როგორ მოვიყვანოთ კოსმოსში ბოსტნეული(interestingengineering.com)?
ანტარქტიკის გერმანულ სადგურზე (Neumayer Station III) მეცნიერებმა 3,6 კგ. მწვანე სალათი, 18 კიტრი და 70 ბოლოკი მოიყვანეს.
ეს გემრიელი მოსავალი მოიწიეს სათბურ-ლაბორატორიაში, რომელსაც EDEN-ISS ეწოდება; მეცნიერებმა ყველაფერი ტალახის, დღის შუქის და პესტიციდების გამოყენების გარეშე მოახერხეს – ჰ ი დ რ ო პ ო ნ ი კ ი ს მეშვეობით.
ცენტრის მიზანია გაზარდოს მოსავალი
ნიადაგის ნაცვლად მცენარეების ფესვები მინერალებით გაჯერებულ წყალშია მოთავსებული, ხოლო მზის გამოსხივება დღის განათების ოპტიმიზებული დიოდებითაა ჩანაცვლებული. “თესლები შუა თებერვალში დავთესეთ და ცოტა ხანში უძლიერესი ანტარქტიკული შტორმი დაგვატყდა თავს. მთელი წლის განმავლობაში მცირე ტექნიკური პრობლემების შემოტევებს ვუმკლავდებოდით. საბედნიეროდ, ყველაფერი დროულად მოვაგვარეთ” – ამბობს პოლ ზაბერი, პროექტის ერთ-ერთი ინჟინერი.
”ანტარქტიკული კოსმოსური სალათი” DLR – გერმანიის აერო-კოსმოსური სააგენტოს სამეცნიერო პროექტია. სამეცნიერო ცენტრი აპირებს მოსავლის რაოდენობა გაზარდოს, რომ კვირაში 4-5 კგ. სხვადასხვა სახის ბოსტნეული მოიწიონ.
“მე პროფესიით ინჟინერი ვარ, ასე რომ მცენარეთა მოთხოვნილებების შესწავლა მომიწია; ჩვენი მიზანი ხომ მათი გახარება და კეთილდღეობაა. ახლა კი კოსმოსის მკაცრ პირობებში მოსავლის მოყვანის შესანიშნავი საშუალებები შევიმუშავეთ” – ამბობს ზაბელი.
მარსის საკაცობრიო მისიის ბოსტნეული
მცირემასშტაბიანი ჰიდროპონული ფერმერობით მეცნიერები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც (ISS) არიან დაკავებული. 2015 წელს ასტრონავტმა სკოტ კელიმ სადგურზე რამდენიმე სხვადასხვა ჯიშის სალათა მოიყვანა.
ანტარქტიკის ანალოგიური პროექტის ფარგლებში კი არა მარტო სალათა, არამედ ბოლოკი, პომიდორი, კიტრი და მწვანილიც კი მოჰყავთ. ასეთ მკაცრ პირობებში მოსავლის მოყვანის სწავლა აუცილებელია, რომ მომავალში მარსის დასახლებულ სადგურზე საკვების უწყვეტი წყარო გვქონდეს: ”რაც უფრო შორს ვიქნებით დედამიწიდან, მით უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მცენარეების გაზრდას; მათ ხომ ჩვენი კვება, ატმოსფეროს ვენტილაცია და ფსიქოლოგიური კომფორტი უნდა უზრუნველყონ. ჩემი აზრით, მცენარეული სისტემების გამოყენებას ალტერნატივა არ გააჩნია, განსაკუთრებით – დედამიწის გარეთ ხანგრძლივი მისიების შემთხვევაში ” – ამბობს NASA-ს მეცნიერი ჯიოია მასსა.
დღის შუქის დიოდები მცენარეების ზრდისთვის მნიშვნელოვანია
როგორც ანტარქტიკის, ასევე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, მცენარეების გასაზრდელად დღის შუქის იმიტაციის დიოდური ნათურების სხვადასხვა კომბინაციები გამოიყენებოდა. წითელი და ლურჯი სინათლის შერევით მოვარდისფრო განათება მიიღება, რაც ეფექტური ფოტოსინტეზის წარმართვას უზრუნველყოფს. “ხილული განათების სპექტრის წითელი და ლურჯი უბანი უმნიშვნელოვანესია, თუ გვინდა, რომ მცენარეების ზრდის ინტესივობა მაქსიმალურად მაღალი იყოს. ელექტროენერგიის დასაზოგად ამ ნათურების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა. რაც შეეხება მწვანე ფერის განათებას, ის ფოტოსინთეზში არ მონაწილეობს, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ უაღრესად დადებითად მოქმედებს ადამიანის მხედველობასა და ფსიქიკაზე ” – აცხადებს რეი უილერი, NASA-ს კვლევითი ტექნოლოგიური პროგრამების ხელმძღვანელი.
მცენარეების მოყვანის ჰიდროპონიკული და დღის განათების მეთოდი, მხოლოდ მარსის საკაცობრიო მისიებისთვის არ გამოიყენება – მსგავსი სისტემა, სახელად ”Square Roots” სასოფლო-სამეურნეო პროექტია, რომლის ფარგლებშიც ურბანული(ქალაქის) მოსახლეობისთვის ახალი, ადგილზე მოყვანილი ხილ-ბოსტნეულის მოსავლის დანერგვა და პოპულარიზაციაა დაგეგმილი.