მზის სხივები – გავირუჯოთ სწორად

 ულტრაიისფერი სხივები სამ ჯგუფად იყოფა: А, В და С.

 ადამიანისთვის ყველაზე საშიშია – С (სიგრძით 290 ნმ.), თუმცა ის, საბედნიეროდ, დედამიწის ზედაპირამდე ვერ აღწევს, მისგან ოზონის სფერო გვიცავს.

 В-სხივები (290-320 ნმ.) ოზონის სფეროში თავისუფლად გადის, თან დროთა განმავლობაში სულ უფრო ინტენსიურად. სწორედ ის მოქმედებს კანის ზედა ფენებზე და მათში მელანინის გამომუშავების სტიმულაციას ახდენს, რაც კანის გამუქებას იწვევს. რუჯი – ეს არის კანის საპასუხო რეაქცია გამაღიზიანებელზე, მზისგან დაცვის მცდელობა.

 А ნაწილის გრძელი ტალღები (320-400 ნმ.), რომლებიც დედამიწის ზედაპირამდე მოღწეული ულტრაიისფერი გამოსხივების 90-95% შეადგენს, ადამიანზე შეუმჩნეველ ზეგავლენას ახდენს. არ იწვევს დამწვრობას, მაგრამ გააჩნია უფრო ღრმა ფენებში შეღწევის უნარი, რითაც ის სხვადასხვა მზიური ალერგიების პროვოცირებას, კანის დაბერებასა და მისი იმუნიტეტის დასუსტებას იწვევს.

 რატომ არის მზე საშიში?

 თუ კანი მზის ზემოქმედების ქვეშ დიდი ხნით ექცევა, ულტრაიისფერი სხივებისაგან მისი ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმი არასაკმარისი ხდება. В-სხივები კანის სიღრმეებში აღწევს, უჯრედების კედლებს აზიანებს და მზით დამწვრობას იწვევს.

 რაც შეეხება სპექტრის А-სხივებს, ისინი დიდი ხნის განმავლობაში უვნებელი ეგონათ, რადგან გადაჭარბებული დასხივებაც კი არ იწვევს დამწვრობას. უკანასკნელ წლებში გაირკვა, რომ В გამოსხივებისაგან განსხვავებით, А-სხივები კანში ღრმად აღწევს და მისი სტრუქტურის ძირითადი ცილების, კოლაგენისა და ელასტინის გამოუსწორებელ დაზიანებებს იწვევს, ანაოჭებს კანს. ამას თან ერთვის უჯრედების აღნაგობის შეცვლა და ამით გამოწვეული ალერგიული რეაქციები.

 გარდა ამისა, მზის გამოსხივება კანში თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნის – ეს აგრესიული, უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები კანის უჯრედებს შლის, რაც მის ადრეულ დაბერებას იწვევს.

 მზიური კაპიტალი

 სიცოცხლის განმავლობაში კანი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისაგან მხოლოდ 50 000 საათი (თეთრი კანი) და 150 000 საათი (მუქი კანი) გვიცავს.

 სიცოცხლის პირველი წლებიდან დაწყებული, მზესთან ურთიერთობა მაქსიმალურად ფაქიზი და უსაფრთხო უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალურია ე.წ. „მზიური კაპიტალის“ დაკარგვა – კანის გენეტუკური თვისება, აღადგინოს თავისი თავი მზესთან კონტაქტის მერე. „მზიური კაპიტალი“ – ეს ასევე არის კანის უნარი მიიღოს რუჯი, მისი რქოვანი ფენის გასქელება და კანის უჯრედების აღდგენა. ულტრაიისფერი გამოსხივების უარყოფით მოქმედებას დაგროვების თვისება გააჩნია. ამიტომ მზეზე დიდი ხნით ყოფნის დროს მისი დაბერების ნიშნები ძალიან ადრე ვლინდება: ელასტიურობის დაკარგვა, ნაოჭები, პიგმენტური ლაქები. მეცნიერთა მტკიცებით, ერთი სეზონის ინტენსიური გარუჯვა კანს 6 თვით აბერებს. ანუ, თუ უნაკასკნელი 10 წელი არდადეგებს პლაჟზე ატარებდით და ეფიცხებოდით მზეს, მაშინ პირველი ნაოჭები ჩვეულებრივზე 5 წლით ადრე გაგიჩნდებათ.

 „მზიური კაპიტალის“ შესანარჩუნებლად აუცილებელია გარუჯვის დროის მაქსიმალურად შემცირება და მზისგან დამცავი საცხების გამოყენება.

 მზიური ფაქტორი

 ამა თუ იმ საშუალების მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF ან IP) გვიჩვენებს, რამდენი ხანი შეიძლება ვიყოთ მზეზე მისი წასმის მერე, ისე, რომ არ შეგვეშინდეს დამწვრობის. მაგალითად, თეთრკანიანები, რომლებიც რუჯს 5 წუთში იღებენ, SPF20 საცხის გამოყენებისას მზეზე შეუძლიათ იყონ 100 წუთი, ანუ საათნახევარზე მეტი. შედარებით მუქკანიანები, 1 საათიან ულტრაიისფერ დასხივებას ადვილად იტანენ, იგივე საშუალების წასმისას, მათ მზით დატკბობა 1200 წუთის განმავლობაში შეუძლიათ – თითქმის მთელი დღე.

 SPF-ს ლაბორატორიებში ადგენენ, 2 მილიგრამი პროდუქტის ერთ კვადრატულ სანტიმეტრ კანზე წასმის ნორმიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, SPF-ის დადგენის დროს შეუძლებელია კონკრეტული პირობების გაათვალისწინება: ულტრაიისფერი გამოსხივების ძალა, მზის აბაზანების მიღე ბის სიხშირე, ოფლიანობის ინტენსიურობა, წყალთან, ქვიშასთან და პლაჟის პირსახოცთან კონტაქტი. ამიტომ კონკრეტულად თქვენი SPF-ს გამოთვლისას, საჭიროა მიღებული დროის 2-2,5-ზე გაყოფა და საცხების დამატებით თვისებებზე ყურადღების გამახვილება, მაგალითად, წყალმედეგობა(waterproof), მედეგობა ქვიშის მიმართ (sandproof) და ოფლიანობის მიმართ (sweat resistant).

 ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მზისგან დამცავი საცხი მოქმედებას წასმიდან 5-10 წუთის მერე იწყებს, ამიტომ კარგი იქნება თუ ამას სახლში ყოფნის დროს გააკეთებთ.

 ბავშვები და მზე

 დერმატოლოგთა თქმით, სამ წლამდე ასაკის ბავშვები მზის სხივების პირდაპირი მოქმედების ქვეშ საერთოდ არ უნდა მოხვდნენ. პატარების კანში ძალიან ცოტაა უჯრედები, რომლებიც მელანინს გამოიმუშავებს, ამიტომ დამცავი ფენა ძალიან სუსტია. გარდა ამისა, ბავშვების ეპიდერმისის რქოვანი ფენა თითქმის ორჯერ თხელია, ვიდრე დიდების – ულტრაიისფერი სხივები კანში ღრმად აღწევს და იწვევს დამწვრობებს, რომლებიც გაცილებით რთულად და დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს, ვიდრე ზრდასრულებში, ასეთი დამწვრობა კანის კიბოს განვითარების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

 მზისგან დამცავი საშუალებები სამ წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის სპეციალურად ბავშვის კანის მოთხოვნილებებისადმია ადაპტირებული. ის მხოლოდ ნეიტრალურ ფიზიკურ ფილტრებს შეიცავს, დანამატების, ფერის მიმცემებისა და სპირტის გარეშე.

 გარუჯვის დროს, მზისგან დამცავი საცხი პატარას ყოველ 2 საათში წაუსვით, ასევე ყოველი ბანაობის შემდეგ. საცხის დამცავი ფაქტორი არ უნდა იყოს 25-ზე მცირე! ეს მნიშვნელოვანია!

 მზე და წყალი

 წყალი, მზის სინათლის მხოლოდ 5%-ს ირეკლავს (ქვიშა 20%). ამიტომ წყალსაც შეუძლია „მწველი სიურპრიზების“ გაკეთება. ის ულტრაიისფერი სხივების 50%-ს ატარებს და თავისი სიგრილით საშიშროების გრძნობას ანელებს. ამიტომ დამცავი საცხის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება აწერია თუ არა მას Waterproof (წყალმედეგი). განსაკუთრებული წყალგაუმტარი კომპონენტების ხარჯზე ეს პრეპარეტები კანს წყალში საათიანი ყოფნის მერეც ეფექტურად იცავს.

 ყოველი ბანაობის მერე არ დაგავიწყდეთ კანის კარგად გაწმენდა, რადგან წყლის დარჩენილი წვეთები პატარა ლუპებივით მოქმედებს და ძლიერ დამწვრობას იწვევს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.