ექსპერტთა აზრით, კაცობრიობამ გადააბიჯა საზღვარს, რომლის იქეთაც გონიერება, არა მხოლოდ სახეობის გადარჩენის საშაულებაა, არამედ ძლევამოსილ დამოუკიდებელ ფაქტორად არის ქცეული. აშკარაა, რომ დედამიწის პირობებში თავის გადასარჩენად ჰომო საპიენსს, ნეანდერტალელის ტვინი და ცოდნაც ეყოფოდა.
ტექნიკური პროგრესის გზაზე დამდგარ კაცობრიობას, როგორც ჩანს, გაჩერება უკვე აღარ შეუძლია. უკანასკნელ ასწლეულში მომხდარ გარდაქმნებს ”ფეთქებადი ხასიათი” აქვს. ცნობილია, მაგალიათად, რომ საუკუნის განმავლობაში, გადაადგილების საშუალებათა სიჩქარემ ასჯერ მოიმატა, ენერგიის წყაროების სიმძლავრემ – ათასჯერ, ხოლო იარაღისამ – ასი ათასჯერ, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარემ – მილიონჯერ…
კაცობრიობა, ჩვენთვისვე გასაოცარი სიჩქარით ევოლუციონირებს და ცხოვრობს გარემოში, რომელშიც შესამჩნევი ცვლილებები ათასობით, მილიონობით წლების განმავლობაში გროვდება. ცუდი არაფერი იქნებოდა ამაში, რომ არა ბუნებრივი შეზღუდვები (დიდი ფილტრი).
პლანეტა დედამიწა, თავისებური კოსმოსური ხომალდია, სიცოცხლის უზრუნველყოფის ამოწურვადი რესურსებით. დღეს, ვაწარმოებთ და ვიყენებთ ენერგიას, რომელიც საუკეთესო ქვანახშირის – 5 მილიარდი ტონა ანტრაციტის ენერგიის ექვივალენტურია და ეს მაჩვენებელი, ყოველ 20 წელიწადში, სტაბილურად ორმაგდება.
ასეთი ტემპით, 200 წლის მერე, ენერგიის მოთხოვნილება ათასჯერ გაიზრდება. ეს კი დედამიწის სრულ გამოფიტვას ნიშნავს, მის გადაცხელებას, მასზე ჩვენი და სხვა ცოცხალი არსებების გადარჩენის შეუძლებლობას(გამყინვარების ეპოქა შევაჩერეთ…).
ახლოვდება დღე, როცა გარდაუვალი არჩევანის წინაშე დავდგებით: დავიღუპოთ თუ ე.წ. დიდი ნახტომი გავაკეთოთ(big jump) – პლანეტა დავტოვოთ(ელონ მასკი: მზის სისტემის კოლონიზაცია გადაშენებისგან დაგვიცავს). ზუსტად არ ვიცით, რამდენად საშიშია ეს ეტაპი ჩვენი ცივილიზაციისთვის, მით უმეტეს, სხვა ცივილიზაციებისთვის(კოლაფსი ყველა კვალს წაშლის; სეთ შოსტაკის ვრცელი ინტერვიუ).