განახლდა: 11/10/2026
SETI-ს მკვლევრებმა განაცხადეს პირველი შედეგების შესახებ, რომლებიც მიიღეს მზის საპირისპიროდ მდებარე ცის უბანში, ანტიმზის წერტილში (Antisolar Point), ხელოვნური რადიოსიგნალების მასშტაბური ძიებისას. უკვე მიღებული დაკვირვებების უმეტესი ნაწილის დამუშავების შემდეგ, მეცნიერებმა გამოყვეს 25 ვიწროზოლიანი მოდრეიფე სიგნალი, რომლებიც ახლა განმეორებით შემოწმებას საჭიროებს. ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აღმოჩენილი სიგნალები ჯერჯერობით არ შეიძლება ჩაითვალოს არამიწიერი ტექნოლოგიების არსებობის მტკიცებულებად.
SETI-ს მკვლევრები იყენებენ კონცეფციას, რომელსაც ეწოდება „შეტყობინების გაგზავნის ოპტიმალური გეომეტრია“. ამ მიდგომის მიხედვით, თუ უცხოპლანეტურ ცივილიზაციას სურს სიგნალი გამოგზავნოს დედამიწისკენ, ყველაზე ხელსაყრელი მომენტი მათთვის ის არის, როდესაც დედამიწა იმყოფება ზუსტად მზესა და მათ პლანეტას შორის, რაც დედამიწის მხრიდან ანტიმზის წერტილის სახით ჩანს.

გარდა ამისა, როდესაც რადიოტელესკოპს მივმართავთ ანტიმზის წერტილისკენ, ჩვენ ვუმზერთ მზის საპირისპირო მიმართულებას, სადაც მზის ძლიერი რადიოხმაური და რადიაციული ფონი მინიმალურია. ამასთანავე, ანტიმზის წერტილის გასწვრივ მდებარე ვარსკვლავური სისტემებიდან დედამიწა ჩანს, როგორც მზის დისკოზე გამავალი პლანეტა (დედამიწის ტრანზიტული ზონა), რის გამოც იმ ზონაში არსებულ სავარაუდო ცივილიზაციებს ყველაზე მარტივად შეუძლიათ დედამიწის აღმოჩენა და სიგნალის გამოგზავნა (რა მანძილიდან ვჩანვართ?).
ძიებისთვის მკვლევრებმა კალიფორნიაში მდებარე ალენის ანტენათა მასივი (ATA) ჩართეს, რომელიც SETI-ს პროგრამებისთვის გამოიყენება. ნაშრომის მომზადების მომენტში პროექტმა დაფარა დაგეგმილი დასამზერი არეალის დაახლოებით 12%. მონაცემთა დამუშავების შემდეგ მეცნიერებმა გამოყვეს 25 შემთხვევა ვიწროზოლიანი, მოდრეიფე რადიოსიგნალებით, რომლებიც გამოკვლეული მიმართულებით იყო ლოკალიზებული.

ეს კანდიდატები შეესაბამება ცაზე 10 განსხვავებულ კოორდინატს, რომელთაც მკვლევრები განმეორებით დააკვირდებიან. სიხშირის დრეიფი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს SETI-სთვის, რადგან გადამცემისა და მიმღების ფარდობითმა მოძრაობამ შესაძლოა დოპლერის ეფექტის გამო თანდათან შეცვალოს სიგნალის დაკვირვებადი სიხშირე. თუმცა, ასეთი დრეიფის არსებობა თავისთავად სრულიადაც არ ნიშნავს რადიოსიგნალის ხელოვნურ, მით უმეტეს არამიწიერ წარმოშობას.
დაკვირვებების მასშტაბი საგრძნობლად უნდა გაიზარდოს. ავტორთა შეფასებით, პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაცემთა საერთო მოცულობა 11 პეტაბაიტს გადააჭარბებს. მკვლევრები პროგრამას უწოდებენ ამ ტიპის უდიდეს კამპანიას, რომელიც SETI-ს ინსტიტუტს ოდესმე ჩაუტარებია ალენის ანტენების გამოყენებით. მონაცემთა დიდი მოცულობა აუცილებელია არა მხოლოდ უჩვეულო სიგნალების მოსაძებნად, არამედ ჩვენივე რადიოხმაურის მეთოდური გამორიცხვისთვისაც. რადიოტელესკოპებს შეუძლიათ დააფიქსირონ თანამგზავრების, ავიაციისა და მიწისზედა გადამცემების, მრავალრიცხოვანი ელექტრონული მოწყობილობების სიგნალები. ზოგიერთ მათგანს შეუძლია იმ მახასიათებლების იმიტაცია, რომლებიც თავდაპირველად უჩვეულოდ გამოიყურება.

შემდეგი გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ცის შესაბამისი 10 უბნის განმეორებითი დაკვირვება. თუ სიგნალი გაქრება, აღმოჩნდება დედამიწის რადიოხმაური, ან არ დააკმაყოფილებს სხვა კრიტერიუმებს, მას შემდგომი განხილვიდან ამოიღებენ. მსგავსი გაცხრილვა SETI-ს პროგრამების ჩვეულებრივი ნაწილია: პირველადმა ძიებამ შესაძლოა მოგვცეს უამრავი კანდიდატი, რომელთა უმეტესობა შემდგომში იღებს ბუნებრივ, ტექნიკურ ან დედამიწისეულ სტატუსს. ამიტომ, ამ ნაშრომის მთავარი შედეგი არა არამიწიერი ცივილიზაციის სიგნალების აღმოჩენაა, არამედ ძიების ფართომასშტაბიანი სტრატეგიის შექმნა და 25 ისეთი რადიოსიგნალის გამოყოფა, რომლებიც დამატებით შემოწმებას იმსახურებენ. მხოლოდ განმეორებითი დაკვირვებები აჩვენებს, წარმოადგენს თუ არა რომელიმე მათგანი შემდგომ სამეცნიერო ინტერესს (კიდევ პროგრამა SETI-ს შესახებ; WOW და სხვა სიგნალები…; METI-მ მეზობელი ვარსკვლავისკენ სიგნალი გაუშვა).