დრეიკის განტოლება

 კაცობრიობის უმეტეს ნაწილს დღეს ეჭვიც არ ეპარება, რომ დედამიწისეული ცივილიზაცია ერთად-ერთი არ არის სამყაროში. მაგრამ, არსებობს თუ არა რაიმე მეცნიერული საფუძველი იმისათვის, რომ ხელაღებით არ ვუარყოთ ეს მომხიბლავი თვალსაზრისი?

 1961 წელს, დასავლეთ ვირჯინიაში (აშშ) გამართულ ასტრონომების მორიგ შეკრებაზე, სახელგანთქმულმა მეცნიერმა ფრენსის (ფრენკ) დრეიკმა წარმოადგინა ზემოაღნიშნული თვალსაზრისის მათემატიკური მტკიცებულება, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

N =  R fp ne fl fi fc (L/T)

სადაც:

N = ჩვენს გალაქტიკაში დეტექტირებად ცივილიზაციათა საერთო რიცხვი;

R = ჩვენს გალაქტიკაში არსებული მზის მსგავსი ვარსკვლავების რაოდენობა;

fp = პლანეტების საშუალო რაოდენობა ვარსკვლავის ირგვლივ;

ne = სიცოცხლისათვის ვარგისი პლანეტების წილი;

fl = სიცოცხლისათვის ვარგისი პლანეტების წილი, რომლებზეც მართლაც აღმოცენდა სიცოცხლე;

fi = პლანეტების წილი, რომლებზედაც გონიერი ცივილიზაცია განვითარდა;

fc = კონტაქტისუნარიან ცივილიზაციათა წილი;

L = კომუნიკაციის ხანგრძლივობა

T = ჩვენი გალაქტიკის ასაკი.

 ამ ფორმულას  დ რ ე ი კ ი ს   გ ა ნ ტ ო ლ ე ბ ა  ეწოდება და დღეს იგი გამოიყენება არა მარტო ჩვენს გალაქტიკაში, არამედ – მთელ დანარჩენ სამყაროში არსებულ ცივილიზაციათა რიცხვის მიახლოებითი განსაზღვრისათვის.

 უკვე განხილული საკითხები საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ დრეიკის ფორმულაში (განტოლებაში) შემავალი თანამამრავლები. ყოველი შემდგომი თანამამრავლის შეფასებისას ჩვენ სულ უფრო უიმედო და არაზუსტ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მაგალითად, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გალაქტიკაში ვარსკვლავების საერთო რიცხვი დაახლოებით 400 მილიარდია. ამ რიცხვის სიზუსტის კოეფიციეტი დაახლოებით 2-ის ტოლია. ეს სულაც არ არის იდეალური მდგომარეობა, მაგრამ იგი ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე, ვთქვათ, გონიერი ცივილიზაციებით დასახლებული პლანეტების რიცხვის შეფასება. აქ ჩვენ იძულებულნი ვართ მხოლოდ ჩვენს ინტუიციას დავეყრდნოთ და, აგრეთვე, იმ დასკვნებს, რომლებიც შეგვიძლია ჩვენი ცივილიზაციის განვითარების მაგალითზე გამოვიტანოთ. და ბოლოს, დრეიკის ფორმულის ბოლო წევრის შეფასებისას უდიდეს სიძნელეებს ვაწყდებით დროის ინტერვალის თაობაზე, რომლის განმავლობაშიც ცივილიზაცია ინარჩუნებს კონტაქტის დამყარების სურვილსა და უნარს. მიუხედავად ყველაფრისა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფორმულაა, რომ იგი ჩვენი საუკეთესო მონაცემებით უნდა შეივსოს.

ფრენკ დრეიკი.

 გალაქტიკაში არსებულ მზისმაგვარ ვარსკვლავთა რიცხვი R ასე თუ ისე ზუსტია. ვარსკვლავების ევოლუციის შესწავლით დადგინდა, რომ ვარსკვლავების რაოდენობის ნახევარი მაინც, თუ მეტი არა, 5 მილიარდ წელიწადზე მეტ ხანს არსებობს, რაც სრულებით საკმარისია გონიერი სიცოცხლის განვითარებისათვის. და, რადგან წინასწარი მონაცემებით, ჩვენს გალაქტიკაში არსებულ ვარსკვლავთა დაახლოებით ნახევარი მაინც მზის მსგავსია, ამიტომ დრეიკის ფორმულის ამ წევრისთვის ავიღოთ მნიშვნელობა – 0,5.

 პლანეტების საშუალო რიცხვი fp ვარსკვლავებისათვის ცნობილი არ არის, მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ მზის სისტემას, ეს რიცხვი დაახლოებით 10-ის ტოლი იქნება. ეს სავსებით მისაღებია, ვინაიდან, როგორც ჩანს, მზე სავსებით ტიპიური ვარსკვლავია.

 შემდეგი თანამამრავლი ne ანუ სიცოცხლისთვის ვარგისი დედამიწისმაგვარი პლანეტების პროცენტული რაოდენობა, ასევე მზის სისტემის მიხედვით შეიძლება შევაფასოთ. აქ მხოლოდ დედამიწაა სიცოცხლისათვის ვარგისი და მარსი – თითქმის ვარგისი, ან, შესაძლოა, ვარგისიც. ძალზე ფრთხილი შეფასებებიდან გამომდინარე, ყოველ მეოთხე პლანეტურ სისტემას აქვს სიცოცხლისათვის ვარგისი პლანეტა. შესაბამისად, თუ პლანეტურ სისტემებში დაახლოებით 10 პლანეტაა, მაშინ საშუალოდ 10-დან 2 პლანეტაა სიცოცხლის წარმოშობისათვის ვარგისი.

 სიცოცხლისათვის ვარგისი პლანეტების წილი fl რომლებზედაც მართლაც განვითარდა სიცოცხლე, დაახლოებით 1-ის ტოლია. და მაინც, ამ წევრისათვის, სიფრთხილის გამო, ავიღოთ მნიშვნელობა 0,5. თუმცა, შეიძლება მივიღოთ რეალურად დასახლებული პლანეტების ორჯერ შემცირებული რიცხვი.

როგორია ცივილიზაციის არსებობის ხანგრძლივობა?

 დრეიკის ფორმულის შემდეგი თანამამრავლი fi – ეს არის იმ დასახლებული პლანეტების წილი, რომლებზედაც გონიერი სიცოცხლე ვითარდება. და ისევ, თუკი მზის სისტემისა და დედამიწის მაგალითს მოვიშველიებთ, მაშინ ეს რიცხვი 1-ს გაუტოლდება, თუმცა ისევ გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ავიღოთ მნიშვნელობა – 0,5.

 და ბოლოს, განვიხილოთ ცივილიზაციის სიცოცხლის ხანგრძლივობის საკითხი მას შემდეგ, რაც ის კონტაქტის უნარსა და სურვილს შეიძენს.

 ამ ბოლო წევრის შეფასების დროს ჩვენ თითქმის გადაულახავ სიძნელეს ვაწყდებით. ჩვენმა ცივილიზაციამ კოსმოსში შეტყობინებათა გაგზავნის უნარი რამოდენიმე თაობის განმავლობაში შეიძინა. დედამიწიდან ჯერჯერობით მხოლოდ რამოდენიმე შეტყობინება გაიგზავნა, ამიტომ ეს კონტაქტის დამყარების დიდ სურვილად არ ჩაითვლება. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შემდეგია – რამდენ ხანს იარსებებს ჩვენი ცივილიზაცია და როდემდე შეინარჩუნებს ის გალაქტიკის სხვა ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარების ინტერესს? ვინაიდან მომავალში ვერ გადავინაცვლებთ, კითხვა უპასუხოდ რჩება. ამ მონაცემს უდიდესი მნიშვნელობა ექნება ცივილიზაციათა საბოლოო რიცხვის განსაზღვრისათვის, ამიტომ, დავტოვოთ ეს სიდიდე უცნობად დრეიკის განტოლებაში და აღვნიშნოთ ის L ასოთი. ახლა კი მივიღოთ T – გალაქტიკის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად, როგორიცაა 10 მლრდ. წელი და ჩავსვათ დრეიკის განტოლებაში ჩვენს მიერ განსაზღვრული მნიშვნელობები:

გალაქტიკაში ცივილიზაციათა რიცხვი = 400 X 109X 0,5 X 10 X 0,025 X0,5 X 0,5 XL/1010

 დავაზუსტოთ, რომ L სიდიდე განისაზღვრება წლებით, ისევე, როგორც გალაქტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობა T. თანამამრავლების გადამრავლების შედეგად მივიღებთ, რომ გალაქტიკაში არსებული ცივილიზაციების რიცხვი, რომელთაც ვარსკვლავთშორისი კონტაქტის დამყარების უნარი და სურვილი აქვთ, 1,25L-ის ტოლია, სადაც L წლებით განსაზღვრული ცივილიზაციის სიცოცხლის ის დროა, როდესაც მას აქვს სხვა ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარების უნარი და სურვილი. ფორმულაში შემავალი წევრების გაურკვეველ მნიშვნელობათა გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ დროისათვის ჩვენს გალაქტიკაში არსებული შესაფერისი ცივილიზაციების რაოდენობა ამ ცივილიზაციათა სიცოცხლის ხანგრძლივობის ტოლია. ქვემდებარე ტაბულაში მოყვანილია სხვადასხვა მნიშვნელობები, სადაც საუბარია სხვადასხვა ალბათობაზე, როგორც ყველაზე საუკეთესო, ასევე – ყველაზე ცუდი პროგნოზით.

 მოკლედ, ყოველივე განისაზღვრება სწორედ ცივილიზაციის არსებობის ხანგრძლივობით. თუ დედამიწის ცივილიზაცია ტიპიურია და იგი, ვთქვათ, ვარსკვლავთშორისი რადიომეთოდების შემუშავებიდან 100 წლის შემდეგ გაქრება, მაშინ L მნიშვნელობა 100 წელს გაუტოლდება, ხოლო ცივილიზაციების რიცხვი ამ, ან დროის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში 100 იქნება, ანუ, მათი შანსები,იპოვონ ერთმანეთი, ძალზე მცირე აღმოჩნდება. მეორე მხრივ, თუკი ჩვენნაირი ტექნოლოგიური მიღწევების მქონე ცივილიზაცია იპოვის საშუალებას, რომ დაუსრულებლად დიდხანს იარსებოს, მაშინ L გაუტოლდება 2,3 ან 5 მლრდ. წელიწადსაც კი _ ანუ, ჩვენი გალაქტიკის შესაფერის ვარსკვლავთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. ასეთ შემთხვევაში ცივილიზაციათა რიცხვი მილიარდს მიაღწევს. სინამდვილეში, ჭეშმარიტება სადღაც შუალედურ მნიშვნელობაში უნდა ვეძებოთ. თუკი L დაახლოებით 1 მილიარდი წელიწადის ტოლია, მაშინ დღეს გალაქტიკაში დაახლოებით მილიონამდე ცივილიზაციაა, რომელთანაც ჩვენ კონტაქტის დამყარება შეგვიძლია.

 ეს გამოთვლები მხოლოდ ჩვენს გალაქტიკას შეეხება და კოსმოსში მილიარდობით მილიარდი თუ არა, უსასრულოდ ბევრი სხვა გალაქტიკა არსებობს. ჩვენ მშობლიური გალაქტიკით შემოვიფარგლეთ, ვინაიდან შიდაგალაქტიკური კავშირები ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გალაქტიკათშორისი, თუმცა, არც ეს უკანასკნელია შეუძლებელი. უბრალოდ, ამ შემთხვევაში შეტყობინებაზე პასუხის მიღებისათვის უსასრულოდ დიდხანს ლოდინი მოგვიწევს.

კოსმოსური ტელესკოპის – ”ჰაბლის” მიერ გადაღებული სურათი, რომელიც ადასტურებს, რომ სამყაროში მილიარდობით მილიარდი სხვა გალაქტიკაა.

 გალაქტიკაში უახლოესი ვარსკვლავებისაკენ შეტყობინების გაგზავნას და პასუხის მიღებას რამოდენიმე წელიწადი ესაჭიროება, ხოლო უფრო მეტად დაშორებული ვარსკვლავებისაკენ ინფორმაციის მიმოცვლას _ ათასობით. ანდრომედას გალაქტიკაში მყოფ ცივილიზაციებთან შეტყობინებათა გაცვლა-გამოცვლას დაახლოებით 4 მილიონი წელი დასჭირდებოდა, ხოლო ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედში შემავალ ერთ-ერთ გალაქტიკასთან ურთიერთობას – 250 მილიონი წელი.

 თუმცა, არამიწიერ გონთან მომხიბვლელი კონტაქტის დასამყარებლად პერმანენტული დიალოგი სასიცოცხლო აუცილებლობას როდი წარმოადგენს. რაიმე ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილი შეტყობინების მიღება პოეზიის, მუსიკისა თუ სხვაგვარი ცოდნის სახით, თუნდაც ეს ცივილიზაცია შეტყობინების მიღებამდე დიდი ხნით ადრე დაღუპულიყო, ჩვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებდა. მაგრამ, ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი დიალოგის შემთხვევაში ჩვენი შანსები გაიზრდება, თუკი ჯერ-ჯერობით ჩვენი გალაქტიკის საზღვრებში არსებული მეზობელი ცივილიზაციებით შემოვიფარგლებით, რომელთა რიცხვი, როგორც უკვე დავრწმუნდით, ასიდან რამდენიმე მილიარდამდე უნდა მერყეობდეს.

 დრეიკის ფორმულაში შესაძლებელია დამატებითი მნიშვნელობების შეტანა ან მათი შეცვლა უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, მას სხვადასხვა ფორმით შევხვდებით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.