ასტრობიოლოგიის დაბადება – გავრიილ ტიხოვი

 ყაზახეთის ასტრონომიული საზოგადოების ფუძემდებელი, ასტროფიზიკოსი, გავრიილ ადრიანის ძე ტიხოვი 1875 წლის 1 მაისს დაიბადა პატარა სოფელ სმოლევიჩში, მინსკის ახლოს. 1897 წელს მოსკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა და მეუღლესთან – ლუდმილა პოპოვასთან ერთად პარიზში გაემგზავრა და სწავლა სორბორნის უნივერსიტეტში განაგრძო.  მან იქ მიუდონის ობსერვატორიის დირექტორი, მზის სახელგანთქმული მკვლევარი და ასტროფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი – იან იანსენი გაიცნო. მისი რჩევით ტიხოვმა, 1899 წლის ნოემბერში, ლეონიდების მეტეორულ წვიმაზე დაკვირვების მიზნით, საჰაერო ბუშტით მონტბლანის თავზე იფრინა.

 საფრანგეთში სწავლის შემდეგ ტიხოვი მოსკოვში დაბრუნდა და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიიღო, ხოლო 1906 წელს სანკტ-პეტერბურგის ახლოს, პულკოვოს ობსერვატორიაში დაიწყო მუშაობა. იქ მჭიდროდ თანამშრომლობდა ასტრონომიული სპექტროსკოპიის ფუძემდებელთან – არისტარქე ბელოპოლსკისთან. ტიხოვის ასტროფიზიკური მოღვაწეობა ინტერესების ფართო სპექტრს მოიცავდა: დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე ოპტიკური მოვლენების და ვარსკვლავების ფოტომეტრული შესწავლის ჩათვლით. იგი იკვლევდა ე.წ. ”კაპტეინის” კვადრატებს – ცის შერჩეულ უბნებს, რომელთა თანმიმდევრობითი აღწერა, იქ განთავსებული ვარსკვლავების ფიზიკური თვისებების გათვალისწინებით, მთელი გალაქტიკის სტრუქტურის დასურათებისა და დახასიათების საშუალებას იძლევა.

 ტიხოვის მიერ იქნა შემოთავაზებული საინტერესო იდეა, რომელსაც დაბურული სპექტროგრაფის მეთოდი  ეწოდება: ჩვეულებრივ, შუშის ლინზებს ე.წ.  ქრომატული აბერაცია ახასიათებს, რას იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა სიგრძის ტალღები ლინზაში ზუსტად ერთ წერტილში არ იკრიბება, ამიტომ ვარსკვლავის ფოტოსურათზე, მკვეთრი თეთრი წერტილის გარშემო სფერული ჰალო წარმოიქმნება. ამრიგად, თუ ასტროგრაფის ობიექტივის წინ სპეციალურ, წიული ფორმის დიაფრაგმას დავაყენებთ, ჰალოს გამოსახულების რადიუსის გასწვრივ წარმოიქმნება სპეტრი, რომელიც ვარსკვლავის სპეტრული კლასის შესაბამისი იქნება. ამ მეთოდმა უაღრესად გაამარტივა ფოტოგრაფიულ ფირებზე უამრავი მკრთალი ვარსკვლავის სპექტრული კლასების ამოცნობა.

გ. ტიხოვი ბრედიხინის ასტროგრაფთან, პულკოვოს ობსერვატორიაში.

ტიხოვმა ფოტოგრაფიული სპექტრომეტრიის ბევრი ძირითადი პრინციპი შეიმუშავა, რაც დაწვრილებითაა აღწეილი მის წიგნში ”ასტროფოტომეტრია”, რომელიც პუკლოვოს ობსერვატორიამ, 1922 წელს გამოსცა; სახელდობრ, მან წამოიწყო დღის ცის პოლარიზაციის შესწავლა ხილული სპექტრის ლურჯ უბანში, გამოიკვლია ვარსკვლავების ციმციმის ფენომენი და შეიმუშავა ასტრონომიული ხელსაწყოების გაუმჯობესების მრავალი მეთოდი. 1917 წელს ტიხოვი პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს, სადაც მან შორეული ობიექტების დაფიქსირებისთვის აეროფოტოგრაფიის მნიშვნელოვანი როლი გააცნობიერა; ამ გამოცდილების შედეგი იყო გამოქვეყნებული მონოგრაფია: ”საჰაერო დაზვერვის აპარატების ფოტოგრაფიული და ვიზუალური პარამეტრების გაუმჯობესება”.

 დადგა ცივი და მშიერი 1919 წელი. ტიხოვი პეტროგრადის უნივერსიტეტში ძალიან ბევრ ლექციას კითხულობდა ასტროფიზიკაში. ამ პერიოდში მისი მსმენელები იყვნენ მომავალში სახელგანთქმული მეცნიერები: ვ. ამბარცუმიანი, ნ. კოზირიოვი, ვ. ჟეჩევიჩი, ვ. ნიკონოვი და სხვები. ამ პერიოდში ტიხოვმა განავითარა პლანეტოგრაფიაში ფერადი ფილტრების გამოყენების მეთოდი, რამაც წარმოუდგენლად გაზარდა ასტროფოტოების კონტრასტი. მოგვიანებით, 1929 წელს, მან ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენა პულკოვოს ობსერვატორიაში, სადაც 150 სმ რეფრაქტორის მეშვეობით მარსის სახელგანთქმული სურათები გადაიღო.

 იმ დროისთვის აქტუალური იყო მარსის ზედაპირის მუქ უბნებში მცენარეების არსებობის შესაძლებლობის განხილვა, ამიტომ მარსის სპექტრში ქლოროფილის შთანთქმის ხაზებს ეძებდნენ, რაც ტიპიურია დედამიწისეული მცენარეებისათვის.

 ტიხოვი წლების განმავლობაში მუშაობდა სპექტრულ ასტროფოტოგრაფიაში და ამ ხნის განმავლობაში დაწვრილებით შეისწავლა 230-ზე მეტი საკითხი, რამაც მოგვიანებით ასტრობოტანიკისა და ასტრობიოლოგიის მიმართულების ჩამოყალიბებამდე მიიყვანა. 1927 წელ გ. ტიხოვი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონტენტად აირჩიეს.

გ. ტიხოვის წიგნი ”ასტრობიოლოგია”.

1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის მიუხედავად, 21 სექტემბრის მზის სრულ დაბნელებაზე დასაკვირვებლად, მოსკოვიდან და ლენინგრადიდან ასტრონომების ჯგუფი ყაზახეთში, ალმა-ატაში გააგზავნეს, სადაც ისინი ევაკუაციაში დატოვეს სხვა სახელგანთქმულ მეცნიერებთან და ხელოვნების მოღვაწეებთან ერთად. ტიხოვი დარჩა ალმა-ატაში, სადაც სხვა მეცნიერებთან ერთად ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიას ჩაუყარა საფუძველი, რომლის პირველი თავმჯდომარეც იყო აკადემიკოსი კ. სარპატიევი.

გ. ტიხოვის წიგნი ”არის თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტებზე?”

მალე ყაზახეთში ასტრონომიული და ასტროფიზიკური დაკვირვებებისთვის აუცილებელი მძლავრი სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა ჩამოყალიბდა, სადაც, კლასიკურ საკითხებთან ერთად, აქტუალური იყო უცხო პლანეტებზე სიცოცხლის ძიებაც. ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიაში ასტრობოტანიკის სექტორიც კი ფუნქციონირებდა, რომელსაც გ. ტიხოვი ხელმძღვანელობდა. ამისათვის პულკოვოს ობსერვატორიიდან ალმა-ატის ობსერვატორიაში ჩამოიტანეს ოდესღაც ტიხოვის მიერ გაუმჯობესებული ბრედიხინის ასტროგრაფი; მოგვიანებით ჩამოიტანეს 20 სმ მაკსუტოვის მენისკური ტელესკოპი, რომელმაც მეცნიერებს საექპედიციო სამუშაოების განხორციელების საშუალება მისცა – მას ინტენსიურად იყენებდნენ მთვარეზე და პლანეტებზე დაკვირვებების წარმოებისთვის მაღალმთიან რაიონებში. ეს ტელესკოპი გამოიყენეს 60-იან და 70-იან წლებში ობსერვატორიების ასაშენებელი ადგილების შერჩევისათვის. 1964 წელს (სამწუხაროდ, უკვე მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ) მუშაობა დაიწყო 70 სმ ტელესკოპმა, რომელიც სპეციალურად პლანეტებზე დაკვირვებისათვის იყო შექმნილი. ის ალმა-ატის ასტროფოზიკის ინსტიტუტის მაღალმთიან ობსერვატორიაში დღემდე მუშაობს.

 ასტრობოტანიკის სექტორის თანამშრომლებმა, ბიოლოგიისა და ფიზიკის ფაკულტეტების ახალგაზრდა სტუდენტებმა, უზარმაზარი შრომა გასწიეს, რომ მცენარეებისა და მათი ლანდშაფტური სტრუქტურების ოპტიკა შეესწავლათ: ისინი მოგზაურობდნენ ექტრემალური პირობების მქონე ადგილებში, მაგალითად პამირის მაღალი მთებში და სუბარქტიკულ ტუნდრაში. ამ კვლევების მთავარი მიზანი იყო იმ ადაპტაციური მექანიზმების კვლევა, რომელიც მცენარეებს ამგვარ უმკაცრეს კლიმატურ პირობებში (სიმშრალე, სიცივე, ჟანგბადის დეფიციტი და სხვა) გადარჩენა-გამრავლების საშუალებას აძლევს.

გ. ტიხოვი მცენარეების სპექტრომეტრული კვლევის დროს.

კვლევის შედეგად მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომ დაბალ ტემპერატურაზე ქლოროფილის შთანთქმის სპექტრი გრძელტალღოვანი უბნისკენ ინაცვლებს, ასე რომ – ფოთოლი სითბოს შთანთქმას იწყებს. შესაბამისად, დაასკვნეს, რომ თუკი მარსზე არსებობს მცენარეული საფარი, მისი აღმოჩენა სპექტროსკოპით ძალიან გართულდება. ტიხოვმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში მცენარეებს შეუძლიათ შეამცირონ ან გაზარდონ მზის გამოსხივების შთანთქმნის ინტენსიობა. ტიხოვი უფრო მასშტაბურადაც აზროვნებდა და ამტკიცებდა, რომ სიცოცხლე კოსმოსში გავცელებული ფენომენია, და ის არ იზიარებს სკეპტიკოსების აზრს, რომლებსა მიაჩნიათ, რომ ცოცხალი ორგანიზმის აღმოცენებისთვის შესაფერისი მხოლოდ დედამიწისეული პირობებია.

გ. ტიხოვი 1955 წელს.

ასტრობოტანიკის გარდა, სტუდენტები და თანამშრომლები ინტენსიურად აწარმოებდნენ ასტროფიზიკურ დაკვირვებებს, როგორიცაა: მთვარისა და პლანეტების, არასტაციონარული და მაგნიტური ვარსკვლავების, კომეტებისა და ასტეროიდების და სხვა კოსმოსური ობიექტების ფოტო- და სპექტროფოტომეტრია. შრომის შედეგები გამოქვეყნებულია ასტრობოტანიკის სექტორის წელიწდეულ პერიოდულ გამოცემებში, მონოგრაფიებსა და დისერტაციებში, ტიხოვის წიგნებში ”ასტრობოტანიკა” (1949), “ასტრობიოლოგია” (1953) და ტიხოვის შრომების ხუთტომეულში. თვით ტიხოვის შესახებ მრავალი საინტერესო ინფორმაციაა მოცემული ავტობიოგრაფიულ წიგნში: ”სამოცი წელი ტელესკოპთან” (1959) და ა. კ. სუსლოვის წიგნში ”გავრიილ ადრიანის ძე ტიხოვი” (1980).

გ. ტიხოვი მაკსუტოვის სისტემის ტელესკოპთან. 1957 წ.

გავიდა დრო. მარსზე მცენარეები არ აღმოჩნდა, თუმცა იდეებმა ექტრემალურ პირობებსა და უცხო პლანეტებზე დედამიწისაგან განსხვავებული სიცოცხლის არსებობის შესახებ მძლავრი სამეცნიერო მტკიცებულებები მოიპოვა. სამწუხაროდ, 1960 წელს ტიხოვის გარდაცვალებასთან ერთად, დაიხურა ასტრობოტანიკის სექტორი და შეწყდა ასტრობიოლოგიური კვლევები (სწორედ მაშინ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში გაიხსნა ასტრობიოლოგიის კვლევითი სექტორები), ასტრონომიულმა კვლევებმა ასტროფიზიკის ინსტიტუტში გადაინაცვლა და მას სათავეში აკადემიკოსი ვ. გ. ფესენკოვი ჩაუდგა. მთავარი აქცენტი კოსმონავტიკის განვითარებაზე კეთდებოდა.

 2000 წლებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: შეიქმნა მსოფლიო ასტრობიოლოგიური საზოგადოებები და დაიწყო სერიოზული სამეცნიერო კვლევები. დღევანდელი ასტრობიოლოგია შეისწავლის სიცოცხლის თავისებურებებს ექტრემალურ ეკოსისტემებში და ეძებს სიცოცხლის სპექტროსკოპულ (!) კვალს სხვა პლანეტებზე. საყოველთაოდ აღიარებულია თეორია, რომ დედამიწისეული პირობები არ არის სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო ერთად-ერთი წინაპირობა. ცოცხალ არსებებს ეძებენ ისეთ ადგილებში, როგორიცაა იუპიტერის მთვარეები და კომეტები და არამზისიერი პლანეტები. ჭეშმარიტად დიდი მეცნიერის, გავრიილ ადრიანის ძე ტიხოვის მიერ თითქმის ერთი საუკუნის წინ შემოთავაზებული იდეები და კვლევის მეთოდები დღეს პრაქტიკული რეალობაა (მასალები მოგვაწოდა ყაზახეთის ობსერვატორიამ) (ასტრობიოლოგია: იშვიათი სახეობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.