აროკოთი (ულტიმა თულე) – პირველი გამოსახულება ხელუხლებელი სამყაროდან

 პლუტონის მკვლევარი კოსმოსური ხომალდი ”ნიუ ჰორაიზონსი” (ახალი ჰორიზონტები) ახალ შორეულ ობიექტს მიუახლოვდა. როგორც ხომალდის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, ობიექტის გამოსახულება ნელ-ნელა იძენს სიმკვეთრეს. ეს აროკოთია – ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარე შორეული რეგიონის, კოიპერის სარტყელის შემადგენელი ნაწილი. ამ სარტყელის ობიექტებს მზის სისტემაში მიმდინარე ბობოქარი პროცესები თითქმის არასოდეს შეხებია, ამიტომ მათ ჩვენი მნათობისა და პლანეტების ფორმირების შესახებ უაღრესად სასარგებლო ინფორმაციის მოცემა შეუძლიათ.

 კოიპერის სარტყელის ობიექტი – აროკოთი. მისი თანაბარი ფერი და სტრუქტურა, ორმაგ, შეკოწიწებულ ფორმასთან ერთად, მიუთითებს, რომ ის მზის გარშემო ოდესღაც არსებული პროტოვარსკვლავური მტვროვანი ღრუბლების ნაწილაკების გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა (NASA/ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორია/რომან ტკაჩენკო).

 NASA-ს მიზნობრივი კვლევების ცენტრისა და კალიფორნიის სილიციუმის ველის მეცნიერებმა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტენსიურად გამოიკვლიეს აროკოთი და დეტალურად შეისწავლეს მისი წარმოშობა, ქიმიური შედგენილობა, ორბიტული პარამეტრები, კერძო მოძრაობა და სხვა მახასიათებლები.

 აროკოთი ცნობილია ასევე, როგორც ულტიმა თულე და MU69, ის ორი, ერთმანეთზე შეწებებული ლოდია, რომელიც ღერძის გარშემო შემობრუნებას 16 საათს ანდომებს, ხოლო მზის გარშემო ორბიტას 298 წელიწადში გაივლის. მის ზედაპირზე მდებარე კრატერების ფორმის მიხედვით გამოთვალეს, რომ ობიექტი დაახლოებით 4 მილიარდი წლისაა. –”აროკოთი ჩვენი მზის სისტემის ასაკისაა.” – ამბობს ორქან ურუმხანი, მიზნობრივი კვლევების ცენტრის მეცნიერი. -“ზოგადად, MU69-ს მსგავსი ობიექტები ჩვენი კოსმოსური სახლის წარმოშობის შესახებ უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდიან.”

ცივი, წითელი, გლუვი

 ”ახალი ჰორიზონტები” კოიპერის სარტყელის ობიექტების რთულ და მდიდარ სამყაროს წარმოაჩენს; ეს არის გეოლოგია, ქიმია, ფერი, ტემპერატურა და ბევრი სხვა მახასიათებელი.

 აროკოთის ზედაპირი, ერთი შეხედვით, წითელი ფერისაა, თუმცა ახალი მონაცემები გაცილებით უფრო ჭრელ ზედაპირებს გვიჩვენებს. საინტერესოა, რომ წითელი ფერი არის არა რკინის ჟანგი, როგორც, მაგალითად. მარსზე, არამედ სპეციფიკური ორგანული მოლეკულების – თოლინების ფენა, რომელიც ასევე მრავლადაა პლუტონზე, მის ბუნებრივ თანამგზავრ ქარონზე და სატურნის მთვარე – ტიტანზე. ობიექტის ტემპერატურა მისი გამოსხივებისა და სიკაშკაშის მიხედვით განისაზღვრება. ეს ე.წ. ”სიკაშკაშის ტემპერატურა” გვიჩვენებს, რომ აროკოთის ზედაპირის ტემპერატურა -212˚C-ის ფარგლებშია.

აროკოთის წარმოშობა

 სრულიად ნათელია, რომ აროკოთის ორივე ნახევარი ცალ-ცალკე ობიექტებს წამოადგენდნენ, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე სინქრონულ ბრუნვაში ჩაებნენ და საბოლოოდ, ერთმანეთს დაუკავშირდნენ. მათი სფეროსებრი ფორმა იმ ეპოქიდან მოდის, როდესაც ჩვენი მზის სისტემა ერთ მობზრიალე გაზურ-მტვროვან ღრუბელს წარმოადგენდა;  მისი მიკროსკოპული ნაწილაკები ერთმანეთს ეწებებოდა და სულ უფრო დიდ სფერულებს წარმოქმნიდა, კენჭები ლოდებად იქცეოდა, ლოდები – კლდოვან წარმონაქმნებად. საბოლოოდ ბევრი მათგანი გაერთიანდა და მათ წამოქმნეს პლანეტები, მათი მთვარეები და ისეთი ორმაგი სისტემებიც, როგორიცაა აროკოთი.

აროკოთის წარმოქმნის სიმულაცია – წითელი ნაწილაკები მაღალ ნაწილაკოვან აჩქარებებეზე მიუთითებს (რამაც შეწებების ადგილი განსაზღვრა) (NASA/ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორია, სამხრეთ-აღმოსავლეთის კვლევითი ინსტიტუტი/დ .ს. რიჩარდსონი).

 სწორედ ამით აიხსნება აროკოთის ქიმიური შედგენილობა: მეთილის სპირტის ყინულები, თოლინები და შორეული კოსმოსის ვარსკვლავთშორის ღრუბლებში აღმოჩენილი სხვა ორგანული ნაერთები. თუმცა, შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ეს ნივთიერება ობიექტის ზედაპირზე მზის რადიაციის ზემოქმედების შედეგია. საინტერესოა, რომ აროკოთზე არ არის წყლის ყინული, თუმცა შეიძლება ის აორთქლდა ან უფრო ღრმა ფენებში იმალება.

 აროკოთის რთული გეოქიმიური სტრუქტურა. ma, mh, mg და ა.შ. სხვადასხვა შეწებებული გეოლოგიური ბლოკებია, რომლებითაც აროკოთია აგებული )NASA/ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორია/სამხრეთ-აღმოსავლეთის კვლევითი ინსტიტუტი/ESA-ევროპის კოსმოსური სააგენტო).

 ახლა ”New Horizons” კოიპერის სარტყელის სხვა ობიექტების კვლევას განაგრძობს; ეს პატარა, უცნაური მოხაზულობის ობიექტები აურაცხელი რაოდენობით დალივლივებენ ჩვენი მზის სისტემის გარე სასაზღვრო პერიმეტრზე და თავიანთი ხელუხლებელი ბუნების წყალობით, მზის სისტემის წარმოშობის ისტორიას გვიყვებიან. ”ახალი ჰორიზონტებიდან” მიღებული გამოსახულებების მეშვეობით მეცნიერებმა აროკოთის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს.

 ვიდეო: NASA/ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ფაკულტეტი/ჯეიმს  თათლ კინი.

(აროკოთი (ულტიმა ტულე ერქვა) და მზის სისტემის ისტორია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.