ხელით დაჭერილი თანამგზავრები…

განახლდა: 19/04/2026

 1984 წლის ნოემბერში, ასტრონავტი დეილ გარდნერი, კოსმოსურ ბორანს (“შატლი”) გამოეყო და დაზიანებული თანამგზავრისკენ გაფრინდა, დამაზღვეველი გვარლის გარეშე. ამ შთამბეჭდავი დეტალების მიღმა, პილოტორებული კოსმოსური ფრენების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული სამაშველო ოპერაცია იმალება.

 თანამგზავრები Westar 6 და Palapa B2, სამწუხაროდ, ამაჩქარებლებმა უსარგებლოდ დაბალ ორბიტაზე გაიყვანა. თავად თანამგზავრები ფუნქციონირებას განაგრძობდა. სადაზღვევო კომპანიებმა მფლობელებს დაახლოებით 200 მილიონი დოლარი გადაუხადეს კომპენსაციის სახით და ძვირადღირებული, მაგრამ უსარგებლო ორბიტაზე მოძრავი აღჭურვილობის ახალი მფლობელები გახდნენ.

 ნასამ მათ არატრადიციული გადაწყვეტა შესთავაზა: ასტრონავტების გაგზავნა, თანამგზავრების დაჭერა ხელით, ხომალდის სატვირთო განყოფილებაში მოთავსება და უკან, დედამიწაზე დაბრუნება. მისია დაევალა ეკიპაჟს STS-51-A, რომელიც 1984 წლის 8 ნოემბერს, კენედის კოსმოსური ცენტრიდან ხომალდ „დისქავერით“ გაფრინდა.

 თანამგზავრების დასაჭერად, პილოტირებული მანევრირების მოწყობილობა (MMU) გამოიყენეს, რომელიც სკაფანდრზე ჰქონდა ასტრონავტს მიმაგრებული. არსებითად, ეს იყო ინდივიდუალური კოსმოსური აპარატი: 24 მიკროძრავიანი მოწყობილობა, აზოტის მფრქვევანებით, ნებისმიერი მიმართულებით მანევრირების საშუალებას იძლეოდა. ორი ჯოისტიკით გადაადგილება და ბრუნვა კონტროლდებოდა, ხოლო ავტოპილოტის სისტემა ასტრონავტებს სასურველ ორიენტაციას უნარჩუნებდა.

 საწვავის გარეშე, ზურგჩანთა დაახლოებით 140 კგ-ს იწონიდა და შეკუმშულ აზოტს, უსაფრთხო ინერტულ აირს იყენებდა. მარაგი საკმარისი იყო დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში მუშაობისთვის. არანაირი გვარლი: ასტრონავტი თავისუფლად მოძრაობდა კოსმოსში, მხოლოდ მიკროძრავების სიზუსტესა და საკუთარ სიმშვიდეზე იყო დამოკიდებული.

 მისია STS-51-A-მდე, მოწყობილობა ორჯერ გამოიყენეს. პირველად, 1984 წლის თებერვალში, ბრიუს მაკკენლესმა გამოსცადა, როდესაც ხომალდ „ჩელენჯერიდან“ 98 მეტრის დაშორებით გაფრინდა და გახდა პირველი ადამიანი, ვინც დაუცველი კოსმოსური გასეირნება განახორციელა (პირველი ფოტო).

 ჯოზეფ ალენი, თანამგზავრს ანტენით იჭერდა, დეილ გარდნერმა კი მექანიკური მანიპულატორი ქვემოდან მიამაგრა. ორტონიანი აპარატი სატვირთო განყოფილებაში ხელით ჩაიტვირთა, იმპროვიზებული მეთოდით (დაგეგმილმა არ გაამართლა), რომელსაც ექვსი საათი დასჭირდა.

 მეორე ოპერაცია, Westar 6-ის დაჭერა, ორი დღის შემდეგ განხორციელდა და 5 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. ამჯერად, MMU-ით  გარდნერი გაფრინდა, ალენი კი სატვირთო განყოფილებიდან ეხმარებოდა მას. პროცედურა უკეთ წარიმართა, რადგან ასტრონავტებს გამოცდილება უკვე ჰქონდათ.

 STS-51-A, ისტორიაში ერთადერთ მისიად რჩება, რომლის დროსაც ასტრონავტებმა თანამგზავრები ორბიტიდან დედამიწაზე დააბრუნეს. 1986 წლის იანვარში, „ჩელენჯერის“ კატასტროფის შემდეგ, NASA-მ უსაფრთხოების მასშტაბური გადამოწმება ჩაატარა. MMU-ს გამოყენება ძალიან სარისკოდ მიიჩნია და შეაჩერა.

 MMU მხოლოდ სამჯერ იქნა გამოყენებული. მისი კოსმოსში მუშაობის საერთო დრო მხოლოდ 10 საათი და 22 წუთია. თანამედროვე ასტრონავტები კოსმოსში მხოლოდ გვარლებით მუშაობენ და საგანგებო სიტუაციებისთვის ისინი კომპაქტურ SAFER მოდულს ატარებენ – მისი გაზის მარაგი მხოლოდ სადგურზე დაბრუნების საშუალებას იძლევა.

 დაჭერილი თანამგზავრები 1984 წლის 16 ნოემბერს, „დისქავერის“ ეკიპაჟთან ერთად დააბრუნეს დედამიწაზე. დაშვების შემდეგ, ასტრონავტი სატვირთო განყოფილებაში ორი თანამგზავრის გვერდით პოზირებდა წარწერით – “იყიდება”. ხუმრობა წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

 „ვესტარ 6“ მართლაც გაიყიდა — ჰონგ-კონგურ კომპანიაზე „აზიასატი“, 58 მილიონ დოლარად. თანამგზავრი შეკეთდა, სახელი შეეცვალა და „აზიასატ 1“ დაერქვა.1990 წლის 7 აპრილს, ის ჩინურ „ლონგ მარჩ 3“ რაკეტით ისევ კოსმსოში გაუშვეს. გეოსტაციონარული ორბიტიდან აზიის რამდენიმე ქვეყანას სატელეკომუნიკაციო მომსახურებას აწვდიდა და მხოლოდ 1999 წელს შეიცვალა. „პალაპა B2“-იც მეორედ დაიბადა: ის ინდონეზიაში დააბრუნეს და კოსმოსში ხელახლა გაუშვეს „პალაპა B2R“-ის სახელით.

 მისია STS-51-A არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა საინჟინრო გამომგონებლობამ, ეკიპაჟის ცივსისხლიანობამ და იმპროვიზაციის უნარმა, ასობით მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.