ათკუთხედი სატურნის ატმოსფეროში

განახლდა: 05/09/2026

 ასტრონომებმა, სატურნის ატმოსფეროში ათკუთხა ფორმის უჩვეულო გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს (science.org). ის პლანეტის სამხრეთ პოლუსს აკრავს გარშემო და მსხვილმასშტაბიან ატმოსფერულ ტალღას წარმოადგენს, რომელიც ძლიერ ნაკადებთანაა დაკავშირებული. აქამდე, სატურნი სხვა გეომეტრიული ატმოსფერული წარმონაქმნით, ჩრდილოეთ პოლუსზე არსებული ექვსკუთხედით იყო ცნობილი.

 ახალი სტრუქტურის აღმოჩენა ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით დაკვირვებების წყალობით მოხერხდა. მეცნიერებმა გააერთიანეს მონაცემები, რომლებიც მიღებულია პროგრამის – გარე პლანეტების ატმოსფეროების კვლევის მემკვიდრეობა (OPAL), ფარგლებში; ეს პროგრამა ათ წელზე მეტია, რეგულარულად აკვირდება მზის სისტემის გიგანტი პლანეტების ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებებს. ამ მონაცემთა ანალიზით ირკვევა, რომ ათკუთხა ტალღის პირველი ნიშნები „ჰაბლის“ 2023 წლის ფოტოებზეც კი იძებნებოდა, რის შემდეგაც ის სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა.

 პირველი მინიშნებები, თუმცა, მხოლოდ პროფესიონალური ობსერვატორიებიდან არ მიღებულა. 2024 წელს, მკვლევართა ჯგუფმა ბასკეთის უნივერსიტეტიდან, რომელსაც აგუსტინ სანჩეს-ლავეგა ხელმძღვანელობდა, ასტრონომ-მოყვარულებთან – ტრევორ ბარისთან და ჟან-პოლ ოჟესთან ერთად, მიწიდან გადაღებულ ფოტოებზე სატურნის სამხრეთ პოლუსთან ახლოს უჩვეულო ტალღოვანი ზოლი შენიშნა. 2025 წლის დაკვირვებებმა გეომეტრიული ფორმა კიდევ უფრო შესამჩნევი გახადა, რის შემდეგაც მკვლევრებმა „ჰაბლის“ უფრო დეტალურ მონაცემებს მიმართეს.

 მსგავსი წარმონაქმნის აღმოჩენა ადრე გაძნელებული იყო სატურნზე სეზონების ცვლილების გამო. პლანეტის ღერძის დახრილობა იწვევს იმას, რომ მისი პოლარული არეები დედამიწიდან პერიოდულად ცუდად ჩანს. სამხრეთი პოლუსი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დედამიწელი დამკვირვებლების საპირისპიროდ იყო მიქცეული, ხოლო როდესაც ის დეტალური კვლევებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი გახდა, იქ ახალი სტრუქტურა უკვე არსებობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ათკუთხედი შესაძლოა 2017–2023 წლებს შორის პერიოდში ჩამოყალიბებულიყო.

 ატმოსფერული წარმონაქმნის ზომები უზარმაზარია. ათკუთხედის მხოლოდ ერთი გვერდის სიგრძე 16 700 კილომეტრს აჭარბებს, რაც დედამიწის დიამეტრზე მეტია. რა თქმა უნდა, წარმონაქმნი მყარი არ არის, არც უჩვეულო ფორმის ღრუბელია, არამედ გიგანტური ტალღაა სატურნის ატმოსფეროს ჭავლური ნაკადის შიგნით.

 სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე ჩატარებულმა დაკვირვებებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება გამოავლინა. სტრუქტურა სატურნის ატმოსფეროს სხვადასხვა სიმაღლეზე ფიქსირდება, ამიტომ მისი ახსნა მხოლოდ ერთ ატმოსფერულ შრეში ღრუბლების განლაგებით შეუძლებელია. ეს უფრო ღრმა და ვერტიკალურად ვრცელ ატმოსფერულ პროცესზე მიუთითებს.

„კასინი“ – მისიის დასასრულის კულმინაციური მომენტი

 უჩვეულო გეომეტრიამ მაშინვე გამოიწვია სატურნის ჩრდილოეთ პოლუსთან შედარება, სადაც გიგანტური ექვსკუთხედი მდებარეობს. ის სატურნის ახლოს აპარატ „ვოიაჯერის“ ფრენისას, 1980-იანების დასაწყისში აღმოაჩინეს და ახლაც არსებობს.

 ჩრდილოეთ ექვსკუთხედისგან განსხვავებით, რომელიც პლანეტის ბრუნვის სისტემასთან მიმართებით პრაქტიკულად უძრავია, სამხრეთის სტრუქტურა აღმოსავლეთის მიმართულებით საათში დაახლოებით 10 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება. გარდა ამისა, ათკუთხედი, სავარაუდოდ, შესამჩნევად ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ იცვლება.

 ჩრდილოეთის ექვსკუთხედი უკვე 40 წელზე მეტია, რაც დაკვირვების ქვეშაა, ანუ სატურნზე ერთ სრულ წელზე მეტხანს გრძელდება, სადაც წელიწადი თითქმის 30 დედამიწურ წელს უდრის. ათკუთხედი კი პირიქით, შესაძლოა მსგავსი ატმოსფერული სტრუქტურის პრაქტიკულად რეალურ დროში ფორმირების იშვიათ მაგალითს წარმოადგენდეს.

 თუ რატომ არის სწორედ სატურნი ასეთი სწორი მრავალკუთხა ატმოსფერული ტალღების წარმოქმნის უნარის მქონე, ჯერჯერობით უცნობია. ტალღები და ძლიერი ჭავლური ნაკადები მრავალი პლანეტის ატმოსფეროში არსებობს, თუმცა ასეთი გამოკვეთილი მრავალკუთხა სტრუქტურები ჯერჯერობით მხოლოდ სატურნზე შეიმჩნევა. მკვლევრები ასევე განიხილავენ ამ მოვლენის შესაძლო კავშირს იუპიტერის პოლუსებთან არსებულ ციკლონების სისტემასთან, სადაც ატმოსფერული ხვეულები ასევე მრავალკუთხა კონფიგურაციებს ქმნიან.

 უცნობია ისიც, თუ რამდენად ხანგრძლივი აღმოჩნდება ათკუთხედი. ის შეიძლება დასტაბილურდეს და ათწლეულების განმავლობაში იარსებოს, ჩრდილოეთის ექვსკუთხედის მსგავსად, ან ატმოსფერული პირობების შეცვლასთან ერთად თანდათან დაიშალოს. ახლა მკვლევრებს მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ დანამდვილებით, რომ სტრუქტურა კვლავაც არსებობს და ვითარდება.

 სატურნის სამხრეთ ნახევარსფეროზე დაკვირვების პირობები უახლოეს წლებში გაუმჯობესდება. მეცნიერები გეგმავენ კვლევების გაგრძელებას „ჰაბლით“, „ჯეიმს ვებით“, სახმელეთო ობსერვატორიებისა და კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით. ორი პოლარული მრავალკუთხედის შედარება შესაძლოა დაეხმაროს მკვლევრებს იმის გაგებაში, თუ რა პროცესები ქმნის მყარ ატმოსფერულ ტალღებს გაზის გიგანტებზე და რატომ არის მსგავსი გეომეტრიული წარმონაქმნები განსაკუთრებით დამახასიათებელი სატურნისთვის (კიდევ სატურნის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.