წიგნი, რომელიც 1698 წელს გამოქვეყნდა, ანტიკური ლიტერატურის ენთუზიასტმა, პუბლიკაციების სპეციალისტმა, ჯიმ სპენსერმა აღმოაჩინა, ინგლისის ქალაქ გლოსტერშირში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე. წიგნის ავტორი თავად სახელგანთქმული ასტრონომი და ფიზიკოსი, ქრისტიან ჰიუგენსია, სადაც ის თავისი ეპოქისთვის გასაოცარ საკითხს – უცხოპლანეტურ სიცოცხლეს განიხილავს. ჯიმ სპენსერი ამბობს, რომ შინაარსი ”თითქმის კომიკურია”.
წიგნს გრძელი სათაური აქვს: ”აღმოჩენილია ციური სამყაროები, ანუ მსჯელობა მათ დასახლებულობაზე, პლანეტების სამყაროთა მცენარეები და სხვა მახასიათებლები.” ჰიუგენსი კითხულობს, თუ რაში სჭირდებოდა სამყაროს შემოქმედს ამდენი პლანეტა მხოლოდ იმისთვის, რომ ღამ-ღამობით დედამიწიდან ზოგჯერ დაკვირვებოდნენ.
თითქმის 325 წლის წიგნის ავტორი დარწმუნებულია, რომ არსებობს უცხოპლანეტური სიცოცხლე. წარწერა ყდაზე – ”ციური სამყაროები”.მსჯელობის შედეგად ავტორი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უცხოპლანეტელებს, ადამიანების მსგავსად, ხელები და ფეხები აქვთ, რადგან ეს ”გამოსადეგია”. – ”რა შეიძლება გამოვიგონოთ ან წარმოვიდგინოთ, ადამიანის ხელების აგებულებაზე მეტად გამოსადეგი და ათას საქმიანობას მორგებული? სპილოს ხორთუმი?” – კითხულობს ავტორი. ის ასევე ვარაუდობს, რომ ”ციურ არსებებს” ფეხებიც უნდა ჰქონდეთ, ”თუკი, ცხადია, სამყაროები, სადაც ისინი ცხოვრობენ, მათ ფრენის ხელოვნების შესწავლას არ ავალდებულებს”. (სტილი დაცულია).
ჰიუგენსს მიაჩნია, რომ უცხოპლანეტელებიც გატაცებული არიან ასტრონომიით და დაკვირვებით, მოგზაურობენ გემებით სამყაროს გარშემო (!), უსმენენ მუსიკას, მაგრამ, ჩვენს მსგავსად, უმკლავდებიან სირთულეებს, ომის გაჭირვებას და სიღარიბეს, ”რადგან ყოველივე ეს წაახალისებს გამოგონებებს და განაპირობებს პროგრესს”.
ჰიუგენსის ანტიკური წიგნის საწყისი ფასი £3,000 შეადგენს, და აუქციონზე გასატანად 2022 წლის ივლისიდანაა მზად. – ”წარმოიდგინეთ, რა შეგრძნებაა, 1698 წელს დაბეჭდილი წიგნის გვერდებს რომ გადაფურცლავ და სატურნზე და იუპიტერზე სავარაუდოდ მცხოვრები უცხოპლანეტელების აღწერას გაეცნობი” – ამბობს სპენსერი. – ”ცხადია, ჩვენი თვალთახედვით კომიკურია, მაგრამ მხოლოდ იმ დროისთვის ცნობილი სამეცნიერო ფაქტების მოშველიებით, რა უნდა იყოს? ვინ იცის, 324 წლის შემდეგ, როგორ შეაფასებენ ჩვენს დღევანდელ სამეცნიერო ნაშრომებს”.
სპენსერი აღნიშნავს, რომ წიგნი ”ცნობისმოყვარეობას აღგიძრავთ”, რადგან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებივით იკითხება. – ”ავტორი წარსულიდან გვესაუბრება, მაგრამ მკითხველი უცებ გაიაზრებს, რომ მას შემდეგ, კოსმოსზე და ჩვენს საკუთარ პლანეტაზე უზომოდ ბევრი რამ გავიგეთ”.
მაგალითად, ჰიუგენსს შეუძლებლად მიაჩნია გიგანტურ პლანეტებზე გიგანტური უცხოპლანეტელების არსებობა, და ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჰიუგენსის დროს დინოზავრებზე არაფერი იცოდნენ. სამაგიეროდ, ავტორი ეყრდნობა ყველა იმ სამეცნიერო მონაცემს, რაც იმ დროისთვის არსებობდა. – ”და რით განსხვავდება ის ჩვენგან, თანამედროვე ადამიანებისგან, რომლებიც ზუსტად ჰიუგენსივით შევჩერებივართ კოსმოსის სიღრმეებს და ვმსჯელობთ, ვართ თუ არა მარტო” (უინსთონ ჩერჩილი არამიწიერი სიცოცხლის შესახებ; ვატიკანის წარმომადგენელი ”მეორე დედამიწის” აღმოჩენაზე საუბრობს).
წყარო: wwbbc.com; იხილეთ ასევე: publicdomainreview.org.