ყველაზე შორეული რადიოანთება

განახლდა: 11/10/2026

 (ფოტოზე დიაფრაქციული სხივებით ახლო ფონური ვარსკლავია) ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა გალაქტიკა აღმოაჩინა, საიდანაც ყველაზე შორეული სწრაფი რადიოანთება – FRB 20240304B მოვიდა. ეს სიგნალი წარმოიშვა მაშინ, როდესაც სამყაროს ასაკი სულ რაღაც 3 მილიარდი წელი იყო.

FRB – მილიწამიანი რადიოიმპულსებია, რომელთა ენერგია შეიძლება შევადაროთ იმას, რასაც მზე ათეულობით ათასი წლის განმავლობაში ასხივებს. 2007 წლიდან დაწყებული, მეცნიერები ცდილობენ გაიგონ სად და როგორ ჩნდება ეს უძლიერესი იმპულსები, რისთვისაც ისინი მძლავრ რადიოტელესკოპებს იყენებენ (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ). მეცნიერებმა ჯერ კიდევ ზუსტად არ იციან, კონკრეტულად რა წარმოშობს ასეთ სიგნალებს.

 FRB 20240304B პირველად, 2024 წლის 4 მარტს, სამხრეთ აფრიკული რადიოტელესკოპის, MeerKAT-ის საშუალებით დაფიქსირდა. ასტრონომებმა წყაროს მდებარეობა საკმარისი სიზუსტით დაადგინეს, თუმცა უდიდესმა სახმელეთო ტელესკოპებმაც კი ვერ შეძლეს იმავე წერტილში გალაქტიკის დაფიქსირება. ამის შემდეგ მკვლევრებმა “ჯეიმს ვებს” მიმართეს. ვების ინფრაწითელმა კამერამ ზუსტად იმ ადგილას მიაგნო უკიდურესად მკრთალ გალაქტიკას, საიდანაც რადიოსიგნალი ვრცელდებოდა. შემდეგ კი ტელესკოპის სპექტროგრაფმა მისი წითელი წანაცვლება გაზომა, რაც 2,148-ს შეადგენს. ამ მონაცემმა დაადასტურა, რომ ანთება დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 3 მილიარდი წლის შემდეგ მოხდა.

 თავად გალაქტიკა მოულოდნელად მცირე ზომის აღმოჩნდა. მკვლევართა შეფასებით, მისი მასა დაახლოებით ათასჯერ ნაკლებია იმაზე, რასაც მსგავს რადიოანთებასთან დაკავშირებული გალაქტიკისგან ელოდნენ. ამასთან, მასში აქტიურად მიმდინარეობს ახალი ვარსკვლავების ფორმირება, ხოლო მისი ვარსკვლავების მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა სულ რაღაც რამდენიმე ათეული მილიონი წლის განმავლობაში იყოს წარმოქმნილი. ეს გარემოება მნიშვნელოვან მინიშნებას იძლევა FRB-ის შესაძლო წყაროზე.

 ერთ-ერთი ჰიპოთეზა სწრაფ რადიოანთებებს ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახებას უკავშირებს, თუმცა ასეთი ვარსკვლავების ერთმანეთთან მიახლოებაასა და შეჯახებამდე, ჩვეულებრივ, ძალიან დიდი დრო გადის, რაც ასეთი ახალგაზრდა გალაქტიკის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდო სცენარია. მეორე სავარაუდო წყაროს წარმოადგენს მაგნიტარი – უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ახალგაზრდა ნეიტრონული ვარსკვლავი. მაგნიტარი, მასიური ვარსკვლავის აფეთქებიდან მალევე შეიძლება წარმოიქმნას, რის გამოც FRB 20240304B-ის მშობლიურ გალაქტიკაში ვარსკვლავთწარმოქმნის აქტიური პროცესი უკეთესად ეთანხმება ამ ვერსიას, თუმცა კვლევა საბოლოოდ მაინც ვერ ამტკიცებს, რომ ანთება სწორედ მაგნიტარმა გამოიწვია.

 სიგნალის რეკორდულმა მანძილმა ასტრონომებს საშუალება მისცა, იგი გალაქტიკათშორისი სივრცის შესასწავლადაც გამოიყენონ. დედამიწისკენ მომავალ გზაზე რადიოტალღები გაიშვიათებულ გაზსა და კოსმოსურ სტრუქტურებს გაივლის, რომლებიც სიგნალზე თვალსაჩინო კვალს ტოვებს (ელექტრომაგნიტური ტალღების პოლარიზაცია). FRB 20240304B-ზე დაკვირვებისას მკვლევრებმა ორი ასეთი სტრუქტურის გავლენა აღმოაჩინეს: მათგან ერთი წარმოდგენილია მანამდე უცნობი, დაახლოებით 0,3 წითელი წანაცვლების მქონე გალაქტიკათა გროვით, ხოლო მეორე – გაცილებით ახლოს მდებარე ქალწულის (Virgo) გროვაა, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 54 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.

 წითელი წანაცვლება (Redshift, აღინიშნება ასოთი z) არის ფენომენი, როდესაც შორეული ობიექტებიდან (გალაქტიკებიდან, კვაზარებიდან) მომავალი სინათლის ტალღები იწელება და სპექტრის წითელი (უფრო გრძელი ტალღების) მხარისკენ ინაცვლებს. ხდება სამყაროს გაფართოების გამო, სწრაფი მოძრაობით საპირისპირო მახრე (დოპლერის ეფქტი) და გრავიტაციული ზემოქმედებით (წითელი წანაცვლება).

 კოსმოსური ტელესკოპი ”ჯეიმს vები”(NASA).

 ამგვარად, სწრაფი რადიოანთებები საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ არა მხოლოდ მათი წარმომქმნელი ობიექტები. რაც უფრო შორს არის წყარო, მით უფრო დიდ სივრცეს მოიცავს სიგნალი და მით უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის გალაქტიკებს შორის თითქმის უხილავი მატერიის შესახებ. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ MeerKAT-ისა და მომავალი რადიოტელესკოპების გამოყენებით სულ უფრო შორეულ რადიოსიგნალებს აღმოაჩენენ. თავის მხრივ, “ჯეიმს ვები” შეძლებს მათი მასპინძელი გალაქტიკების იდენტიფიცირებას და დაეხმარება იმ პირობების გარკვევაში, რომელშიც წარმოიქმნება ეს უძლიერესი, უკიდურესად მოკლე რადიოსიგნალები (კიდევ FRB შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.