სიცოცხლე დედამიწის გარეთ, რა ვიცით მის შესახებ?

 მას შემდეგ, რაც დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, რენესანსმა და მოგვიანებით სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ ადამიანის გონებრივი თვალსაწიერი და აზროვნების კუთხე გააფართოვა, მთელი სიმწვავით დაისვა საკითხი: მარტო ვართ სამყაროში? ეს კითხვა აქამდე ყოველთვის რჩებოდა განყენებულ, ირაციონალურ კატეგორიად. დღეს კი სიტუაცია შეიცვალა…

 დღეს არადედამიწისეული ცივილიზაციის აღმოჩენა პრინციპული მნიშვნელობის საკითხად იქცა. წმინდა ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, ეს პრობლემა ფსიქო-სოციალურ მნიშვნელობას ატარებს. ცივილიზაციის ევოლუცია, პირველ რიგში, სივრცული ექსპანსიით გზით გამოიხატება, რასაც კაცობრიობის ისტორია მოწმობს. ჩვენი ცივილიზაცია ამჟამად თვისობრივად ახალი ეპოქის საზღვარზე დგას. პირველად ჩვენი არსებობის მანძილზე უნდა დავტოვოთ მშობლიური პლანეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ცივილიზაციას ჯერ სტაგნაცია, შემდგომ კი რეგრესი ელის. ევოლუცია სხვა არჩევანს არ გვიტოვებს. ეს კი, თავის მხრივ, ექსპანსიის რომელიღაც ეტაპზე გარდაუვალ აუცილებლობად სახავს კავშირს მეზობლებთან…

 თუ გავითვალისწინებთ დედამიწაზე, სამყაროს ამ უწვრილეს კუნჭულში არსებული სასიცოცხლო ფორმების განსაცვიფრებელ მრავალფეროვნებას და სიუხვეს და ამასთან სამყაროს ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელ მასშტაბებს, შეუძლებელია მტკიცება, რომ სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზე არსებობს. მაგრამ ეს უცილობელი და ლოგიკური დაშვება უამრავ კითხვას ბადებს.

აი, რამდენიმე მათგანი:

რა არის სიცოცხლე?
რას ვუწოდოთ გონიერი სიცოცხლე?
რას ვუწოდოთ არადედამიწისეული სიცოცხლე?
რატომ ვერ/არ ვუკავშირდებით ,,მათ“?
სად შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე?

 პრინციპულად, სიცოცხლე მეტად რთული და მრავალფეროვანი ცნებაა. რომ აღარაფერი ითქვას იმაზე, თუ რაოდენ მრავალფეროვანია მისი გენერაციისთვის ხელმშემწყობი (თუ ხელშემშლელი) პირობები. ამდენად, ცალსახად რამის თქმა მეტად რთულია. სამყაროს ზომებიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ სიცოცხლე კერძო შემთხვევის პრივილეგიით სარგებლობდეს.

 დედამიწაზე არსებობს ე. წ. ნახშირბადოვანი“ სიცოცხლე. ანუ სიცოცხლე, რომლის მეტაბოლური საფუძველი და ზოგადად, ქიმიზმი ემყარება უმარტივესი ორგანული ნაერთების – ამინომჟავების უნარს, შექმნან ცილები, რომლებიც აწყობენ ნებისმიერი უჯრედის გენომის ამგებელი ორ უმთავრეს ჯაჭვის _ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის და რიბონუკლეინის მჟავის, ანუ იგივე დნმ-ის და რნმ-ის სპირალებს. ნახშირბადოვან სიცოცხლეს არსებობისთვის სჭირდება ენერგია, წყალი და მყარი ზედაპირი. მისი ცხოველქმედების ფორმებია მოძრაობა, გამრავლება და აზროვნება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიცოცხლის ყველა სახე სამყაროში აუცილებლად ნახშირბადოვანი უნდა იყოს, ან ყველა ნახშირბადოვანი სიცოცხლე მაინცდამაინც აღნიშნული მაჩვენებლებით უნდა ხასიათდებოდეს.

 მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი სიცოცხლე, დაფუძნებული წყალზე, რომელიც ჩვენ ვიცით, ეს საკუთრივ ჩვენი, _ ნახშირბადოვანი სიცოცხლეა, არაა გამორიცხული, რომ წყალი იყოს სიცოცხლის სხვა ფორმების საფუძველიც. წყალი წარმოადგენს უნივერსალურ გამხსნელს, სადაც მეტ-ნაკლები ინტენსიფიკაციით იხსნება თითქმის ყველა ქიმიური ელემენტი. ამდენად, წყალი ჰქმნის მეტად ხელსაყრელ გარემოს, რათა ქიმიურ ელემენტებს შორის ორგანული ბმები ჩამოყალიბდეს და ამდენად _ დაიბადოს სიცოცხლე.

 ამასთან, წყლის როლი შეიძლება შეასრულოს სხვა არანაკლებ აქტიურმა გამსხნელებმა _ მაგალითად აზოტის ჰალოგენებმა, ამიაკმა, მეთანმა, ბრომის სულფატმა და ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი ნიშანი რაც ზემოჩამოთვლილ ნივთიერებებს აერთიანებთ, ესაა მათი აგრეგატული მდგომარეობა. ორგანული ბმების გენერაციის აქტიურობისთვის ყველა ეს ნივთიერება წარმოდგენილი უნდა იყოს თხევად ფაზაში. ამდენად, როგორც ჩანს, თხევადი გარემო სიცოცხლის წარმოსაქმნელად და შემდგომი ევოლუციისთვის ერთ-ერთი პრინციპული მნიშვნელობის საკითხია.

 სწორედ ამიტომ მეცნიერები დიდი ყურადღებით ეკიდებიან თხევადი გარემოს არსებობის ნიშნების ძიებას სამყაროში. განსაკუთრებით კი პლანეტებზე. მაგრამ გარდა თხევადი გარემოსი, სიცოცხლის წარმოსაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პირობები, როგორიცაა ტემპერატურა, სინათლე, დედავარსკვლავის სტაბილურობა და ა. შ. თეორიულად შეიძლება არსებობდეს ამ პირობათა შეხამების N ოდენობის ჯამი, რამაც შეიძლება ორგანული ფორმების თავბრუდამხვევი მრავალფეროვნების გენერირებამდე მიგვიყვანოს.

 მაგრამ აქამდე ჩვენ ძირითადად მხოლოდ სიცოცხლის გენერირებისთვის საჭირო ფაქტორებზე ვსაუბრობდით. ახლა კი ვიკითხოთ, _ ხომ არ ჰქონდა ოდესმე კავშირს ადგილი?

 ეს საკითხი წარმოადგენს ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ და გადაუჭრელ ამოცანას. პასუხის გაცემა ამ კითხვაზე მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონიდან გამომდინარე შეუძლებელია. არსებობს მრავალი თეორია და ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით ცივილიზაციის ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე სხვადასხვა ადგილას ადგილი უნდა ჰქონოდა გონიერ სიცოცხლესთან კავშირს. მაგრამ ეს ცნობები მეტისმეტად მითოლოგიზებული და ბუნდოვანია იმისთვის, რომ რეალური კვლევების ბაზისად მივიჩნიოთ.

 იმისათვის რომ მოხდეს კავშირი ორ სხვადასხვა ცივილიზაციას შორის, საჭიროა რომ ისინი განვითარების ერთნაირ, უკიდურეს შემთხვევაში საკმაოდ ახლო სტადიაზე მდებარეობდნენ და სამყაროს აღქმის ლოგიკური პარადიგმების სიტემა ასიმილაციის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდეს.

 ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ (პრინციპულ მიახლოებაში მაინც) დაშვებათა ის უსასრულო სიმრავლე, რაც შეიძლება ახლდეს არამიწიერი წარმოშობის სიცოცხლესთან კავშირს. ასევე უნდა გაანალიზდეს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.

 დასასრულისთვის უნდა ითქვას რომ მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები იმედს სახავს, რომ შემუშავდება ასეთი კავშირებისთვის საჭირო აუცილებელი ფუნდამენტები, რაც ჩვენს ცივილიზაციას დაიცავს ყველა არსებული თუ პოტენციურად არსებული ნეგატიური შედეგებისგან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.