იტოკავას თავისი არაერთგვაროვნება აბრუნებს

განახლდა: 01/07/2026

 …და ეს კი იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების ალბათობა არაზუსტადაა შეფასებული (ESO).

 რამდენიმე წლის განმავლობაში, დედამიწის ზედაპირზე არსებული ტელესკოპების გამოყენებით, კენტის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარებმა, სტეფან ლოურის ხელმძღვანელობით, დედამიწის ახლოს მოძრავი ასტეროიდის — იტოკავას — ბრუნვის სიჩქარეში ცვლილებები დააფიქსირეს, რის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ მას ძალიან უჩვეულო შიდა სტრუქტურა აქვს.

 წლების განმავლობაში, ასტეროიდის ხილული ელვარების რეგისტრაციით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი ბრუნვის სიჩქარე დროის შედარებით მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად იცვლებოდა. თეორიულად, ეს იარკოვსკის ეფექტით შეიძლება აიხსნას: მზის გამოსხივების ენერგია სხეულის ზედაპირზე არათანაბრად ნაწილდება, რის გამოც უსწორმასწორო ფორმის ასტეროიდის ზედაპირზე არაერთგვაროვნად განაწილებული სითბო გაწევის ძალას წარმოქმნის, რაც, მთლიანობაში, ასტეროიდის მოძრაობის ტრექტორიასა და მისი ბრუნვის სიჩქარეზე ზემოქმედებს.

 ლოურის ჯგუფმა იარკოვსკის ეფექტის ზემოქმედების რაოდენობრივი მაჩვენებელი განსაზღვრა და დაადგინა, რომ ასტეროიდის ბრუნვის სიჩქარე ყოველწლიურად 0,045 წამით მცირდება. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს მიზერული რიცხვია, პრაქტიკაში კი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ამ კვლევის ჩატარებამდე ითვლებოდა.

  ამის ასახნელად მხოლოდ ერთი ვარიანტი გამოდგება: იტოკავას ორ ნაწილს განსხვავებული სიმკვრივეები აქვს. ანუ, ჩვენს წინაშეა ასტეროიდის არაერთგვაროვანი შინაგანი სტრუქტურის პირველი დადასტურებული ფაქტი. წინასწარი შეფასებებით, ამ სხეულის ერთი ნაწილის სიმკვრივე 1,75 გ/სმ3, მეორესი – 2,85 გ/სმ3.

teleskopi axali teqnologiebi დაკვირვებებში უმნიშვნელოვანესი როლი „ახალი ტექნოლოგიების ტელესკოპმა“ ითამშა, რომელიც 2001-2013 წლებში სხვა ობიექტებთან ერთად, იტოკავასაც უთვალთვალებდა.

 ფენომენის სარწმუნო ახსნად, იტოკავას წარმოშობა ორი მეზობელი ასტეროიდის შერწყმას უნდა უკავშირდებოდეს. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ საქმე გვაქვს საერთო მექანიზმთან, რომელსაც უამრავი არაერთგვაროვანი სტრუქტურის მქონე ობიექტის წარმოქმნა შეუძლია.

 კვლევას არა მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა აქვს: თუ მთელი რიგი „შედგენილი“ ასტეროიდებისთვის იარკოვსკის ეფექტი უფრო ძლიერია, ვიდრე გვეგონა, მაშინ დედამიწის ახლოს მოძრავი ასტეროიდების ტრაექტორიებზე მისი ზემოქმედებაც გაცილებით მაღალი იქნება. ანუ, პოტენციური საფრთხის მატარებელი ასტეროიდების აქამდე გამოთვლილი ტრაექტორიების პარამეტრები არაზუსტია და სერიოზულ კორექტირებას საჭიროებს, რაც ლოურის მეთოდის გამოყენებით არის შესაძლებელი.

 რატომ არის ამ ასტეროიდის ზედაპირის ზოგიერთი ნაწილი ასეთი გლუვი? შესაძლოა, ეს დაკავშირებულია ასტეროიდის დინამიკასთან, რომელიც წარმოადგენს არა მყარ კლდოვან სხეულს, არამედ ქვების ფხვიერ გროვას. ამ უჩვეულო ასტეროიდს 2005 წელს ეწვია იაპონური კოსმოსური აპარატი „ჰაიაბუსა“, რომელმაც შეისწავლა მისი უცნაური სტრუქტურა და კრატერების არარსებობის მიზეზი. იტოკავას გლუვ და არასწორ ზედაპირებს შორის საზღვრის ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ასტეროიდის შერყევამ შესაძლოა ზედაპირთან ახლოს ქვების ზომის მიხედვით დაჯგუფება გამოიწვიოს, რაც „ბრაზილიური თხილის ეფექტის“ მსგავსია. 2005 წლის ბოლოს „ჰაიაბუსამ“ დაჯდომა განახორციელა ერთ-ერთ გლუვ უბანზე, რომელსაც „მუზების ზღვა“ უწოდეს და ნიადაგის ნიმუშები შეაგროვა. ეს ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანეს; ისინი გვეხმარება ამ უჩვეულო ასტეროიდის უძველესი ისტორიის შესწავლაში და ასევე გვაწვდის ინფორმაციას ჩვენი მზის სისტემის ფორმირების ადრეული პერიოდის შესახებ. კომპიუტერული გამოთვლები აჩვენებს, რომ 500-მეტრიანი ასტეროიდი იტოკავა შესაძლოა დედამიწას შეეჯახოს მომდევნო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში (დედამიწელები ასტეროიდებს ესვრიან…; მისია ”ჰაიაბუსა”; საშიშროება კოსმოსიდან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.