დღე, როდესაც ამერიკა კოსმოსში გაიჭრა

 1958 წლის 31 იანვარს, პატარა, ფანქრის ფორმის სატელიტი დედამიწის ორბიტაზე გავიდა და  ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კოსმოსის კარი შეაღო. ”მკვლევარი 1” (Explorer 1) აღჭურვილი იყო იმ დროისთვის რევოლუციური, მინიატურული სამეცნიერო ხელსაწყოებით, რომლებმაც დედამიწის ზედაპირის სურათები გადმოსცეს, შეისწავლეს მისი ბიოსფერო, ტემპერატურული ზღვრები, ატმოსფერული მოვლენები და ქიმიური შედგენილობა. ამ აპარატის კოსმოსში გაგზავნით საფუძველი ჩაეყარა კოსმოსურ სამეცნიერო და სამხედრო-დაზვერვით პროგრამებს, სატელიტურ ტელეკომუნიკაციას და ასტრონავტიკას.

1) ”Explorer 1” და მისი შემქმნელი მეცნიერები (მარცხნიდან მარჯვნივ): NASA-ს რეაქტიული ძრავების (JPL) დირექტორი უილიამ პიკერინგი, აიოვას უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჯეიმს ვან ალენი და ლეგენდარული ვერნერ ფონ ბრაუნი, იმ დროისთვის სამხედრო-ბალისტიკური იარაღების დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი. სურათი გადაღებულია ღამის 1-ლ საათზე, ვაშინგტონის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, კონფერენციაზე, რომელზედაც ოფიციალურად განაცხადეს, რომ: ”1958 წლის 31 იანვარს, ფლორიდის კანავერალის კონცხიდან, 10 საათსა და 48 წუთზე, სტარტი აიღო  რაკეტა მატარებელმა “Jupiter C”, რომელმაც შუაღამისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პირველი თანამგზავრი ”მკვლევარი 1” დედამიწის ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა (NASA/JPL-Caltech).

კოსმოსურ შეჯიბრში ჩართული აშშ და საბჭოთა კავშირი წლების განმავლობაში მუშაობდნენ ისეთი თანამგზავრის შექმნაზე, რომელიც, რაკეტა-მატარებლის თავზე მოთავსებული, კოსმოსში უვნებლად გაიჭრებოდა და დედამიწის ორბიტაზე გავიდოდა. საბჭოთა კავშირმა 1957 წლის 4 ოქტომბერს ორბიტაზე ”Спутник 1” გაიყვანა, ხოლო 1958 წლის 31 იანვარს აშშ-მ წარმატებით გაუშვა  სამეცნიერო ინსტრუმენტებით აღჭურვილი თანამგზავრი ”Explorer 1”. კაცობრიობის ისტორიაში კოსმოსური ერა დაიწყო.

“Explorer” – ის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები.

 1950-იან წლებში მთავარი საინჟინრო გამოწვევა საიმედო, მრავალსაფეხურიანი რაკეტა-მატარებლის შექმნა იყო.  ორბიტაზე ”მკვლევარი 1”- ს გასაყვანად ინჟინრებმა ყოფილი სამხედრო-ბალისტიკური რაკეტის ”Jupiter C” მოდიფიცირება მოახდინეს – რაკეტას დაემატა მეოთხე  სტრუქტურული საფეხური, რომელიც NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში, სპეციალური შეკვეთით დამზადდა; ამ მიზნით სარაკეტო ძრავი პირდაპირ თანამგზავრში მოათავსეს. ამ ახალ, ოთხსაფეხურიან რაკეტას “Juno 1” უწოდეს.

 ”Explorer 1” პირველი ორბიტული ობსერვატორია იყო. მის გაშვებამდე, ყველა მონაცემი დედამიწისეული პარამეტრების შესახებ, სახმელეთო და სტრატოსფერული ხელსაწყოების მიერ გროვდებოდა. ”მკვლევარი 1”-ის შემდეგ დაიწყო პლანეტის გლობალური კვლევა კოსმოსიდან, გაიგზავნა ხელსაწყოები მთვარის, მზის სისტემის სხვა პლანეტების და ასტეროიდების უშუალოდ გამოსაკვლევად.

”Explorer 1”-ში ჩამონტაჟებული სამეცნიერო ხელსაწყოები და მისი ორკომპონენტიანი გარსაცმი. ჯეიმს ვან ალენის საუნივერსიტეტო არქივიდან (RG 99.0142), აიოვას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.” Explorer 1”-ის მთავარი სამეცნიერო ხელსაწყო კოსმოსური სხივების დეტექტორი იყო, რომელიც აიოვას უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს ვან ალენმა დაამზადა. გაზომვების შედეგად აღმოჩნდა, რომ დედამიწის ორბიტაზე გამოსხივება მოსალოდნელზე გაცილებით უფრო სუსტი იყო და ადამიანებს დიდ საფრთხეს არ უქმნიდა. ჯეიმს ვან ალენმა ივარაუდა, რომ ამ გამოსხივების შესუსტება დედამიწის მძლავრი მაგნიტური ველის დამსახურება იყო, რომელიც დამუხტულ ნაწილაკებს ძალწირებში ჩაიჭერდა. დედამიწის გარშემო ასეთი რადიაციული სარტყლების არსებობა დაადასტურა ”Explorer 3”-ის, ”Pioneer 3”-ის და ”Explorer 4” საშუალებით ჩატარებულმა კვლევებმაც. ამ სტრუქტურებს ვან ალენის რადიაციული სარტყლები სწორედ აღმომჩენის საპატივცემულოდ ეწოდება.

”Explorer 1”-ის ხელსაწყოებისა და მათი ფუნციონირების გრაფიკული სქემა. NASA/JPL-Caltech

ვან ალენის რადიაციული სარტყლების ბუნების გარკვევა  დღესაც ერთ-ერთი აქტუალური სამეცნიერო საკითხია. ეს დამუხტული რეგიონები და მაგნიტური  ძალწირები ზომაში მზიდან მოღწეული რადიაციული ნაკადების შესაბამისად ვიწროვდება ან ფართოვდება და ბიოსფეროს მაღალენერგეტიკური ნაწილაკების მავნე ზემოქმედებისაგან იცავს; თუმცა, სამწუხაროდ, ეს გამოჭერილი ნაწილაკები, ჩვენს გარე-ორბიტულ ხელსაწყოებზე ცუდ ზეგავლენას ახდენს და აფერხებს კომუნიკაციას. ვან-ალენის სარტყლებში დიდი ხნით ყოფნა სახიფათოა ასტრონავტების ჯანმრთელობისა და კოსმოსური ხომალდებისთვისაც.

 კოსმოსური აპარატების უმეტესობა ერთ დღესაც კი ვერ გაუძლებდა ვან ალენის სარტყლებში არსებულ მძლავრ რადიაციას, ამიტომ ისინი დიდი სიჩქარით გაივლიან ამ ადგილებს, და ამ დროის განმავლობაში გამორთულია ყველა ინსტრუმენტი, რომლის მუშაობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის.

 2012 წელს NASA-მ სატელიტების რადიაციული ჯავშანი გამოსცადა და ვან ალენის სატყლებში ზონდები განათავსა (Van Allen Probes). (რაკეტა-მატარებელი, რომელმაც ეს ზონდები ორბიტაზე გაიყვანა, სიმაღლით 2-ჯერ აღემატებოდა ”Explorer 1” რაკეტა-მატარებელს!).

ვან-ალენის სარტყლების გრაფიკული გამოსახულება. ნაჩვენებია ზოგიერთი კოსმოსური აპარატის, მათ შორის – ვან ალენის ზონდების ადგილმდებარეობა. NASA

ვან ალენის ზონდები იდენტური ხელსაწყოებით არიან აღჭურვილნი და იმდენად გაწელილ, ელიფსურ ორბიტაზე გადაადგილდებიან, რომ დედამიწასთან მიახლოებისა და დაშორების წერტილები 500-დან 31250 კილომეტრის ფარგლებში იცვლება. ზონდები ვან-ალენის სარტყლების სხვადასხვა უბანში გაივლიან და მეცნიერებს რადიაციის სიმძლავრეების ცვალებადობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან.

httpv://youtu.be/XKCMaJBXmzY

 საინფორმაციო ვიდეო ვან ალენის სარტყლების მკვლევარი ზონდების მუშაობის შესახებ(NASA Goddard).

 უკვე 60 წელია, NASA, ”მკვლევარი 1”-ის მიერ გაკვალულ ბილიკებს მიუყვება, და, თუმცა კითხვების რაოდენობა მიღებული პასუხების პარალელურად იზრდება, ორბიტული ხომალდების მიერ გადმოცემული, საოცარ კოსმოსურ მოვლენათა გამოსახულებები, მომავალ თაობათა ინსპირაციას კვლავაც აგრძელებს.

httpv://www.youtube.com/watch?v=iW_3uXXoWIk

 NASA-ს რეაქტიული ძრავების (JPL) ისტორიული კადრების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი ”მკვლევარი 1” -ს შესახებ)NASA/JPL-Caltech).

ასევე, იხილეთ სურათების გალერეა:

https://explorer1.jpl.nasa.gov/galleries/explorer-1/

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.