“ჰაბლმა” ეგზომთვარე აღმოაჩინა?!

 ”ჰაბლით” ჩატარებული დაკვირვებები ნეპტუნის ზომის ”მთვარის” არსებობაზე მიუთითებს, რომელიც დედამიწიდან 8000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე გაზის გიგანტის გარშემო უნდა მოძრაობდეს. ამის შესახებ მეცნიერებმა 3 ოქტომბერს Science Advances-ში განაცხადეს. თუ ეს ობიექტი მართლაც არსებობს, პლანეტათა თანამგზავრების ფორმირების შესახებ თეორიებიც გადასახედი გახდება.

 2017 წლის 28-29 ოქტომბერს, ასტრონომები, დევიდ კიპინგი და ალექს ტიჩი, კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, ვარსკვლავ Kepler 1625-ს ”ჰაბლით” 40 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ. უკვე ცნობილი იყო, რომ ამ ვარსკვლავის გარშემო იუპიტერის ზომის გაზის გიგანტი მოძრაობს, 287 დღიანი პერიოდით. სახელიდან გამომდინარე, პლანეტა პირველად ”კეპლერმა” აღმოაჩინა – ერთნაირი პერიოდის ჩაბნელებებით, რასაც ეგზოპლანეტის გავლა იწვევს ვარსკვლავის წინ(ე.წ. ტრანზიტი).

 პირველი ეგზომთვარე

 ტიჩმა და კიპინგმა ”კეპლერისეულ” ჩაბნელებებში დაინახეს მეორე ჩაბნელებაც, რომელიც მთვარის გავლამდე და მერე დაიმზირებოდა, რაც მოსალოდნელიც უნდა იყოს, თუ ეგზოპლანეტასთან ახლოს ეგზომთვარეც არის. მას Kepler 1625 b i უწოდეს, ან მოკლედ – ”ნეპტომთვარე”. და მაინც, მეცნიერებს უფრო მეტი დაკვირვებების ჩატარება მოუწევთ, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს მართლაც მთვარეა და არა სხვა პლანეტა ან თვითონ ვარსკვლავის აქტიურობა.

 ”ჰაბლმა”, რომლის მგრძნობელობა ”კეპლერისაზე” 3,8-ჯერ მეტია, სინათლის მეორადი შემცირებები შეამჩნია, ეგზოპლანეტის ყოველი გავლის მერე თავისი ვარსკვლავის წინ. პლანეტის 9 საათიანი ტრანზიტი მოსალოდნელზე 77,8 წუთით ადრე დაიწყო, რაც მასზე გრავიტაციული ზეგავლენის მიზეზით უნდა ხდებოდეს.

 ეს ორი ფაქტი ეგზომთვარის არსებობის სასარგებლოდ მეტყველებს. ”შამპანურის გახსნას ჯერ არ ვაპირებთ, ალბათ, 2019 წლის მაისში, თუ შემდგომმა დაკვირვებებმა ეს აღმოჩენა დაადასტურა” – ამბობს ტიჩი(”ჰაბლი” – ოცდარვა წელი ორბიტაზე !!!; შორეული მთვარეა თუ მკრთალი ვარსკვლავი? ; სიცოცხლისათვის თავსებადი ეგზომთვარეები; ეგზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *