მაგნიტარები, ექსტრემალურად ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავებია, ინდუქციით 1011 ტესლა, დედამიწის მაგნიტურ ველზე კვადრილიონჯერ ძლიერი. ითვლება, რომ მძლავრი მაგნიტური ველის წყარო ის დენია, რომელიც ნეიტრონული ვარსკვლავის ფორმირების საწყის პერიოდში მის წიაღში მიედინებოდა. ველის ენერგია გამოსხივებაზე იხარჯება, ძირითადად, რენტგენის დიაპაზონში და რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ასეთ მნიშვნეობას, რაც დროის კოსმოსური მასშტაბებით თვალის ერთი დახამხამებაა.
მშვილდოსნის თანავარსკვლედში მდებარე მაგნიტარი XTE J1810−197, რადიო დიაპაზონში ინიცირებული ანთებით, 2004 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერთა აზრით, ეს ვარსკვლავი ახლახანს იქცა ნეიტრონულად და მისი პირველი ძახილი გავიგონეთ (ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება). მისი ბრუნვის პერიოდი 5,54 წამია, რაც ნეიტრონული ვარსკვლავის პირობაზე ძალიან ცოტაა. დღეისათვის ცნობილი ოცზე ცოტა მეტი რაოდენობის მაგნიტარისგან, XTE J1810−197 მძლავრი რადიო გამოსხივებით გამოირჩევა. მისგან წამოსული სიგნალები 2008 წლამდე შეიმჩნეოდა, შემდეგ კი გაქრა.
XTE J1810−197-ის რადიო აქტივაციის მოლოდინში, მანჩესტერის უნივერსიტეტის ასტრონომებმა, ამ მაგნიტარზე დაკვირვება 2009 წლიდან დაიწყეს, ჯოდრელ ბენქის ობსერვატორიის, ლოველის სახელობის რადიო ტელესკოპით. 2018 წლის 8 დეკემბერს, იმპულსური რადიო სიგნალი იქნა აღმოჩენილი, რითაც ამ ობიექტის რადიო მდუმარება დაირღვა.
კვლევით დადგინდა, რომ XTE J1810−197-ის გამომუშავებული იმპულსების ფორმა, მისი აღმოჩენის დღიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეიცვალა. მაგნიტარის იმპულსის პროფილში 50 მილიწამიანი რხევებიც იქნა გამოვლენილი, რომლებიც მისი მეორედ აღმოჩენის პირველი 10 დღე ფიქსირდებოდა. ამ რხევების სიხშირე 20 ჰერცია და სხვადასხვა რადიოდიაპაზონში, სხვადასხვა რადიო ტელესკოპებით დაიმზირება. კვლევის ავტორთა აზრით, ეს რხევები, მაგნიტარის ქერქში ინიცირებულ, ზედაპირზე გავრცელებად ტალღებს შეიძლება უკავშირდებოდეს. ობიექტის ათწლიანი მდუმარების მიზეზი უცნობია (კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები).