სიცოცხლის კვალი მარსზე? NASA-ს მარსმავალი ”Perseverance” ნადირობას იწყებს

 NASA-ს 2020 წლის მარსმავალი ”Perseverance”(“პერსევერენსი“) მარსზე ოდესღაც სავარაუდოდ არსებული სიცოცხლის კვალის ძიებას შეუდგა. მარსმავლის მთავარი ინსტრუმენტი მისი 2-მეტრიანი მექანიკური მკლავია, რომელიც მგრძნობიარე დეტექტორებით და სენსორებითაა აღჭურვილი. ხელსაწყოების წინასწარი მრავალჯერადი შემოწმების შემდეგ ექვსბორბლიანმა მექანიკურმა მეცნიერმა რენტგენული და ულტრაიისფერი გამოსხივების წყაროები ჩართო და გარშემო მიმოფანტული ქვებისა და ქვიშის მიკროსკოპულ ანალიზს შეუდგა – მისი მთავარი სამიზნე შესაძლო ცოცხალი ორგანიზმების მიერ დატოვებული კვალის აღმოჩენაა, ანუ, გეოლოგიური და პალეონტოლოგიური ენით რომ ვთქვათ – მარსმავალი ნამარხებს და მიკრობული მეტაბოლიზმის კვალს ეძებს.

 NASA-ს მარსმავალ Perseverance-ს მკლავი მარსულ ლოდებში ”იქექება“ ლოკაციაზე, რომელსაც ”კრატერის უხეშად დაბზარული ფსკერი” ეწოდება. გამოსახულება 2021 წლის 10 ივლისს არის გადაღებული (138-ს სოლი, ანუ მარსული დღე) (NASA/JPL-Caltech).

ვიდეო: https://mars.nasa.gov/system/video_items/6035_1b-PIA24748-Perseverance_Performing_Arm_Science-stretched.mp4 

 ექსპერიმენტების ჩატარებამდე NASA-ს 2020 წლის მარსმავლის მკლავზე განთავსებული ყველა ინსტრუმენტი საგულდაგულოდ გაიტესტა, რის შემდეგადაც აპარატი მარსზე სიცოცხლის კვალის ძიებას შეუდგა.

 მკლავზე განთავსებული ერთ-ერთი აპარატია PIXL (Planetary Instrument for X-ray Lithochemistry), ანუ რენტგენული ლითოქიმიის პლანეტური ინსტრუმენტი. – ”ჯერ კიდევ გამოცდის ეტაპზე ვიყავით, როდესაც მარსმავლის რენტგენულმა აპარატმა უაღრესად საინტერესო და მაღალი საიმედოობის მონაცემები გადმოგვცა.”- აღნიშნავს ებიგეილ ოლვუდი, PIXL-ის მთავარი მეცნიერ-მკვლევარი NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიიდან. – ”ხელსაწყო ნამცხვრის ყუთის ზომისაა, ხოლო მისი სამიზნე – კიდევ უფრო პატარა. კალიბრაციისთვის რენტგენული სხივების პირველივე კონის გაშვებისთანავე მარსის ქვიშის ქიმიური შედგენილობის შესახებ უაღრესად დეტალური ინფორმაცია მივიღეთ.”

 ეს PIXL-ზე და მკლავის სხვა ინსტრუმენტებზე დაკისრებული გეოლოგიური და გეოქიმიური ანალიზების სერიის მხოლოდ მცირე ნაწილია, რისი განხორციელებაც სამომავლოდ, მრავალი სამუშაო თვის განმავლობაშია დაგეგმილი.

NASA-ს მარსმავალ ”Perseverance”-ს ციფრულმა კამერამ WATSON მარსული ლოდის, სახელად “Foux” ზედაპირის უმცირესი დეტალები დააფიქსირა. ეს კამერაც მარსმავლის მკლავზეა დამონტაჟებული. სურათი გადაღებულია 2021 წლის 11 ივლისს, მისიის 139-ე სოლზე (NASA/JPL-Caltech/MSSS).

 სამეცნიერო მონაცემების მიხედვით, კრატერი ”ჯეზერო”, რომელშიც მარსმავალი ”Perseverance” დაეშვა, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ტბა იყო, რომელიც თანდათან დაშრა. ახლა კი მარსმავალი მის წითელ, დანაწევრებულ ფსკერზე მოგზაურობს. -“თუ ტბაში ოდესღაც ცოცხალი არსებები ბინადრობდნენ, კრატერ ”ჯეზეროში ამის ნიშნებს აუცილებლად აღმოვაჩენთ.” – ამბობს ოლვუდი.

 ქანების დეტალური მოხაზულობების, აგებულებისა და შედგენილობის გასარკვევად PIXL ქიმიური ნივთიერებების დეტალურ ანალიზს ახორციელებს, რასაც მეცნიერები მკლავზე განლაგებული სხვა ხელსაწყოების, SHERLOC -ისა და WATSON -ის მიერ შედგენილ მინერალურ რუკებს მიუსადაგებენ. SHERLOC (Scanning Habitable Environments with Raman & Luminescence for Organics & Chemicals) ანუ: ”სასიცოცხლო გარემოს სკანირება რამანოსკოპიითა და ლუმინესცენციით ორგანიკისა და მინერალების გამოსაკვლევად” – ამოცანების შესასრულებლად ულტრაიისფერ ლაზერს იყენებს, ხოლო ციფრული კამერა WATSON (ხუმრობით შერჩეული სახელი) უკიდურესად მაღალი გარჩევადობის სურათებს იღებს, რომელთა მეშვეობითაც მეცნიერები საკვლევი ობიექტის მარცვლოვანებას, მოხაზულობას და ტექსტურას განსაზღვრავენ და მისი წარმოქმნის მექანიზმებს შეისწავლიან.

 PIXL – NASA-ს მარსმავალ ”Perseverance”-ს რობოტულ მკლავზე განთავსებული ერთ-ერთი ხელსაწყოა, რომელიც მბრუნავი შუქდიოდებითაა აღჭურვილი. ის მინერალებს მარსული ღამის განმავლობაში შეისწავლის. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით PIXL სამიზნემდე მანძილს დიდი სიზუსტით განსაზღვრავს. NASA/JPL-Caltech

 WATSON-ის მეშვეობით მიღებულმა მონაცემებმა, ჯერ კიდევ ექსპერიმენტების საწყის ეტაპზე, ”ჯეზეროსეული” მარსული ლოდების წარმოშობის მრავალ საიდუმლოს ახადა ფარდა. კერძოდ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ შემადგენელი ნაწილაკების მრავალფეროვნება, მათში დანალექი ქანების არსებობა და შემაწებებელი ”ცემენტიც” კი დეტალურად აღწერს ლოდების ჩამოყალიბების ისტორიას, წყლის დინებათა ხანგრძლივობას, მიმართულებას და სიჩქარეს, და, რაც მთავარია – მარსული გარემოდან წარსულში პოტენციურად სიცოცხლის ხელშემწყობ არეებს გამოარჩევს. PIXL -ის კვლევებთან ამ მონაცემების კომბინირებით შესაძლებელია დიდი სიზუსტით აღვადგინოთ კრატერ ”ჯეზეროს” წარმოშობისა და ისტორიული განვითარების სურათი.

 – “რისგან შედგება კრატერის ფსკერი? როგორი იყო მისი, როგორც ტბის ფსკერის, სტრუქტურა?” – კითხულობს ლუთერ ბიგლი, JPL (რეაქტიული ძრავების ლაბორატორია) მეცნიერი, SHERLOC-ის გუნდის მთავარი მკვლევარი. – “ ამ კითხვებზე პასუხის გაცემით ჩვენ მარსის ადრეულ ხანაში, მისი გარემოს ჩამოყალიბების შესახებ ბევრ საინტერესოს შევიტყობთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ჰიდროლოგიური (წყლის) ციკლების შესწავლა, რაც პლანეტაზე, შორეულ წარსულში, პოტენციურად არსებულ სასიცოცხლო გარემოთა გამოვლენაში და გამოკვლევაში დაგვეხმარება.”

მეცნიერთა გუნდი

 NASA-ს მარსმავალი ”Perseverance” საოცარი ავტონომიური მანევრირებით გამოირჩევა – მას შეუძლია დამოუკიდებლად გაიკვლიოს გზა მარსის რთულ ლანდშაფტებში. მიუხედავად ამისა, ყოველი შემდგომი საკვლევი მარშრუტის სირთულეების გარკვევასა და დაგეგმვაში ასეულობით დედამიწელი მეცნიერი მონაწილეობს.

 – “მეცნიერთა გუნდი 500-მდე ადამიანისგან შედგება.” – ამბობს ლუთერ ბიგლი, NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის ასტრობიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი. – “ყველაზე მცირემასშტაბიან ამოცანაშიც კი 100 ადამიანზე ნაკლები არასოდეს მონაწილეობს. საოცარია მსჯელობის, მონაცემთა ანალიზის და საკვანძო საკითხებში მიღწეული შეთანხმების მომენტებზე დაკვირვების პროცესი – თითოეული ნაბიჯი მრავალ პრიორიტეტს შორის გაკეთებული არჩევანით განისაზღვრება, ხოლო კრატერ ”ჯეზეროს” მოზაიკური თავსატეხის უამრავი ნაწილისგან თანდათანობით საბოლოო სურათი აეწყობა.”

 PIXL-ის პირველი ქიმიური რუკები: სურათებზე მოცემულია ერთ მარსულ ლოდში აღმოჩენილი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება.თითოეული გამოსაკვლევი მონაკვეთი საფოსტო მარკის ზომისაა (NASA/JPL-Caltech).

 2020 წლის მარსმავალი ”Perseverance” თავის უმნიშვნელოვანეს ამოცანას მაშინ შეასრულებს, როდესაც მისი შეგროვებული ნიმუშები დედამიწაზე გამოიგზავნება. ეს ნიმუშები ზე-სუფთა ლითონის მილებში მოთავსდება და მარსის ზედაპირზე დაეწყობა, ხოლო მომდევნო ეტაპზე, დამატებითი ანალიზებისთვის, დედამიწისკენ გამოიგზავნება.

 მარსზე პოტენციურად არსებული სიცოცხლის საკითხი, უკვე ათეულობით წლებია, ინტენსიურად შეისწავლება, მაგრამ წითელი პლანეტა თავის ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოს ჯიუტად ინახავს. – “მარსმავალი 2020, ჩემი აზრით, საუკეთესო საშუალებაა, რაც სიცოცხლის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ოდესმე შეგვიქმნია.” – ამბობს კენეტ ვილიფორდი, მარსმავალ ”Perseverance”-ს საპროექტო გუნდის თანახელმძღვანელი.

 – ”გეოლოგიურ დეტალებში გარკვევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.” – აღნიშნავს ოლვუდი. – ”შესაძლო სიცოცხლის ან მისი ნაშთების ინდიკატორად უამრავი გეოლოგიური წარმონაქმნი შეიძლება მივიჩნიოთ, და ეს მჭიდრო კავშირშია ამოცანასთან, რომელიც ზოგადად სიცოცხლის წარმოშობის პროცესს შეისწავლის.”

 მარსმავლის სხვა ინსტრუმენტებთან შეთანხმებული მუშაობით, მკლავზე განთავსებული ათეულობით სენსორი, SHERLOC და WATSON, დაუღალავად მუშაობენ კაცობრიობისათვის უმნიშვნელოვანეს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად: იყო თუ არა ოდესმე სიცოცხლე მარსზე? შესაძლებელია თუ არა, სიცოცხლე წარმოშობილიყო სხვაგან კოსმოსში, დედამიწის მიღმა?

მეტი მისსიის შესახებ

 მარსმავალ ”Perseverance”-ს უმთავრესი მისსია ასტრობიოლოგიაა, რაც მარსზე ოდესღაც სავარაუდოდ არსებული სიცოცხლის მიკრობული ფორმების კვალის აღმოჩენას გულისხმობს. მარსმავლის ინსტრუმენტები გამოიკვლევენ და აღწერენ მარსის გეოლოგიურ წარსულს, კლიმატის ცვლილების ისტორიას, განსაზღვრავენ და მოიპოვებენ საკაცობრიო მისსიების განხორციელებისთვის აუცილებელ მონაცემებს; რაც მთავარია, ეს იქნება პირველი მისსია, რომლის ფარგლებშიც მარსული გრუნტის ნიმუშების უშუალოდ დედამიწაზე გამოგზავნა მოხდება. ამისთვის NASA-ს და ESA-ს ერთობლივი პროექტი განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ეს ჰერმერტულად დახურული ნიმუშები დედამიწაზე ჩამოვა.

 2020 წლის მარსმავალი ”Perseverance” NASA-ს მთვარისა და მარსის კვლევის მრავალფეროვანი პროგრამის ნაწილია. მათ შორისაა Artemis – მთვარის მისსია, რომელიც, სხვა უამრავ ამოცანასთან ერთად, მომავალი მარსული ტექნოლოგიების საიმედოობის გამოცდასაც ითვალისწინებს, რაც აუცილებელია წითელ პლანეტაზე საკაცობრიო მისსიების წარმატების განსახორციელებლად.

 მარსმავალ ”Perseverance”-ს მისსიას მართავს NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორია JPL, რომლის ოფისიც აშშ კალიფორნიის შტატში, პასადენაში განთავსდება და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის – Caltech სამეცნიერო დეპარტამენტს ექვემდებარება.

დაწვრილებით მარსმავალ ”Perseverance”-ს შესახებ: mars.nasa.gov/mars2020/ და nasa.gov/perseverance

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.