სამყაროსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს, რომლებზეც პასუხები საკმაოდ ბუნდოვანია, რადგან ბევრი მათგანის პრაქტიკული გამოცდა შეუძლებელია. და მაინც, არსებობს თეორიები, რომლებიც პარადოქსული პრობლემების გადაჭრაში და სამყაროს მოწყობის ახსნაში გვეხმარება.
გრავიტაციული პარადოქსი ანუ ნოიმან-ზელიგერის პარადოქსი
ეს პარადოქსი მე-19 საუკუნეში გაჩნდა და გრავიტაციული ველის თვისებებს ეხება. ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის საფუძველზე, მასების უსასრულო სისტემა ერთ მთლიანობად უნდა „შეიკუმშოს“, რაც არ ხდება. პარადოქსს ეს სახელი გერმანელი მკვლევარების, კ. ნოიმანისა და ჰ. ზეილიგერის, საპატივცემულოდ დაერქვა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მე-19 საუკუნის ბოლოს წააწყდნენ ამ პრობლემას, სამყაროს ობიექტების უსასრულო მასაზე გრავიტაციის კანონის გამოყენებით.

პარადოქსის ამოხსნა ფარდობითობის თეორიის საშუალებით მოხერხდა, რადგან ნიუტონის მუზიდულობის ძალა, ძლიერი და უსასრულო გრავიტაციული ველებისთვის შეუთავსებელია. მიზუდულობის ახალმა თეორიამ, ახალი მეცნიერული მიმართულების, კოსმოლოგიის გაჩენა გამოიწვია, რომელიც სამყაროს მოწყობის რიგ მოდელებს მოიცავს. მათში ეს პარადოქსი არ წარმოიქმნება, რადგან რეალურ არასტაციონარულ და მოძრავ სამყაროში გრავიტაცია, ხშირ შემთხვევაში, ახლოს მდებარე მასებით არის განპირობებული, ხოლო შორეული მასების გრავიტაციული ზემოქმედება შეუდარებლად მცირეა, შესაბამისად, ძალა ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული და სასრულია, გრავიტაციული პარადოქსიც აღარ არსებობს. სივრცე-დროის ცნების შემოღებით, გრავიტაცია აღარ არის ძალა, რომელიც უსასრულოდ შეიძლება ჯამდებოდეს. მასა ამრუდებს სივრცე-დროს, რომელშიც სხეულები მოძრაობენ. ჭიმვად ბადეზე (სივრცე-დრო) დადებული მძიმე ბურთის ანალოგიიდან – ის დანარჩენ სამყაროს არ “ექაჩება”, უბრალოდ არსებობს ამ გეომეტრიაში.
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, სამყარო შეიძლება იყოს უსასრულო, ოღონდ არასტატიკური, მასზე არ ვრცელდება ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის ძალა გლობალურად, აქვს კოსმოლოგიური ჰორიზონტი, ანუ ადგილები, რომლებსაც სამყაროს (გაფართოების გამო) სხვა ნაწილებთან ზემოქმედება ვერ ექნება (ურთიერთქმედებას აქვს ზღვრული სიჩქარე).
ახლა, არასტატიკურ სამყაროს ბევრი, პრაქტიკულად მოპოვებული არგუმენტები აქვს:
წითელი წანაცვლება – სივრცე ფართოვდება, რაც უფრო შორსაა გალაქტიკა, მით უფრო წითლისკენ არის მისი სინათლე წანაცვლებული, რადგან გაფართოებული სივრცე-დრო, გამოსხივების ტალღას ზრდის.
კოსმოსური ფონური გამოსხივება – სამყაროს ჰქონდა ცხელი, მკვრივი წარსული. გაფართოებასთან ერთად, ის გამჭვირვალე გახდა, გამოსხივებამ მასში გავლა შეძლო და კოსმოსური ფონური გამოსხივების სახით, ახლაც მოდის ჩვენთან, თუმცა გადასული რადიოდიაპაზონში, რადგან მაშინდელი პირველი სინათლის ტალღები გაფართოებისვე გამო გაიზარდა.
ელემენტები – პირველად, დიდი აფეთქების მერე გაჩენილ მატერიაში, წყალბადის რაოდენობა 75 პროცენტია, ჰელიუმი 52%, დეითერიუმი ძალიან ცოტა, ლითიუმის კვალი. ეს პროპორციები უნივერსალურია, არ არის დამოკიდებული გალაქტიკების ტიპზე, მდებარეობაზე, ეპოქაზე (უძველეს (ანუ შორეულ) ობიექტებშიც იგივეა). (დიდი აფეთქება, “ჯეიმს ვები” და “პანიკა”).
ენტროპია – კოსმოსში ვხედავთ ვარსკვლავებს, გალაქტიკებს, მსხვილმასშატბიან სტრუქტურებს, მათ გამოსხივებას. პროცესებს, რმლებსაც აქვთ მკაფიო “დროის ისარი” (შეუქცევადი). სამყარო არ არის თერმოდინამიკურ წონასწორობაში. ენტროპია ჯერ კიდევ იზრდება, სამყარო ცივდება.
ფარდობითობის თეორია – სტატიკური სამყარო არასტაბილურია.
გალაქტიკები – კოსმოსის ისტორია – შორეულ გალაქტიკებში, იგივე, ადრეულ გალაქტიკებში, რომლებსაც ტელესკოპებით ვხედავთ, ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები მეტი ინტენსივობით მიმდინარეობს, მათში გაზიც უფრო მეტია, ვიდრე ახლოს მდებარე, ხნიერ გალაქტიკებში.
არგუმენტების (პრაქტიკული) რაოდენობა სტატიკური სამყაროსთვის – 0.
საუკუნეების განმავლობაში ადამიანისთვის ბუნებრივად მიმზიდველი იყო სტატიკური სამყაროს იდეა — მარადიული, უცვლელი კოსმოსი, რომელიც ზუსტად ისე არსებობს, როგორც ჩვენ ვხედავთ. ეს წარმოდგენა არ იყო მხოლოდ ფილოსოფიური კომფორტი; ის ასახავდა იმ ეპოქის ცოდნის საზღვრებსა და დაკვირვებით შესაძლებლობებს.
თანამედროვე კოსმოლოგია გვეუბნება, რომ სამყარო გაცილებით უფრო დინამიკური, ისტორიული და „ცოცხალია“, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. გაფართოება, ელემენტების წარმოშობა, ენტროპიის ზრდა და გალაქტიკების ევოლუცია ერთობლივად მიუთითებს სამყაროზე, რომელსაც აქვს წარსული და განვითარების გზა.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სტატიკური სამყაროს იდეა „შეცდომა“ იყო. პირიქით — ის იყო აუცილებელი საფეხური იმ გზაზე, რომელმაც თანამედროვე სურათამდე მიგვიყვანა. ფიზიკაში ბევრი ფუნდამენტური კითხვა სწორედ სტატიკური სამყაროს ჩარჩოში დასმამ გააჩინა, მათ შორის გრავიტაციის, კოსმოლოგიური სიმეტრიებისა და უსასრულობის პრობლემები. დღეს, დინამიკური სამყაროს მოდელი არა ფილოსოფიური არჩევანის, არამედ დაკვირვებითი აუცილებლობის შედეგია. მაგრამ მეცნიერების ისტორია გვასწავლის, რომ კოსმოლოგიური სურათი არასდროს არის საბოლოო — ის იცვლება მონაცემებთან ერთად. ამ თვალსაზრისით, სტატიკური და არასტატიკური სამყაროს იდეები არ არის მოწინააღმდეგეები, არამედ ერთი დიდი კვლევითი გზის სხვადასხვა ეტაპებია, სადაც თითოეულმა თავისი როლი შეასრულა ადამიანის კოსმოსური თვითშემეცნების განვითარებაში (ვილჰელმ ოლბერსის პარადოქსი).