ზეახლის ეს ტიპი მხოლოდ თეორიულად არსებობდა

 ახალი ტიპის აფეთქების წყარო, რომელიც დამზერით მიღებული მონაცემების მასივში აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, ე.წ. ზეასიმპტომური გიგანტური ვარსკვლავების შტოს (super-asymptotic giant branch stars) წარმომადგენელი უნდა იყოს. აფეთქების ტიპი ელექტრონების ჩაჭერით, უკანასკნელი ოთხი ათეული წლის განმავლობაში, მხოლოდ ვარაუდის სახით არსებობდა.

 თანამედროვე წარმოდგენებით, არსებობს ზეახლად აფეთქების ორი ტიპი. აფეთქება ორმაგი ვარსკვლავური სისტემის თეთრ ჯუჯა ვარსკვლავზე (Ia), რომელიც კომპანიონ ჩვეულებრივ ვარსკვლავს გარე ფენების გაზს ართმევდა და კრიტიკულ მასამდე დამძიმდა.

 ყველაზე გავრცელბულია მეორე ტიპი (II): მასიური ვარსკვლავის კოლაფსი (შეკუმშვა), რომელმაც თერმობირთვული საწვავის მარაგი ამოწურა, ცენტრში რკინის ბირთვი გაუჩნდა, რომელშიც თერმობირთვული რეაქცია ვეღარ მიდის, გარე ფენების დაწოლას კი აღარაფერი ეწინააღმდეგება. ვარსკვლავის სწრაფად ვარდნილი გარე გარსები ასეთ ბირთვში ვერ ჩაიპრესება და უკან გამოიტყორცნება, როგორც ბურთი ახტება ხოლმე მყარი ზედაპირიდან. წარმოქმნილი ტალღა, უკან სვლის დროს, თერმობირთვული რეაქციების ინიცირებას იწვევს, ამ დროს გამოყოფილი ენერგია სრულიად საკმარისია ხსენებული გარსის მაღალი სიჩქარით მოშორებისათვის. ტალღას დამატებითი ენერგიით ცენტრალური რეგიონებიდან გამოსხივებული ნეიტრინოები ამარაგებს. ითვლება, რომ II ტიპის ზეახლად ფეთქდება ვარსკვლავი, რომლის საწყისი მასა 8-10 მზის მასაზე მეტი იყო. აფეთქების ადგილზე ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი რჩება, ამ ობიექტების გარშემო კი, გარკვეული დროით, ვარსკვლავის ნარჩენი გაფართოებადი ნისლეულის სახით.

 “ელექტრონული” ზეახალი კი არის მოვლენა, რომელიც სადღაც საზღვარზეა ზემოთ აღწერილ ორ მთავარ ტიპს შორის. ის მაშინ ხდება, როცა ვარსკვლავის წიაღში თერმობირთვული რეაქციები პრაქტიკულად შეჩერებულია, ბირთვი კი ჟანგბადის, ნეონისა და მაგნიუმისგან შედგება, რკინის ბირთვის გაჩენამდე მისასვლელად ვარსკვლავს მასა არ ყოფნის. ასეთი სიმკვრივის მატერიაში, ელქტრონები ბირთვში პროტონების მიერ ჩაიჭრება, პროტონები ამით ნეიტრონებად გარდაიქმნება ელექტრონული ნეიტრინოების გამოსხივებით (ბირთვის დაშლის ტიპი). ატომის გარსებში ელექტრონები აღარ არის და მათი ზომა მცირდება, ანუ მატერია კიდევ უფრო იკუმშება და მკვრივდება, სწორედ ასეთ ბირთვზე ხდება შემდეგ ზეახლის აფეთქება.

 მეცნიერთა თქმით, “ელექტრონული” ზეახლები ძალიან იშვიათია, რადგან ასეთი აფეთქება შეიძლება დაემართოს ვარსკვლავს, რომლის მასა საკმაოდ ვიწრო დიაპაზონშია მოქცეული. ცოტა მეტი მასის შემთხვევაში, ბირთვის ძირითადი შემადგენელი ელემენტები კიდევ უფრო მძიმე ელემენტებად გარდაიქმნებოდა და ვარსკვლავის სასიცოცხო ციკლი გარკვეული დროით გახანრგძილვდეობა. ცოტა ნაკლები მასის ვარსკვლავების გრავიტაცია კი საერთოდ ვერ გამოიწვევდა კოლაფსს (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

 პირველი “ელექტრონული” ზეახალი, რომელიც მეცნიერთა თვალსაწიერში მოხვდა, არის SN 2018zd (გალაქტიკა NGC2146, 31 მლნ.ს.წ.). აფეთქების ზოგიერთი უჩვეულო მახასიათებელი ისტორიაში პირველად იქნა შემჩნეული. 2018zd ზეახლის წინამორბედი იყო ასიმპტოტური გიგანტური შტოს (AGB) კუთვნილი ვარსკვლავი, ანუ მცირე და საშუალო მასის ვარსკვლავების ევოლუციის გვიანი ეტაპი. SAGB–ები ასიმპტომური ტოტის ზედა ზღვარზე არიან და აქვთ გარკვეული სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც მათ სხვა გიგანტებისგან განასხვავებს (ჰერცშპრუნგ-რასელის ვარსკვლავური დიაგრამა). აფეთქებამდე ვარსკვლავმა დიდი მასა დაკარგა, აფეთქება შედარებით სუსტი იყო, გამოყოფილი ენერგიისა და რადიოაქტიურობის სიმცირით, ნეიტრონებით მდიდარი ბირთვით, წარმოქმნილ ნისლეულს კი უჩვეულო ქიმიური შემადგენლობა ჰქონდა.

 შედეგები ასევე ცხადყოფს, რომ კიბორჩხალას ნისლეულის წარმომქმნელი ზეახალიც, რომელიც 1054 წელს აფეთქდა, ელექტრონების ჩაჭერით კოლაფსირებულ ვარსკვლავს მიეკუთვნებოდა (ენერგიული პულსარი კიბორჩხალას ნისლეულშიზეახალი ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.