”მოუხელთებელი” მერკური ნოემბრის ცაზე და სხვა სანახაობანი

 ნოემბერი ღამის ცაზე უამრავ საინტერესო სანახაობას გვთავაზობს. სამხრეთით, საღამოს 6 საათზე უკვე ამოსულია 2020 წლის ”განუყრელი წყვილი” – სატურნი და იუპიტერი (სურ. 1). ღამის განმავლობაში ისინი ნელ-ნელა დასავლეთისკენ წაინაცვლებენ და ცაზე დაახლოებით 21.00-მდე დარჩებიან.

სურ. 1. იუპიტერი და სატურნი ცაზე აღმოსავლეთით.

 გაიხედეთ აღმოსავლეთით საღამოს 8 საათზე: მაღლა ცაში კაშკაშებს ჯერ ისევ ეფექტური მარსი, რომელიც მოგვიანებით სამხრეთისკენ გადაინაცვლებს და  ცამრგვალზე გათენებამდე დარჩება (სურ.2). მარსიდან მარცხნივ და ქვემოთ ვხედავთ პლეადებს, რომელიც ხილვადობის მაქსიმუმშია. გვერდით კაშკაშებს მეეტლის თანავარსკვლავედის მშვენება, მოყვითალო მნათობი – კაპელა, ხოლო ქვემოთ ხარის თანავარსკვლავედის ”მრისხანე წითელი თვალი” – ალდებარანი. მოიმარჯვეთ ბინოკლი და გაავლეთ წარმოსახვითი ხაზი მარსსა და ალდებარანს შორის. ამ ”ხაზის” დაახლოებით შუაში მოჩანს ცისფერი პლანეტა – ურანი. მის გადასაღებად მძლავრი ტელესკოპი დაგჭირდებათ.

სურ. 2. აღმოსავლეთით, საღამოს 8 საათზე.

 19 საათისთვის დასავლეთით გამოჩნდება ”ირმის ნახტომი” და ე.წ. ”ზაფხულის სამკუთხედი” – ვეგა, დენები და ალტაირი. ეს შესანიშნავი ორიენტირია  მათთვის, ვისაც სურს გადაიღოს ჩვენი გალაქტიკის ეს ხილვადი ”მკლავი” (როგორ გადავიღოთ ირმის ნახტომი ). 21 საათზე თქვენ შეძლებთ ერთ ფოტოსურათზე აღბეჭდოთ სატურნი, იუპიტერი ”ირმის ნახტომი” და ”ზაფხულის სამკუთხედი” (სურ. 3).

სურ. 3. ”ირმის ნახტომი” და ”ზაფხულის სამკუთხედი”.

 დილის 5 საათზე საოცარი სურათია სამხრეთ-დასავლეთით: ცაზე კაშკაშებს თანავარსკვლავედთა ”ხელმწიფე” – ორიონი (სურ. 4). მოიმარჯვეთ პატარა ბინოკლი და ტელესკოპი, გაავლეთ წარმოსახვითი ხაზი ორიონის სარტყელზე. ამ ხაზის გაგრძელებაზე თქვენ იპოვით კომეტას C/2020 M3 (ATLAS), რომელიც დამკვირვებელს კლასიკურად დიდი კომით და ეფექტური კუდით წარმოუდგება. 16 ნოემბრისთვის კომეტა ორიონის ვარსკვლავ ბელატრიქსის ქვეშ აღმოჩნდება, ხოლო მომდევო დღეებში დაახლოებით ”ირმის ნახტომის” გასწვრივ გააგრძელებს გზას.

სურ. 4. ორიონის თანავარსკვლავედი და კომეტა C/2020 M3 (ATLAS).

 დილის 6 საათზე ამოდის ვენერა, ხოლო 7 საათისთვის დამკვირვებელს ნამდვილი სიურპრიზი ელოდება – აღმოსავლეთით ერთმანეთის მიყოლებით მოჩანს ჩვეულებრივ ”მოუხელთებელი” პლანეტა მერკური, ვენერა და მილევადი ”ნამგალა” მთვარე (სურ. 5). მერკურისა და ვენერას შორის თავს იწონებს სპიკა – ქალწულის თანავარსკვლავედის ულამაზესი მნათობი, ხოლო მარცხნივ ამაყად ბრდღვიალებს ნარინჯისფერი გიგანტი – არქტური, მენახირის თანავარსკვლავედის მთავარი მნათობი.

სურ. 5. დილის 7 საათზე აღმოსავლეთით მოჩანს მერკური, ვენერა და მთვარე.

 დილის 8 საათისთვის, ამომავალი მზის სხივებით გადაფარვის გამო, მერკური უკვე უხილავია, ხოლო ბინოკლით და ტელესკოპით დაკვირვება, სპეციალური ფილტრის გარეშე უკვე სახიფათოა (სურ. 6).

გისურვებთ სასიამოვნო დაკვირვებას და ველით სურათებს!

პატივისცემით,

საქართველოს ასტროკლუბის ადმინისტრაცია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.