ყველაზე ნელა მბრუნავი “მაგნიტარ-პულსარი”?

 ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში რადიოსიგნალების წყარო აღმოაჩინეს, რომელიც არცერთ აქამდე ცნობილ ობიექტს არ ჰგავს. ჩვენიდან 4000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წყარო, საკმაოდ ძლიერ იმპულსებს ასხივებს, რომლებიც 30-60 წამი გრძელდება და ყოველ 18,18 წუთში მეორდება.

მარჩისონის ფართუკუთხიანი მასივის ნაწილი (ავსტრალია).

 რადიოსიგნალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა, რომლებიც დაკვირვებებისთვის მარჩისონის ფართუკუთხიან მასივს იყენებენ (MWA/ავსტრალია). სტუდენტთა ჯგუფს დაევალა ცის ერთი და იგივე ნაწილის ორი გამოსახულების შედარება, რომლებიც 24 საათიანი ინტერვალით გადაიღეს. ამ ყველაფრის მიზანი იყო ე.წ. გარდამავალი ობიექტების მოძიება (უძლიერესი აფეთქება), რომელთა სიკაშკაშე ასეთ მოკლე დროში მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მათ ნაცვლად, ახალი რადიოსიგნალის საკმაოდ კაშკაშა ანთება დაფიქსირდა.

 არქივის გადამოწმების მერე, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს სიგნალი განსაცვიფრებელი სიზუსტით მეორდებოდა. ამასთან ერთდ, ახალი სიგნალი გარკვეული დროით ქრება და ისევ ჩნდება. რეგისტრირებული აქტიურობის პირველი პერიოდი 2018 წლის იანვარში დაიმზირებოდა, თებერვალში გაქრა და მარტში გამოჩნდა. ამ ყველაფერს კი ძალიან უცნაური “სიჩუმე” მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდებოდა.

 პირველი, რაც თავში შეიძლება მოგვივიდეს, აღმოჩენილი სიგნალის ტექნიკურად განვითარებული ცივილიზაციისთვის მიწერაა. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ასე არ უნდა იყოს — სიგნალი რადიოსიხშირეთა ფართო სპექტრს შეიცავს, რაც მის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს. გამოსხივების ზოგიერთი მახასიათებლი კი მეცნიერებს ამ უჩვეულო წყაროზე გარკვეულ ინფორმაციას აძლევს.

 ნეიტრონული ვარსკვლავების კიდევ ერთი ტიპი – პულსარი. ძლიერი მაგნიტური ველით ფოკუსირებული გამოსხივება, პულსარის ბრუნვასთან ერთად, პერიოდულად არის დამკვირვებლისკენ მომართული, აიტომაც ეწოდა “პულსარი”.

 რადიოსიგნალის ტალღების 90 პროცენტიანი პოლარიზაცია (ელექტრომაგნიტური ტალღების პოლარიზაცია), წყაროსთან ახლოს, უძლიერესი და მოწესრიგებული მაგნიტური ველის არსებობაზე, ხოლო  სიგნალის პერიოდული ბუნება, თავის მხრივ, მისი წყაროს ბრუნვაზე მიუთითებს. ყველა ეს მახასიათებელი კარგად ერგება პულსარებისა და მაგნიტარების უკვე კარგად ცნობილ მახასიათებლებს და ახალი ობიექტი ალბათ ამ ტიპის ძალიან უჩვეულო წარმომადგენელია.

 პულსარები და მაგნიტარები, ნეიტრონული ვარსკვლავების ტიპებია, რომლებიც მასიური ვარსკვლავების ზეახლად აფეთქების მერე მათ ადგილზე რჩება. სტაბილური პერიოდული გამოსხივების გამო პულსარებს “კოსმოსის შუქურები” შეარქვეს. პირველად, ასეთი სტაბილური პულსირების გამო, უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილი სიგნალებიც კი ეგონათ (პულსარი PSR J1921+2153 – პატარა მწვანე კაცუნები). მაგნიტარები კი უძლიერესი მაგნიტური ველებით გამოირჩევა. იშვიათ შემთხვევებში, ნეიტრონული ვარსკვლავი ერთდროულად პულსარიც შეიძლება იყოს და მაგნიტარიც (კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები).

 ყველაზე ძლიერი მაგნიტები, ნეიტრონული ვარსკვლავებია. ჩვეულებრივ, მათ ზედაპირთან ახლოს მაგნიტური ველის სიდიდე 10¹² გაუსია, ზოგჯერ კი ასჯერ და ათასჯერაც აჭარბებს ამ მაჩვენებელს. ამ დროისათვის, ოცზე მეტი მაგნიტარია ცნობილი.

 ახალი ობიექტი, რომელიც პირობითად პულსარ-მაგნიტარებს შეიძლება მივაკუთვნოთ, ძალიან ნელა ბრუნავს. ცნობილი პულსარების ბრუნვის პერიოდები რამდენიმე მილიწამიდან (!!!), რამდენიმე წამის ფარგლებში მერყეობს, მაგნიტარები კი კიდევ უფრო ნელა ბრუნავს, ცნობილი მაქსიმუმი 10 წამს უტოლდება. ამ ყოველაფრის ფონზე, 18 წუთიანი პერიოდი ძალიან უცნაურად გამოიყურება.

 მზეზე მასიური ვარსკვლავების ევოლუცია კატასტროფული აფეთქებით სრულდება. ნეიტრონებად გადაქცეული, მილიონ გრადუსამდე გავარვარებული მათი ბირთვების შემადგენელი, რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე იკუმშება, ასეთ მცირე არეში თავმოყრილი მაგნიტური ველი კი უძლიერესი ხდება. ზომის ასეთი მკვეთრი შემცირებავე არის მათი ძალიან სწრაფი ბრუნვის მიზეზიც.

 მეცნიერბს ამ მოვლენის ალტერნატული ახსნის ვერსიაც გაუჩნდათ, რომლის მიხედვითაც რადიოსიგნალების პერიოდულობა ამ უცნაური წყაროს ბრუნვას არ უნდა უკავშირდებოდეს. გარკვეულ პირობებში მისი მაგნიტური ველი ისე შეიძლება დეფორმირდეს, რომ ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე წარმოქმნილი პროცესები, რადიოტალრების 18 წითიანი ინტერვალით გამოსხივებას იწვევს.

 თუმცა, ჯერჯერობით მთავარი ჰიპოთეზა არის „ზეგრძელ პერიოდიანი პულსარის“ ტიპის მაგნიტარი, ტიპი, რომელიც მეცნიერებს აქამდე არასოდეს აღმოუჩენიათ. და, რა თქმა უნდა, ღამის ცის ამ რეგიონის მხოლოდ დამატებითი დაკვირვებები დაგვეხმარება აღმოჩენილი პერიოდული სიგნალის წარმოშობის საიდუმლოს სრულად ამოხსნაში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.