ტიტანის ტბების გარშემო წრიული წარმონაქმნებია

 სატურნის მთვარე ტიტანის პოლარული რეგიონების ტბების გარშემო რგოლოვანი სტრუქტურებია. რაც დრო გადის, მეცნიერები სულ უფრო მეტ საინტერესო დეტალებს პოულობენ ხომალდ ”Cassini”-ს მიერ 13 წლის განმავლობაში მოწოდებულ ფოტო და რადარულ მასალებში. ”Cassini”-ს მეშვეობით გაირკვა, რომ ტიტანის პოლარულ რეგიონებში დაახლოებით  650 ტბაა. აქედან ნახევარი თხევადი ეთანით და მეთანითაა სავსე, დანარჩენი კი ცარიელია ან დრო და დრო ივსება. ამ ტბებისა და თანმდევი სტრუქტურების ჩამოყალიბების მექანიზმები ჯერ ისევ გამოცანად რჩება.

 პატარა ტბები ტიტანზე ჯგუფების სახითაა წარმოდგენილი და თითოეული ბასრი კიდეებით და ბრტყელი ფსკერით ხასიათდება. ამ ტბების სიღრმე ზოგჯერ 600 მეტრს აღწევს, სიგანე კი 1 კმ ფარგლებშია. თუმცა ზოგიერთი ტბის და ტბორის გარშემო უცნაური რგოლოვანი სტრუქტურებია, რომელთა ფართობი ზოგჯერ 10 კმ-ს აჭარბებს. მეცნიერები ამ რგოლებს ”შახტებს” უწოდებენ, რადგან ისინი თითქმის მთლიანად სავსეა ტბების თხევადი შიგთავსით.

 სპექტრული და ემისიური ანალიზის მონაცემებზე დაყრდნობით, შახტები დაწვრილებით შეისწავლეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომიის ცენტრში (ESAC). გამოყენებული ციფრული რუკები და გრაფიკები ”Cassini” -ს  ხილული და ინფრაწითელი სპექტრომეტრის (VIMS – Visual and Infrared Mapping Spectrometer)  მუშაობის შედეგია.

 სურათზე გამოსახული ციფრული რუკები ტიტანის ჩრდილოეთ ტბების გარშემო არსებულ შახტებსა და ბასრ კიდეებს გვიჩვენებს. მარჯვნივ: “კასინის” რადარით გადაღებული ერთ-ერთი ტბა (SAR- სინთეზური აპერტურული რადარი). ყვითელი ისრები ტბების მაღალ, ბასრ კიდეებზე მიუთითებს, ცისფერი ისრები გვიჩვენებს შახტებს, რომლებიც სავსეა ტბების შიგთავსით. მარცხნივ, ზემოთ: ტბის ეროზირებული კიდეების გადიდებული სურათი. მარცხნივ, ქვემოთ: ტბების, კიდეებისა და ღრმულების ილუსტრაცია (NASA/JPL-Caltech/ASI; ESA/A).

 ინსტრუმენტული მონაცემების მიხედვით, ტბების ფართობი 30-670 კმ2 ფარგლებში მერყეობს და უკლებლივ ყველა გარშემორტყმულია შახტებით, რომელთა სიმაღლე 200-300 მეტრია, ”ხმელეთში” შეჭრის სიღრმე კი – 30 კმ-მდე. შახტების და ცარიელი ტბების ფსკერიც ერთი და იგივე მასალითაა ამოფენილი.

 ამ მასალის სპექტროსკოპული ანალიზი გვიჩვენებს, ეს ორგანული ნივთიერებაა, და მისი ქიმიური შედგენილობა ტიტანის ე.წ. ”ლაბირინთების” არხებში აღმოჩენილი ნივთიერების ანალოგიურია.

სავსე და ცარიელი ტბები ტიტანზე. სპექტრული მონაცემების მიხედვით, ცარიელი ტბების ფსკერი და შახტების კიდეები ანალოგიური ორგანული ნაერთებისგან შედგება (NASA/JPL-Caltech/ASI; ESA/A).

ტიტანის ”ლაბირინთები” სატურნის მთვარის ყველა გეოგრაფიულ არეალზე გვზვდება, თუმცა, ჯამში მთელი ზედაპირის მხოლოდ 5% შეადგენს (5% of the moon’s. surface). ეს უცნაური წარმონაქმნები ორგანული ნაერთებით (თოლინები) მდიდარი თხევადი ნახშირწყლების შენაკადებია, რომლებიც თავიანთ გარშემო ”კალაპოტებს” აყალიბებენ.

 სურათზე (მარცხნივ) გამოსახულია ტიტანის ”ლაბირინთები”, რომლებიც დედამიწის კანიონების (მარჯვნივ) ანალოგიურია. ასეთი სტრუქტურები ინდონეზიის კუნძულ იავაზე გვხვდება (NASA/Cassini).

 საინტერესოა, რომ დროდადრო შახტების კიდეები ტყდება და ნახშირწყლოვან ტბებში იყრება. მიუხედავად ამისა, შახტა არასოდეს იკეტება – ის ყოველთვის სავსეა ტბების შიგთავსით. დედამიწის ანალოგებზე დაყრდნობით, მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ ზედაპირის ქვეშ არტეზიული წყლების მსგავსი ქსელი უნდა არსებობდეს, რომლებიც გამუდმებით ამარაგებენ ქვაბულებს თხევადი ეთანით და მეთანით. შესაძლებელია აგრეთვე, რომ ტბებს სეზონური გაყინვისა და ლღობის ციკლები ახასიათებს.

 ნახშირწყალბადის ტბები, ყინულოვანი და ქვიანი ”ხმელეთი” სატურნის მთვარე ტიტანის ზედაპირზე მხატვრის თვალით. ნაპირის გარშემო შახტაა, სადაც სითხე ზედაპირის ქვეშ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე აღწევს. სტივენ ჰობსი (ბრისბენი, ქუინსლენდი, ავსტრალია).

 ტიტანზე მიმდინარე კვლევებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მზის სისტემის სხვა ყინულოვანი მთვარეების გამოკვლევის თვალსაზრისითაც. მეცნიერებს აინტერესებთ, რა მნიშვნელოვანი მსგავსება თუ განსხვავება შეიძლება არსებობდეს ამ კოსმოსურ სხეულებზე აღმოჩენილ წარმონაქმნებს შორის. ევროპის კოსმოსური სააგენტო ამ მიზნით ახალ მისიას ამზადებს, რომელსაც ”იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების მკვლევარი” ეწოდება  (JUpiter ICy moons Explorer  – JUICE). JUICE 2022 წელს დატოვებს დედამიწას და 2029 წლისთვის იუპიტერის სისტემაში იქნება, სადაც კალისტოს, ევროპას და განიმედს გამოიკვლევს, რომ რაც შეიძლება ღრმად ჩაიხედოს მათ სუბოკეანურ სამყაროებში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.