ჩინურმა მარსმავალმა ”ჟურონგი” (Zhurong) მარსის ზედაპირის ახალი მონაკვეთები გამოიკვლია

 ჩინური მარსმავალი ”Zhurong” მარსის ზედაპირის ნესტიან და ქარიან მონაკვეთზე დაეშვა. მეცნიერებმა უკვე მიიღეს მარსმავლის მიერ ჩატარებული პირველი ანალიზების შედეგები. როგორც ჩანს, ადგილმდებარეობა სწორად იყო შერჩეული – კვლევა გრძელდება.

 ჩინური მარსმავალი ”Zhurong” წითელი პლანეტის ზედაპირზე 9 თვის წინ – 2021 წლის 14 მაისს დაეშვა. ის ისეთი პოპულარული არ არის, როგორც ამერიკული ”Curiosity” და  ”Perseverance”, მაგრამ  მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული საინტერესო აღმოჩენები უკვე სათანადო ყურადღებას იქცევს. 2022 წლის 7 მარტს ჟურნალში ”Nature Geoscience” ახალი ნაშრომი გამოქვეყნდა, სადაც პუბლიკაციის ავტორი, ჩინეთის ჰარბინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ლიანგ დინგი აღნიშნავს, რომ: “მარსმავალის დაშვების ადგილი მკვეთრად განსხვავებული და უნიკალური ტოპოგრაფიით გამოირჩევა, რომელიც აქამდე გამოკვლეული ადგილმდებარეობების თავისებურებებიდან მკვეთრად განსხვავდება.”

დაბლობი უტოპია (Utopia Planitia) – მშვიდი ვაკე მარსის ჩრდილოეთით

 და მაინც, რა არის ასე განსაკუთრებული? ”Zhurong” მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მშვიდ ვაკეზე დაეშვა, რომელსაც ”უტოპიური ველი” – ”Utopia Planitia” ეწოდება. ამერიკული აპარატები გაცილებით უფრო სამხრეთით მოგზაურობენ – ”Curiosity” – გეილის კრატერშია, ხოლო ”Perseverance” – კრატერ ჯეზეროში. ერთი შეხედვით, ”Zhurong” შედარებით უსაფრთხო ტერიტორიაზეა, სადაც მთა-გორებსა და ნაპრალებს იშვიათად თუ შევხვდებით, მაგრამ სინამდვილეში ეს ყინულისა და უხეში ქვიშის ნარევით შექმნილი”ბრტყელი” ლოკაციაა, რომელიც უხვად მიმოფანტული პატარა და ბასრი ლოდებითაა სავსე. ამ გაყინულ, ჩრდილოეთ ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ 1976 წელს დაეშვა ამერიკული ლენდერი ”Viking 2”, და ის იყო ბოლო აპარატი, რომელმაც მსგავსი ადგილმდებარეობა გამოიკვლია.

 2012 წელს ამერიკული მარსმავალი ”Curiosity” გაცილებით უფრო სამხრეთით, გეილის კრატერში იმის გამო დაეშვა, რომ იქ ოდესღაც ტბა იყო. ჩინელი მეცნიერების გადაწყვეტილებით კი ”Zhurong”-ს დაშვება ისევ ჩრდილოეთის ნესტიან და ქარიან ვაკეზე განხორციელდა.

 წითელი პლანეტის ზედაპირზე მარსმავალ ”Zhurong”-ისა და სხვა აპარატების დაშვების ადგილმდებარეობები (NASA).

 “ლოგიკური გადაწყვეტილებაა” – აღნიშნავს ვერონიკ ანსანი, ნანტის უნივერსიტეტის მეცნიერი, რომელიც მარსის ზონდის – ”InSight” შექმნაზე მუშაობდა. –”Utopia Planitia” გეოლოგიურად ”წყნარი” რეგიონია და ახალი ტექნოლოგიების გამოსაცდელად საუკეთესოა. ამასთან, ის ნაკლებადაა გამოკვლეული, უმეტესობა დინამიკურ რეგიონებზე აკეთებს არჩევანს.”

 პატარა ”Zhurong” დაშვებისთანავე ყოჩაღად შეუდგა მუშაობას – პირველი 60 სოლის განმავლობაში (”სოლ” – მარსული დღე-ღამე, დაახლოებით 24 საათი და 39 წუთი) პარატა მარსმავალმა 450 კილომეტრი დაფარა და გზა-და-გზა ანალიზებიც ჩაატარა. მის მიერ გადმოცემულმა პირველმა სურათებმა ლანდშაფტის უნიკალური თავისებურებებიც გამოავლინა. დღეს ცქვიტი მარსმავლის მიერ დაფარული მანძილის რეკორდი 1000 კილომეტრს აჭარბებს.

ქარი, დიუნები და კრატერები

 პატარა ”Zhurong”-ის მხედველობის არე მხოლოდ 2 კილომეტრია, თუმცა ასეთ მცირე მანძილზეც კი უამრავი დეტალი გამოვლინდა – ”Utopia Planitia”-ს გეოლოგიურ ისტორიას ქარისმიერი ეროზია ”წერს” – რამდენიმე ათეული სანტიმეტრის სიმაღლის გორაკების მოხაზულობა ქარების მიმართულებას ემთხვევა, რომლებიც მკაცრი სეზონურობით უბერავს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. – ”დედამიწაზე ასეთ საინტერესო გეოლოგიურ ფორმებს თითქმის არ ვხვდებით.” – აღნიშნავს ლიანგ დინგი. – ”ჩვენი პლანეტის კლიმატი ზედმეტად ბობოქარია, მხოლოდ ქარისმიერი ეროზია არ არსებობს.”

 კრატერები კიდევ ერთი ლანდშაფტური ელემენტია. ”Zhurong”-მა 2000-მდე კრატერი გამოავლინა, რომელთაგან უმეტესობა მხოლოდ რამდენიმე მეტრი დიამეტრისაა. ეს საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ვაკის ასაკთან დაკავშირებით – როგორც ჩანს, ”უტოპიის ველი” 3 მილიარდი წლის წინათ ჩამოყალიბდა. ამას მარსის გეოლოგიურ ეპოქაში ”ჰესპერიულს” უწოდებენ და ის მიმდინარე ერად ითვლება; ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული მარსმავლების კვლევის ძირითადი ობიექტები, როგორიცაა გეილისა და ჯეზეროს კრატერები – გაცილებით უფრო ძველ ეპოქაში წარმოიქმნა, რომელსაც ”ნოარქიულს” უწოდებენ.

 ”Zhurong”-მა ვაკეზე მიმოფანტული მომცრო ლოდები და კენჭებიც გამოიკვლია, რომელთა ზომებიც რამდენიმე სანტიმეტრს არ აღემატება. ადგილმდებარეობისთვის დამახასიათებელი ქარისმიერი ეროზიის კვალის გარდა, მათი სტრუქტურა ფენოვანია, რაც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ლოდები და კენჭები წყალში ჩამოყალიბდა. – ”მარსის კლიმატისა და გეოლოგიის ევოლუციის თაობაზე დაგროვებულ უზარმაზარ ინფორმაციას კიდევ ბევრი ემატება.” – აღნიშნავს ლიანგ დინგი. – ”მაგრამ ეს ის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია, რომლებიც არა მარტო წყალზე, არამედ მარსის ჩრდილოეთში სიცოცხლის კვალის აღმოჩენის შანსებზეც გვიამბობს.”

 ”ეს პატარა რობოტი გულმოდგინედ მუშაობს და საინტერესო ცნობებს გვაწვდის.” – აღნიშნავს ვერონიკ ანსანი. – ”მაგრამ ”სასწაულები” და ”სიურპრიზები” მოსალოდნელი არ არის, მაღალი ალბათობით, მხოლოდ აქამდე გაკეთებული აღმოჩენების დადასტურების მოწმე გავხდებით.”

 ”Zhurong”-მა უკან მოიხედა და ბორბლების ნაკვალევი გადაიღო. სურათზე მოჩანს მარჯვენა უკანა ბორბალი და მზის პანელების დიდი ჩრდილები, ხოლო მარცხნივ და ზემოთ – ზონდის ხუფი და პარაშუტი, რომლითაც ლენდერი დაეშვა. შემდეგ ამ ლენდერიდან ”Zhurong” ჩამოგორდა.

 თუმცა ”Zhurong”-ის შემქმნელები დარწმუნებულები არიან, რომ პატარა, ჩინური მარსმავლის კვლევის ადგილის გამორჩეული ტოპოგრაფია, რომელიც სხვებისას სულ არ ჰგავს, სიახლეებს აუცილებლად შემოგვთავაზებს: -”ასეთი ტენიანი, ქარიანი და ცივი ამინდი სხვაგან არსადაა.” აღნიშნავს ვერონიკა ანსანი. –”საინტერესო მონაცემები შეგროვდება.”

 ”Utopia Planitia” -ზე ხშირად გვხვდება მოხეტიალე ”ქვიშის ეშმაკები”; გარდა ამისა, მას პატარა დიუნების მოზაიკა და ბევრი ისეთი ქარისმიერი მოვლენა ახასიათებს, რაზე დაკვირვების საშუალებაც სხვაგან არსად გვქონია. ამიტომ მეცნიერები ”Zhurong”-ისგან უნიკალური ლანშაფტების სურათებს ელიან, რაც პლანეტა მარსს სრულიად განსხვავებული კუთხით წარმოგვიდგენს (www.numerama.com/sciences).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.