კიდევ ორი ჯუჯა პლანეტა მზის სისტემაში

 ბნელი ენერგიის საკვლევმა კამერამ ჩვენი სისტემის კიდესთან ორი დიდი ობიექტი აღმოაჩინა, 600 და 1000-მდე კმ. დიამეტრებით(NewScientist).

 ჯუჯა პლანეტობის კანდიდატი 2013 FZ27 ახლა მზეს 50 ასტრონომიული ერთეულით(ა.ე.) არის დაშორებული, ანუ 50-ჯერ შორს ვიდრე ჩვენ. 600 კილომეტრიანი დიამეტრი მის მასიურობაზე მეტყველებს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ გრავიტაციამ მას სფეროიდალური ფორმა მისცა, ეს კი ჯუჯა პლანეტების უმთავრესი განმასხვავებლი ნიშანია. 2013 FY27 ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო საინტერესოა: მისი დიამეტრი დაახლოებით 1000 კილომეტრია, ხოლო მზეს 80 ა.ე-თი არის დაშორებული. როგორც ჩანს, ეს ობიექტი ახლა აფელიუმთან, თავისი ორბიტის ყველაზე შორეულ წერტილთან არის ახლოს, რომლამდე მანძილიც მზიდან 82,6 ა.ე-ს უტოლდება, პერიჰელიუმი კი 35,7 ა.ე-ზე მდებარეობს.

 ეს ყველაფერი 2013 FY27-ის წარმომავლობის დადგენას ართულებს. ითვლება, რომ კოიპერის სარტყელი დაახლოებით 50-55 ა.ე-ზე მთავრდება, ანუ FZ27 მის გარე კიდეზე მდებარეობს. FY27 კი შეგვიძლია მივაკუთნოთ გაფანტულ დისკოს, რომელშიც, კოიპერისგან განსხვავებით, მზიდან ძალინ შორს მდებარე არასწორი ორბიტების მქონე ობიექტები იმყოფებიან. ამ თვალსაზრისით FY27, მისი დახრილი ორბიტით – 33°, უფრო, გაფანტული დისკოს ობიექტებს შეესაბამება, ვიდრე „სწორ“ კოიპერის სარტყელს(კიდევ ერთი ობიექტი მზის სისტემის კიდესთან).

 აღსანიშნავია ბნელი ენერგიის საკვლევი კამერის ეფქტურობა, რომლის პირდაპირი დანიშნულება პლანეტების აღმოჩენა არ არის. მისი 520 მეგაპიქსელიანი კამერა, როგროც სახელიდან ჩანს, მილიონობით შორეული მკრთალი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების დასანახავად შეიქმნა, რითაც სამყაროს გაფართოების სიჩქარე და შესაბამისად ბნელი ენერგიის მოქმედება დგინდება.

 ხანგრძლივი დაკვირვებებით მიღებულ გიგაბაიტობით მონაცემებში მზის სისტემის უშორესი ობიექტებიც გამოვლინდნენ: ისინი გამოსახულებებზე სამყაროს სხვა რეგიონებში მდებარე გალაქტიკებზე სწრაფად გადაადგილდებოდნენ, რომლებიც ფაქტიურად უძრავნი არიან დედამიწელი დამკვირვებლისთვის, ანუ გაცილებიტ ახლოს არიან. კამერის მაღალი მგრძნობელობა მილიარდობით სინათლის წლის იქეთ მდებარე ობიექტების მიმართ ჯუჯა პლანეტების აღმოჩენის საქმეშიც გამოდგა. სქოთ შეპარდი კარნეგის ინსტიტუტიდან(ა.შ.შ.), ორივე ობიექტის აღმომჩენი, დარწმუნებულია, რომ „მომავალში კიდევ ბევრ ასეთ აღმოჩენას უნდა ველოდეთ“.

 ეს მართლაც ასეა: არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ითვლებოდა, რომ პლუტონის ორბიტაზე, რომელსაც დაახლოებით FZ27-ის ორბიტაც შეესაბამება, ყველა დიდი ობიექტი უკვე ცნობილია, ხოლო ახალი აღმოჩენები იმაზე მეტყველებენ, რომ 600 კმ-ზე დიდი სხეულებიც კი ახერხებდნენ ასტრონომთა თვალთახედვიდან გასხლტომას. კიდევ უფრო მეტად ეს, გაფანტული დისკოს სხეულებს ეხება, 1000 კილომეტრიანი FY27-ის მსგავსებს(”ბნელი ენერგიის კამერა” პირველ ფოტოებს იღებს; ”ბნელი ენერგიის კამერა” პირველ ფოტოებს იღებს; ზეცივი კამერა ბნელი ენერგიის შესასწავლად).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.