ყინულისა და მტვრის ეს გიგანტური სფერო, მზის სისტემის კიდესთან იმალება. ყველაზე მძლავრი ტელესკოპებისთვისაც კი უხილავია, თუმცა იქედან მოსული „სტუმრები“ რეგულარულად ჩნდებიან ცაზე – კაშკაშა კომეტების სახით. ამ რეგიონს ოორტის ღრუბელი ეწოდება. ასტრონომები თვლიან, რომ სწორედ იქ იბადებიან გრძელპერიოდიანი კომეტები. და შესაძლოა, ის მზისა და პლანეტების ფორმირების გაყინულ ისტორიას ინახავს.
ოორტის ღრუბელი, მზის სისტემის გარშემო არსებული ყინულოვანი სხეულების ჰიპოთეტური სფერული გროვაა. მისი არსებობა პირდაპირი დაკვირვებებით არ დადასტურებულა, მაგრამ მეცნიერთა უმეტესობა მას რეალურად მიიჩნევს. ვარაუდი მისი არსებობის შეახებ 1950 წელს, ჰოლანდიელმა ასტრონომმა, იან ჰენდრიკ ოორტმა გამოთქვა.
ღრუბელი ტრილიონობით ობიექტს უნდა შეიცავდეს, რომელთა უმეტესობა 100 კილომეტრზე მცირე ზომისაა. ისინი გაყინული წყლის, მეთანის, ამიაკის, ეთანის, ნახშირბადის მონოოქსიდის და ჰიდროციანმჟავასგანაც კი შედგება. ამ „ყინულის გარსის“ მთლიანი მასა დედამიწის მასას შეიძლება უტოლდებოდეს ან რამდენჯერმე აჭარბებდეს მას. ასეთი შორეული „რეზერვუარის“ გარეშე კომეტები დიდი ხნის წინ დაიშლებოდნენ ან პლანეტებს შეეჯახებოდნენ.

ღრუბლის შიდა კიდე (ჰილსის ღრუბელი), მზიდან დაახლოებით 2000-5000 (300-700 მლრდ.კმ.) ასტრონომიული ერთეულის დაშორებით იწყება. შედარებისთვის, ნეპტუნამდე მანძილი მხოლოდ 30 ასტრონომიული ერთეულია. ერთი ასტრონომიული ერთეული დედამიწიდან მზემდე მანძილია (∼150 მლნ.კმ.). გარე საზღვარი კი 10 000-დან, 100 000–200 000 ასტრონომიულ ერთეულამდე შეიძლება იყოს მზიდან დაშორებული (1,5 ტრლნ.კმ. – 6 ტრლნ.კმ.) რაც დაახლოებით უახლოეს ვარსკვლავამდე, კენტავრის პროქსიმამდე მანძილის ნახევარს ან მეოთხედს შეადგენს. კოსმოსურ ხომალდს ამ ადგილის გადასაკვეთად ათიათასობით წელი დასჭირდებოდა. უზარმაზარი მანძილის მიუხედავად, ღრუბელი გრავიტაციულად მზესთან რჩება დაკავშირებული, თუმცა ის უკვე ვარსკვლავთშორისი სივრცის საზღვარზე მდებარეობს.
ოორტის ღრუბელი, ადრეული მზის სისტემის გაყინული არქივია. ის დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა, როდესაც ახალგაზრდა პლანეტა-გიგანტებმა, პლანეტოშენადედები შორეულ ორბიტებზე გატყორცნეს. მოგვიანებით, გალაქტიკის დანარჩენი შემადგენელის გრავიტაციამ ამ სტრუქტურას სფერული ფორმა მისცა.

ოორტის ღრუბელი, ნეპტუნის იქეთ მდებარე დისკოს ფორმის კოიპერის სარტყელთან არის დაკავშირებული. ითვლება, რომ გიგანტური პლანეტების გრავიტაციული ზემოქმედებით, კოიპერის სარტყლიდან გამოტყორცნილი ობიექტების ნაწილი, საბოლოოდ შორეულ ორბიტებზე დაფუძნდა და ოორტის ღრუბელი ჩამოყალიბა.
როდესაც მეზობელი ვარსკვლავების გრავიტაცია (Gliese 710 გვიხლოვდება), მოლეკულური ღრუბლები ან ირმის ნახტომის მოქცევითი ძალები ამ წონასწორობას არღვევს, ოორტის ღრუბლის ზოგიერთი ობიექტი მზის სისტემის შიდა მიმართულებით იგზავნება, მაგალითად, როგორიცაა ბოლოს გამოჩენილი კომეტები C/2025 R2 (SWAN) ან C/2025 A6 (ლემონი). მათი შემადგენლობის შესწავლით, ასტრონომებს იშვიათი შანსი ეძლევათ წარმოდგენა შეექმნათ ნივთერებათა ნაერთებზე, რომლებისგანაც შემდეგ მზის სისტემის პლანეტები ჩამოყალიბდა (მოკლედ მზის სისტემის შესახებ).