დედამიწის ცენტრი სხვა სიჩქარით ბრუნავს

 მეცნიერთა ჯგუფმა ჰრვოე ტკალიჩიჩის(Hrvoje Tkalcic) მეთაურობით, ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კოლეჯიდან, ბოლო 50 წლის განმავლობაში, დედამიწის შიგა ბირთვის ბრუნვის სიჩქარის შეფასება მოახერხა(PhysOrg).
უცნაურია, რომ ეს სიჩქარე არა მარტო განსხვავდება მანტიის ბრუნვის სიჩქარისაგან(ფენა ბირთვსა და ქერქს შორის), არამედ იცვლება დროში.
სამოცდაათიან და ოთხმოცდაათიან წლებში ბირთვი მანტიაზე სწრაფად ბრუნავდა, ხოლო ოთხმოციანებში ნელა. წინასწარი შეფასებებით, ბირთვის ბრუნვის სიჩქარის მნიშვნელოვანი მატება, შესაძლებელია, უკანასკნელ წლებშიც მიმდინარეობს. ვარაუდი იმის შესახებ, რომ დედამიწის შიგა ნაწილი გარე ნაწილებისგან განსხვავებული სიჩქარით ბრუნავს, პირველად 1692 წელს ედმუნდ ჰალემ(ჰალეს კომეტა) გამოთქვა. მეცნიერები თვლიდნენ, რომ ბირთვი მუდმივი სიჩქარით ბრუნავდა, თუმცა ამ ჰიპოთეზის უარყოფა ან დამტკიცება მონაცემთა დამუშავებისათვის საჭირო მათემატიკური მეთოდების არ არსებობის გამო ვერ ხერხდებოდა.
ავსტრალიელი მეცნიერების მიერ შემუშავებული მეთოდით, ბირთვის ბრუნვის შეფასება, მიწისძვრის დუბლეტებზე(ერთნაირი მიწისძვრები,რამდენიმე კვირიანიდან 30-40 წლიანი ინტერვალებით) დაკვირვებებით ხდება. ასეთი წყვილი მიწისძვრების სეისმოლოგიურ მონაცემებში მცირე განსხვავებები არსებობენ, რაც შიგა ბირთვის ზეგავლენით არის განპირობებული. სწორედ ამ განსხვავბების საშუალებით შეძლეს მეცნიერებმა დედამიწის ბირთვის ბრუნვის 50 წლიანი ისტორიის აღდგენა.
ავტორთა თქმით, ახალი მეთოდი ეფექტური ინსტრუმენტი იქნება პლანეტის დინამიკის შესწავლის საქმეში, მისი შინაგანი სტრუქტურისა და დედამიწის მაგნიტური ველის ფორმირებაზე ბირთვის ზეგავლენის კვლევაში(პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე; ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.