თავის ქალა დმანისიდან Homo-ს სახეობების არსებობას ეჭვქვეშ აყენებს

 ანთროპოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ დმანისში ნაპოვნი თავის ქალების შიგა ანატომიური მონახაზების ვარიაციები Homo habilis, Homo erectus-ისა და სხვა ძველი ადამიანების ცალკე სახეობებად გამოყოფის მართებულობას ეჭვქვეშ აყენებს(Science).

 ძველი ადამიანის ქვედა ყბა, რომელიც კვლევის ობიექტად იქცა, ანთროპოლოგებმა ჯერ კიდევ 2000 წელს იპოვეს, 4 წლის მერე კი მისი თავის ქალა და ჩონჩხის შემადგენელი რამდენიმე ძვალიც. წინა ოთხი ადამიანის მსგავსად, ყველა დანარჩენი ძვლებიც აღმოაჩინეს ორმოებში, რომლებიც მტაცებელი კატების ბუნაგებს წარმოადგენდნენ.
ტომოგრაფიული მონაცემების საფუძველზე ჩატარებული კომპიუტერული მოდელირება გვიჩვენებს, რომ ბოლოს ნაპოვნი თავის ქალის მეპატრონეს ტვინის მოცულობა მხოლოდ 546 კუბურ სანტიმეტრს შეადგენდა. Homo-ს წარმომადგენელთათვის ეს ძალინ მცირე მაჩვენებელია: სამჯერ პატარა, ვიდრე თანამედროვე ადამიანის და ძალიან ახლოსაა ავსტრალოპითეკის მაჩვენებელთან(450სმ2). სხვა ნაწილების ფორმების მიხედვით(წარბზედა რკალები, წინ გაწეული ყბები) ქალა ნომერი 5 ძალიან პრიმიტიული აღმოჩნდა, თუმცა ის ერთმნიშვნელოვნად, სწორედ Homo-ს ეკუთვნის.

 ძველი ადამიანის სახეობის დადგენის მცდელობისას, კვლევის ავტორებმა ხუთივე ქალა ერთმანეთს შეადარეს და ვარიაციების სტატისტიკური ანალიზი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ მათი განსხვავებების მაჩვენებელი დიდია, თუმცა ყველა ძვალი ერთ ადგილზე იქნა ნაპოვნი და დროის ძალიან ვიწრო შუალედებით თარიღდება. იმის გამო, რომ უძველესი დმანისელი ადამიანები ერთი პოპულაციის წარმომადგენლები არიან და ერთმანეთისგან მხოლოდ სქესითა და ასაკით განსხვავდებიან, ეს მათ ანატომიურ აღნაგობაში არსებულ განსხვავებათა მოულოდნელად მაღალ ვარიაციებზე მეტყველებს. ანთროპოლოგთა თქმით, თავის ქალები აფრიკის კონტინენტის სხვადასხვა წერტილებში რომ ეპოვათ, მათ სხვადახვა სახეობებს მიაკუთვნებდნენ: განსხვავებები Homo habilis-სა და Homo erectus-ს შორის დმანისში ნაპოვნი თავის ქალების ანატომიურ ვარიაციებს შიგნით ეტევა.

 დმანისში ნაპოვნი თავის ქალების ასაკი დაახლოებით 1,8 მილიონი წელია და ერთად-ერთი მოწმობაა უძველესი ჰომინიდების არსებობისა აფრიკის კონტინენტს გარეთ. ზოგიერთი ანთროპოლოგის შეფასებით, ეს, უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა (ძველი ციილიზაციები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.