გახლეჩილი მზის სისტემა…

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ მზის სისტემის პროტოპლანეტური დისკოს განვითარების ადრეულ ეტაპზე, დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინათ, მასში გიგანტური წყვეტილი არსებობდა (science.org).

 უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მეცნიერებმა უჩვეულო განსხვავება დააფიქსირეს დედამიწაზე ჩამოვარდნილი ასტეროიდების ფრაგმენტების შემადგენლობაში, ე.წ. იზოტოპური დიხოტომია: ციურ სხეულებში აღმოჩენილი იზოტოპების გარკვეული კომბინაციები. წამოყენებული იქნა მოსაზრება, რომ ამის მიზეზი, ადრეული მზის სისტემის პროტოპლანეტურ დისკოში გაჩენილი “უფსკრული” შეიძლება იყოს.

 მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ცინჰუას უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ზემგრძნობიარე მაგნიტომეტრების საშუალებით, ხონდრების მაგნიტური ველი გაზომეს. ქვის მეტეორიტთა უმრავლესობა ხონდრიტია. მათ ასე, სფერული ან ელიფსური ფორმის, ძირითადად, სილიკატური შემადგენლობის (სილიციუმის მჟავის მარილები) ჩანართების – ხონდრების გამო უწოდეს. ხონდრების უმეტესობის ზომა 1 მილიმეტრია, ზოგჯერ რამდენიმე მილიმეტრიც. ხონდრები ნამსხვრევ ან წვრილადკრისტალიზებულ მატრიცაშია, რომელიც ხონდრებისგან კრისტალური აღნაგობით უფრო განსხვავდება, ვიდრე ქიმიური შემადგენლობით. ხონდრიტების ქიმიური შემადგენელი პრაქტიკულად მზის იდენტურია, გაზების გამოკლებით, როგორებიცაა წყალბადი და ჰელიუმი. ამიტომ ითვლება, რომ ხონდრიტები უშუალოდ მზის შემომფარგლავი პროტოპლანეტური ღრუბლისგან ჩამოყალიბდა, ნივთიერებათა კონდენსაციითა და აკრეციით, შუალედური გაცხელების თანხლებით (პეტროლოგური გარდაქმნა). შესწავლილი იქნა “არანახშირბადული” და “ნახშირბადული” ხონდრიტები, რომელთა შორის განსვხავება მზიდან მოშორებითა და მასთან ახლოს ფორმირებაშია. გაირკვა, რომ თავდაპირველი მაგნიტური ველის ინდუქცია “ნახშიბადულებში” უფრო ძლიერი იყო – 100 მიკროტესლა, რომლებიც მნათობიდან შორს გაჩნდა, 50 მიკროტესლასთან შედარებით “არანახშირბადულებში” (იგივე, რაც ახლა დედამიწაზე) (ხონდრიტები და ახონდრიტები).

პლანეტური სისტემის მაგნიტური ველის ძალის მაჩვენებელი, მასში მიმავალი აკრეციის სიჩქარეზე მეტყველებს — რა რაოდენობის გაზისა და მტვრის მიზიდვა შეუძლია საკუთარი ცენტრისკენ. გამოდის, რომ მზის სისტემის გარე ნაწილი გაცილებით ძლიერად აკრეცირებდა, ვიდრე შიდა ნაწილი. მოდელირების ჩატარების მერე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამ ორ ნაწილს შორის დიდი წყვეტა არსებობდა, რომელიც მზისკენ მიზიდულ გაზისა და მტვრის რაოდენობას ამცირებდა. “ასეთი წყვეტილები სხვა ვარსკვლავების სისტემებშიც არის შემჩნეული და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს, მზის სისტემაშიც იყო” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი კაუე ბორლინა (ჰიპოთეზა გაზისა და მტვრის დისკოს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.