ე.წ. ფერმის ბუშტები, გიგანტური სტრუქტურები, რომლებიც ჩვენი გალაქტიკის სიბრტყის ორივე მხარეს დაიმზირება, ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელიდან 3,5 მილიონი წლის წინათ ამოფრქვეული ენერგიული ნაკადების კვალია (physics.usyd.edu.au).
რა არის სეიფერტის ანთება?
დამზერადი სპირალური გალაქტიკების 1%-ს უკიდურესად აქტიური და დიდი მასის ბირთვი აქვს. დროდადრო ასეთი ბირთვი უამრავი რაოდენობით გაზს მაღალი სიჩქარით აფრქვევს კოსმოსურ სივრცეში. ამოფრქვევას თან ახლავს ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის ელვარების მკვეთრი მატება, რასაც სეიფერტისეულ ანთებას, ხოლო თვითონ გალაქტიკს – სეიფერტის გალაქტიკას უწოდებენ (კარლ კინან სეიფერტი, აშ.შ. ასტრონომი, 49 წლის ასაკში ავტოავარიაში გარდაიცვალა).
ბოლოდროინდელ კვლევაში, ავსტრალიელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა, სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯოს ბლენდ-ჰითორნის ხელმძღვანელობით დაადგინეს, რომ 3,5 მილიონი წლის წინათ, ირმის ნახტომის ცენტრში მომხდარი ანთება იმდენად მძლავრი იყო, რომ ე.წ. მაგელანის ნაკადზეც იმოქმედა, რაც მეზობელ ჯუჯა გალაქტიკებამდე, მაგელანის დიდ და პატარა ღრუბლებამდე გავრცელებულ გაზის ნაკადს წარმოადგენს (მაგელანის ნაკადის ორმაგი ბუნება).
სპეციალისტთა თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მას მხოლოდ ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელი თუ გამოიწვევდა, რომელიც მშვილდოსანი A*-ს სახელით არის ცნობილი. მისი მასა 4,2 მილიონჯერ აჭარბებს მზისას.
სინათლის სხივი სიბნელეში
ენერგიის ამონაფრქვევი პირდაპირ გალაქტიკის ცენტრიდან ამოდიოდა. ეს გვიჩვენებს, რომ ირმის ნახტომის ცენტრი გაცილებით დინამიური ადგილია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. უფრო მეტიც, დროის გალაქტიკური მასშტაბებით, აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. და მართლაც, ჩვენს პლანეტაზე 3,5 მილიონი წლის წინ, ავსტრალოპითეკები უკვე მთელს აფრიკაში ბინადრობდნენ.
კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ის ფაქტი, რომ მეცნიერებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაიგონ ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის შესახებ. ის, თუ როგორ ვითარდება შავი ხვრელები, რა გავლენას ახდენენ გალაქტიკებზე და მათ ევოლუციაზე, თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა (10 რამ, რაც შავ ხვრელს შეუძლია).