ყოველთვის, როცა სამყაროს მოწყობის შესახებ თეორიის განვითარებისას, შემოწმებული მონაცემების უკმარისობას აწყდებიან, მეცნიერები, პრობლემის გადაწყვეტას აზრების ლოგიკურად დალაგებით ცდილობენ. თუ რომელიმე იდეა არა ერთხელ იქნება წარმოდგენილი და დამაჯერებლად ჟღერს, მას ”პრინციპის” რანგში აიყვანენ ხოლმე – ჰიპოთეტური დასკვნა, რომელიც არ არის დამტკიცებული, თუმცა, არსებობს მისი დამადასტურებელი ბევრი ფაქტი. ამის ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაციაა საკითხი სიცოცხლის არსებობის შესახებ დედამიწის ფარგლებს გარეთ. ამ მიმართულებით, მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს (ჯერჯერობით) შესწავლილი – ჩვენი დედამიწა. სიცოცხლეც მხოლოდ მიწიერი ვიცით, ცილოვანი, ნახშირბადის საფუძველზე. ძალიან ძნელია, რბილად რომ ვთქვათ, გავაკეთოთ შორს მიმავალი დასკვნები, როცა სამყაროში სიცოცხლის არსებობის მხოლოდ ერთადერთი ფაქტია ცნობილი. სწორედ ასეთ სიტუაციაში იწყებს მოქმედებას კოპერნიკის პრინციპი.
დღეისათვის, ამ პრინციპს სხვადასხვა ფორმულირება გააჩნია, თუმცა, მთლიანობაში ის ერთ აზრამდე დადის, დედამიწა უნიკალური არაა, სამყაროში უნდა იყოს (არის) უამრავი დედამიწის ანალოგიური, პლანეტური სისტემა სიცოცხლისათვის შესაფერისი გარემოთი, შესაბამისად, ვერაფერი შეუშლის ხელს სიცოცხლისა და აზროვნების დედამიწის სცენარით განვითარებას სამყაროს სხვადასხვა კუთხეებში. ამ პრინციპს, ზოგჯერ, გაშუალედების პრინციპსაც უწოდებენ. ის დაფუძნებულია კაცობრიობის მიერ თავისი არსებობის მანძილზე დაგროვილ ცოდნაზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვამტკიცოთ – ბუნების კანონები უნივერსალურია და ყველგან ერთნაირად მოქმედებს, ესეიგი არსებობს არა ნულოვანი ალბათობა იმისა, რომ მზისა და მიწის გარდა სამყაროში არსებობს სხვა სისტემები მსგავსი პირობებით, სადაც აუცილებლად ჩაისახებოდა სიცოცხლე.
ამ პრინციპის მიმართ კეთილგანწყობა მეცნიერებს ისტორიულად ჩამოუყალიბდათ. სწორედ კოპერნიკმა, ბოლოს და ბოლოს, წამოაყენა თამამი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი არაა, როგორც ოდითგანვე ითვლებოდა, არამედ მზის გარშემო ბრუნავს, რაც მაშინდელი დროის ყოველგვარ ფილოსუფიურ და რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო იმ ცრურწმენის გასაქარწყლებლი პირველი ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც, დედამიწა ათასწლეულების მანძილზე სამყაროს უნიკალურ წერტილად ითვლებოდა. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ არც მზეა სამყაროს ცენტრი და არც ის გალაქტიკა, რომელშიც მზის სისტემა მდებარეობს. გაირკვა ისიც, რომ ადამიანი უდაბლესი ბიოლოგიური ფორმების ევოლუციით გაჩნდა. დროთა განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ, ადამიანი სულ უფრო სცილდებოდა აზრს, თითქოს მას განსაკუთრებული ადგილი ეკავა სამყაროს მოწყობაში. ყოველივე ეს იყო კოპერნიკის პრინციპის მართებულობის კიდევ ერთი საუკეთესო ილუსტრაცია. არც არის გასაკვირი, რომ კოპერნიკის პრინციპმა არა თუ დაკარგა თავისი აქტუალობა, არამედ არც არავინ ცდილობს მის უარყოფას. უფრო მეტიც, მან თავისი ლოგიკური დასასრული მეოცე საუკუნეში ფორმულირებულ კოსმოლუგიურ პრინციპში ნახა, რომელიც ამტკიცებს, რომ დღევანდელი დღისთვის დაგროვებული ცოდნა სშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სამყარო ყველა სივრცული მიმართულებებით ერთგვაროვანია.
ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ დედამიწა, არ განსხვავდება რა თავისი უნიკალური ადგილსამყოფელით სამყაროს დანარჩენი ნაწილებისგან, მაინც უნიკალური მატერიალური წარმონაქმნია. უკიდურეს შემთხვევაში, ამტკიცებენ ისინი, ჩვენ არ ვიცით არაფერი უცხოპლანეტელების შესახებ, მიუხედავათ არსებული ალბათობისა. მზის სისტემის საზღვრებში კი სიცოცხლის არანაირი ფრომა (ჯერჯერობით) არ არის აღმოჩენილი. იმასაც ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენა უნიკალური მოვლენებით იყო გამოწვეული – მასიური ობიექტის მდებარეობა თითქმის წრიულ, ახლო ორბიტაზე (მთვარე). ამ იდეის მომხრეები მტკიცებულებად ფერმის პარადოქსსაც იყენებენ (თუ დრეიკის ფორმულა სწორია, მაშინ რატომ არ ჩანან უხოპლანეტელები (ანომალური მმოვლენები) ან მათ მიერ გამოგზავნილი სიგნალები?).
დღევანდელი დღისთვის, მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილი კოპერნიკის პრინციპისკენ იხრება, რადგან დამაჯერებელ კონტრარგუმენტებს ვერ ხედავს. მართებულია თუ არა, რა თქმა უნდა, მომავალი კვლევები გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი ამ პრინციპის მიღება ან უარყოფა, გემოვნების საკითხი უფროა, ვიდრე მეცნიერული კამათისა.