენი ჯუჯა მეზობლის, მაგელანის პატარა ღრუბლის ზომისაა და მასითაც კარგად ჩამორჩება მას. რატომღაც, ის საერთოდ არ „რეაგირებს“ ირმის ნახტომისა და ანდრომედას არსებობაზე: გამოთვლების თანახმად, კოსმოსური მძიმეწონოსნების გრავიტაციამ ის გარკვეულწილად მაინც უნდა „შეანელოს“, მაგრამ ეს ასე არ ხდება (ეს უცნაური ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები).

არაწესიერი (ირეგულარული) გალაქტიკა NGC 3109.

 იგივე ეხება, მაგალითად, პატარა გალაქტიკას NGC 3109-ს, რომელიც ჩვენგან 4 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, და მის რამდენიმე ახლომდებარე გალაქტიკას, მათ მცირე კრებულს. ფორმალურად, ისინი ადგილობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან, მაგრამ ჩვენკენ მიზიდულობის ნაცვლად, პირიქით, სტაბილურად მიფრინავენ 120 კილომეტრი წამში სიჩქარით. ეს ნიშნავს, რომ ახლომდებარე მასიური გალაქტიკების მიერ წარმოქმნილი გრავიტაციული „მორევი“ მათზე ზეგავლენას არ ახდენს.

მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლები (მარცხენა კიდეზე), სამხრეთ ნახევარსფეროდან შეუიარაღებელი თვალითაც დაიმზირება.

 სწორედ ამ საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდნენ ამჟამინდელი კვლევის ავტორები. თანამედროვე წარმოდგენებით, თითოეული გალაქტიკა ბნელი მატერიის გიგანტურ გროვაშია ჩაფლული, ჰიპოთეტურ სუბსტანციაში, რომელიც ჩვეულებრივ მატერიაზე გაცილებით მასიურია (სამყაროს მასის 25%) და თავს მხოლოდ გრავიტაციით ავლენს (ბნელი მატერია სამყაროს ”ბავშვობის დროინდელ” ფოტოზე).

 ირმის ნახტომის თანამგზავრების შესწავლა, მეცნიერებს, ბნელი მატერიის ჰალოებსა და გალაქტიკის ფორმირებას შორის კავშირის გამოვლენაში ეხმარება (ილუსტრაცია).

 როგორც ასტროფიზიკოსებმა განმარტეს, ბნელი მატერიის ამ „ინდივიდუალური“ გალაქტიკური ჰალოს გარდა, არსებობს ასევე საერთო, მასშტაბური ჰალო, რომელიც მოიცავს გალაქტიკების მთელ ჯგუფებს, მათ შორის, ადგილობრივ ჯგუფსაც. ზოგადად ითვლებოდა, რომ ეს ჰალოც სფეროსებრი ან სულ მცირე მეტ-ნაკლებად მრგვალი იყო. მაგრამ ზუსტად ამის გამო, ირმის ნახტომთან და ანდრომედასთან ასე ახლოს მდებარე გალაქტიკები ვერ შეძლებდნენ მათ „იგნორირებას“.

 ამიტომ, მეცნიერებმა გალაქტიკათშორისი ბნელი მატერიის სხვა შესაძლო განაწილების მოდელირება სცადეს და საკმაოდ მოულოდნელი რამ აღმოაჩინეს: ახლომდებარე გალაქტიკების ქცევის საუკეთესო ახსნა არის მოდელი, რომელშიც ლოკალური ჯგუფის ჰალო არა სფერო, არამედ ბრტყელი წარმონაქმნია (პირველი სურათი).

 ასეთ გეომეტრიაში გრავიტაცია განსხვავებულად მოქმედებს: გალაქტიკები, რომლებიც „გულგრილები“ ​​არიან თავიანთი მასიური მეზობლების მიმართ, განლაგებულია ზონაში, სადაც ისინი მიზიდულობის დიდი ცენტრებისგან უფრო თავისუფლები არიან და მშვიდად „მიცურავენ“ ბნელი მატერიის გიგანტური, უხილავი „მდინარის“ გასწვრივ (გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა; ბნელი მატერია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.