ფობოსისა და დეიმოსის გაჩენის ახალი ვერსია

  დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მარსის ორი ბუნებრივი თანამგზავრი, წითელი პლანეტის მიერ გმოჭერილი ასტეროიდები იყო. მათი ორბიტების მიმართულება და ხასიათი კი ამ ჰიპოთეზას ეწინააღმდეგებოდა. ამ საიდუმლოს ამოხსნის მიზნით, ორი დამოუკიდებელი და რთული კვლევა იქნა ჩატარებული. ერთის მიხედვით, რომელიც The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, ასტეროიდული სცენარი გამორიცხულია და ერთად-ერთი, რასაც ამ თანამგზავრების ფორმირება შეეძლო გამოეწვია -კატასტროფული შეჯახებაა.

 ფრანგმა, ბელგიელმა და იაპონელმა მკვლევარებმა, ციფრული მოდელირებაც ჩაატარეს, რომელიც გვიჩვენებს, კონკრეტულად როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ამ ობიექტების ფორმირება ნამსხვრევებისგან, რომლებიც მარსზე სამჯერ პატარა პროტოპლანეტასთან შეჯახებით გაიტყორცნა(Nature Geoscience).

 მცირე ზომისა და უჩვეულო ფორმის გამო, მარსისეული თანამგზავრები – ფობოსი და დეიმოსი, ასტეროიდებად იქნა მიჩნეული, რომლებიც მარსმა გამოიჭირა, თუმცა, პრაქტიკულად წრიულ ეკვატორულ ორბიტებზე მათ განლაგებას ვერავინ ხსნიდა. გაურკვევევლი რჩებოდა, რატომ ორი თანამგზავრი და არა ერთი, როგორც დედამიწისეული მთვარის შემთხვევაში(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ).

 ხსენებული მეცნიერების ჯგუფმა მარსისა და დეიმოსის ფორმირების სრული და შეთანხმებული სცენარი წარმოადგინა, რომლის მიხედვით, ფორმირებიდან 100-800 მილიონი წლის მერე, მარსს, თავისზე სამჯერ პატარა ზომის ციური სხეული შეეჯახა. მარსის გარშემო წარმოქმნილი დისკო, შეჯახებით გამდნარი მკვრივი ქანებისა და შედარებით თხელი გარე ფენისგან(ძირითადად, გაზი) შედგებოდა. გარე დისკოზე მოქმედმა გრავიტაციულმა ძალამ ეს ნამსხვრევები ერთად, მცირე ზომის შორეულ მთვარეებად შეკრიბა. რამდენიმე ათასი წლის მერე, მარსი ათამდე პატარა და ერთი დიდი თანამგზავრით იყო გარსშემორტყმული. მოგვიანებით, ეს მტვროვანი დისკო გაიფანტა, ხოლო მარსის მხრიდან მოქმედმა მოქცევის ძალებმა თანამგზავრთა მეტი ნაწილი, მათ შორის ერთი დიდიც, ისევ პლანეტის ზედაპირზე დააბრუნა. მხოლოდ ორი პატარაღა დარჩა – ფობოსი და დეიმოსი.

 ამ პროცესებში მოქმედი უამრავი ფიზიკური ეფექტების გამო, ვერანაირი ციფრული მოდელირება ვერ გვეტყვის, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ამიტომ, სამი და სინამდვილესთან უფრო ახლოს მდგომი მოდელის შეთავსება იქნა განხილული – გიგანტური შეჯახების ფიზიკა, ნამსხვრევების დინამიკა და აკრეცია თანამგზავრების ჩამოყალიბებით, მათი ხანგრძლივპერიოდიანი ევოლუცია.

 მარსელის ასტროფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერები, მთავარი ასტეროიდული სარტყლის კომპოზიციური მრავალფეროვნებიდან აღებულ სტატისტიკურ არგუმენტებზე დაფუძნებული ასტეროიდების გამოჭერის ვერსიას გამორიცხავენ. ფობოსიდან და დეიმოსიდან გამოსხივებული სინათლის სიგნატურა განსხვავებულია იმ პირველადი მატერიის სიგნატურისგან, რომლისგანაც მარსი ჩამოყალიბდა. ეს გამოსიხვება გვიჩვენებს, რომ თანამგზავრები წვრილმარცვლოვანი(მიკრომეტრი) მტვრით არის დაფარული.

 მტვრის ნაწილაკების ზომა იმის ზუსტი მტკიცებულება არ არის, რომ თანამგზავრები პლანეტათშორისი მტვრით ბომბარდირებას განიცდიდა. თავიდან ისინი ნამსხვრევების დისკოს კიდეზე გაფრქვეული, გაზის კონდენსაციით წარმოქმნილი უწვრილესი ნაწილაკებისგან შედგებოდა(და არა დისკოს შიგა ნაწილში არსებული მაგმისგან). ამით, ფობოსისა და დეიმოსის მაღალი შიდა ფორიანობაც აიხსნება, რომელიც თავის მხრივ, ამ მთვარეების დაბალი სიმკვრივის მიზეზს ხსნის.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=iAgdkMPuCWc

 გიგანტური შეჯახების კვალი მარსზე, ბორალისის აუზის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. აი რატომ არის წითელი პლანეტის ჩრდილოეთი ნახევარსფერო, სამხრეთ ნახევარსფეროზე დაბალი. ჰიპოთეზა შეჯახების შესახებ იმასაც ხსნის თუ რატომ აქვს მარსს ორი თანამგზავრი და არა ერთი. საქმე იმაშია, რომ თანამზგავრების სისტემის ფორმირება პლანეტის ბრუნვის სიჩქარეზეა დამოკიდებული. მაშინ, დედამიწა გაცილებით სწრაფად ბრუნავდა(დაახლოებით 4 საათი), მარსი კი 6-ჯერ ნელა.

 იაპონიის კოსმოსური საგენტოს(JAXA; “ჰაიაბუსა 2” ასტეროიდის დასაბომბად გაფრინდა) გადაწყვეტილებით, 2020 წელს მარსის თანამგზავრთა საკვლევი მისია აიღებს სტარტს, რომელიც ფობოსიდან აღებულ სინჯებს დედამიწაზე 2027 წლისთვის ჩამოიტანს. მათი ანალიზით მოხდება აქ წარმოდგენილი სცენარების დამტკიცება ან უარყოფა. ანალოგიურ მისიას ევროპისა და რუსეთის(“ფობოს-გრუნტი 2”-ის აუცილებლობა) კოსმოსური ორგანიზაციებიც გეგმავენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.