მათემატიკოსი ქეთრინ ჯონსონი, ფილმ ”ჩრდილში მყოფების” რეალური გმირი, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

მათემატიკოსი ქეთრინ ჯონსოსონი NASA-ს უამრავი მიღწევის უკან იდგა.

NASA-ს მათემატიკოსი ქეთრინ ჯონსონი, ერთერთი ”ადამიანი-კომპიუტერი” , რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ადამიანის კოსმოსში გასვლაში, 2020 წლის 24 თებერვალს, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ღვაწლი დაწვრილებით არის ასახული მხატვრულ ფილმში ”ჩრდილში მყოფები”, სადაც ქეთრინს მსახიობი თარაჯი ჰენსონი განასახიერებს.

“ჯონსონის დახმარებით ჩვენმა ქვეყანამ კოსმოსის უსასრულობაში შეაბიჯა.” – აცხადებს NASA-ს ადმინისტრატორი ჯიმ ბრაიდსთაინი. – ”მან ბილიკი გაუკვალა აფრო-ამერიკელ ქალებს აკადემიური თავისუფლებისკენ, სწორედ იმ მათემატიკოსებს, რომელთა თავგანწირულმა შრომამ ადამიანები მთვარეზე დასვა; ხოლო მათი მემკვიდრეობა მარსისკენ გაგვიძღვება.”

ჯონსონი NASA-მ 1953 წელს დაიქირავა და მას პირველი ამერიკელი ასტრონავტის – ალან შეპარდის ფრენის ტრაექტორიის გამოთვლა დაავალა. ეს იყო ეპოქა, როდესაც ელექტრონული კომპიუტერები ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა. მთელი ეს ურთულესი  გამოთვლები ცარცისა და დაფის მეშვეობით მიმდინარეობდა და უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვდა.

NASA-ს კოსმოსურ მეცნიერებათა პროფესორი და მათემატიკოსი, ქეთრინ ჯონსონი, 1966 წელს. ლენგლის კვლევით ცენტრში, ჰემპთონი, ვაიომინგი, აშშ.

როდესაც ასტრონავტი ჯონ გლენი დედამიწის გარშემო ორბიტაზე გასასველად ემზადებოდა, ამ პიონერული მისსიის შესრულებამდე კატეგორიულად მოითხოვა, რომ ყველა კალკულაცია პირადად ქეთრინ ჯონსონს გადაემოწმებინა. ისე გამოვიდა, რომ ჯონ გლენი მას უფრო ენდობოდა, ვიდრე ახლად შემოსული ელექტრონული კომპიუტერებით ჩატარებულ გამოთვლებს. ”თუ ქეთრინი იტყვის – ყველაფერი წესრიგშიაო, ისე გავფრინდები, თვალსაც არ დავახამხამებ!” – განაცხადა ჯონ გლენმა.

“NASA-ში გატარებული 33 წლის მანძილზე ჯონსონმა რასის და სქესის ბარიერი გაარღვია.” – განუცხადა გამოცემა ”Time”-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. –”ქეთრინმა მაგალითი მისცა ახალგაზრდებს და აჩვენა მათ, რომ მათემატიკასა და მეცნიერებაში წარმატება მათ ვარსკვლავებისკენ გაუკვალავს გზას.”

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქეთრინ ჯონსონს თავისუფლების მედლით აჯილდოებს – 2015 წლის 24 ნოემბერი, თეთრი სახლი, ვაშინგტონი.

”ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მის სიმამაცეს, პროფესიონალიზმს და იმ უზარმაზარ ღვაწლს, რომელიც მან კოსმოსური მეცნიერებების განვითარებაში შეიტანა.” – განაცხადა  ბრაითსტაინმა გამოსამშვიდებელ სიტყვაში.

NASA პატივს მიაგებს ”ადამიან-კომპიუტერს”, ქეთრინ ჯონსონს, რომელიც მათ 33 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა. 2017 წელს NASA-ს ლენგლის კოსმოსური ცენტრის კომპიუტერული გამოთვლების ოფისს ქეთრინ ჯონსონის სახელი მიენიჭა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.