ასტრონომებმა გამოავლინეს ვარსკვლავთშორისი ძაფი, რომელიც სიცოცხლისთვის დამახასიათებელი მოლეკულებით არის სავსე

”ალმა” და ”როზეტა”ფოსფორის მოგზაურობის კვალდაკვალ

 “სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, თუმცა ამ პროცესის ბევრი დეტალი ჩვენთვის დღემდე უცნობია” – ამბობს ვიქტორ რივილა, რომლის სამეცნიერო ჯგუფი ელემენტ ფოსფორისა და სიცოცხლის წარმოშობის კავშირებს იკვლევს. მორიგი ნაშრომი ახლახანს გამოქვეყნდა სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ყოველთვიურ გამოცემაში. პროექტი ატაკამას დიდი მილიმეტრული/სუბმილიმეტრული რადიოტელესკოპური კომპლექსის – ”ალმა”, საშუალებით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია ევროპის სამხრეთ ობსერვატორია – ESO (European Southern Observatory) და მათი აპარატი – კომეტებზე მონადირე საპლანეტათშორისო ზონდი “როზეტა”. ”როზეტაზე” განთავსებული ორბიტული სპექტრომეტრის – ”როზინა”, მეშვეობით დადგინდა, რომ ფოსფორის ოქსიდს, სიცოცხლის წარმოშობის ამოცანაში, უმნიშვნელოვანეს როლი აკისრია.

 რადიოტელესკოპების უმძლავრესმა კომპლექსმა ”ალმა”, დეტალურად გამოიკვლია ვარსკვლავთა ფორმირების რეგიონი AFGL 5142; ასტრონომებმა დაადგინეს, რომ მსგავს გაზ-მტვროვან ღრუბელში სიცოცხლისთვის აუცილებელ სხვა მოლეკულებთან ერთად, ფოსფორის შემცველი ნაერთებიც ჩამოყალიბდება.

 გაზ-მტვროვანი ღრუბელი, ვარსკვლავთა ფორმირების რეგიონი AFGL 5142 ”ალმა”-ს თვალით. გამოსახულების ცენტრში მოჩანს კაშკაშა, ”ჩვილი” ვარსკვლავი, რომელიც მძლავრი გამოსხივებით ალაგ-ალაგ ფანტავს ვარსკვლავთშორის მატერიას და ე.წ. ”ჯიბეებს” წარმოქმნის. სურათზე ეს ”ჯიბეები” შავად მოჩანს, ხოლო ფერადი რეგიონები – ახლად სინთეზირებული მოლეკულებია, კაშკაშა მწვანე ფერით ფოსფორის ოქსიდის მოლეკულები მოჩანს. ამ შემთხვევაში ფერი მოლეკულების მოძრაობის სიჩქარეს შეესაბამება ( ALMA (ESO/NAOJ/NRAO), Rivilla et al).

 “ალმა”-მ გამოავლინა, რომ ფოსფორის შემცველი მოლეკულები მასიური ვარსკვლავების ფორმირების პროცესის შედეგია. ამ ნაერთების უმეტესობას ფოსფორის ოქსიდი შეადგენს.

ვარსკვლავთა ფორმირების რეგიონი AFGL 5142 მეეტლის თანავარსკვლავედში.

 ვარსკვლავთწარმოშობის რეგიონის საფუძვლიანად გამოკვლევის შემდეგ, ევროპელმა მეცნიერებმა ”ალმა” მზის სისტემის ობიექტებისკენ მიმართეს. პირველი ასეთი ობიექტი იყო სახელგანთქმული კომეტა ”ჩურიუმოვ-გერასიმენკო”. კომეტის გამოკვლევა მიზნად ისახავდა ვარსკვლავთშორის სივრცეში ფოსფორის შემცველი მოლეკულების გადაადგილებისთვის თვალყურის დევნებას.

კომეტა ჩურუიმოვ-გერასიმენკო საპლანეტათშორისო ზონდის ”როზეტა” თვალით.

 მზის მსგავსი ვარსკვლავების ფორმირების დროს წარმოქმნილი ფოსფორის ოქსიდის მოლეკულები გამოსხივებისგან თავისუფალ ზონებში იყრის თავს და ვარსკვლავთშორისი მატერიის ყინულოვან მარცვლებად კოლაფსირდება. ვარსკვლავის ფორმირების პარალელურად, ეს მარცვლები ერთმანეთს ეწებება (გრავიტაციული ადჰეზია; “გაბნევის ბარიერი” პლანეტების ფორმირებაში…) და ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო კომეტებს წარმოქმნის, რომლებშიც მომავალი სიცოცხლის ”სამშენებლო ბლოკებია” თავმოყრილი. მაშასადამე, კომეტები ამ ნაერთების გადამტანებს წარმოადგენენ.

 ფოსფორი წარმოდგენილია დნმ-სა და უჯრედის მემბრანებში, და ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესია. თუმცა დედამიწაზე ამ მოლეკულების მოხვედრის მექანიზმი ამ დრომდე უცნობია. ასტრონომებმა ატაკამას დიდი რადიოტელესკოპური კომპლექსის – ”ალმა” და ევროპის კოსმოსის კვლევის სააგენტოს აპარატის – “როზეტა”, დახმარებით გამოიკვლიეს ელემენტ ფოსფორის ”მოგზაურობა” კომეტის საშუალებით, ვარსკვლავთა ფორმირების რეგიონიდან – დედამიწამდე. ამ მოლეკულებმა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობაში უდიდესი როლი შეასრულეს.

 ”როზეტას” ორბიტულმა სპექტრომეტრმა ”როზინა”, კომეტა ჩურიუმოვ-გერასიმენკოს გარშემო ორწლიანი ბრუნვის მანძილზე, გრუნტის დეტალური ქიმიური ანალიზი ჩაატარა, და ფოსფორის ოქსიდი გამოავლინა.

 ლეონარდო ტესტი, ESO-ს ასტრონომი და ALMA-ს ევროპული ოპერაციების მენეჯერი, მიიჩნევს, რომ თანამედროვე ასტროფიზიკის ურთულესი ამოცანების გადაჭრა საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

 იხილეთ ”როზეტა”-ს სურათები აქ, ხოლო უახლესი მონაცემები აქ.

 ცის გამოსახულება – მეეტლის თანავარსკვლავედი, სადაც ვარსკვლავთწარმოშობის რეგიონი AFGL 5142 მდებარეობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.