NASA-ს კოსმოსური ხომალდი „Dawn“ უკვე ერთი წელია ჯუჯა პლანეტა ცერესის ორბიტაზე მოძრაობს. ახლა მისიის ხელმძღვანელი მეცნიერები მსჯელობენ „Dawn“ ცერესთან დატოვონ, ასტეროიდების სარტყელში შეუშვან თუ სხვა კოსმოსური სხეულის გამოსაკვლევად გაგზავნონ. NASA-ს წარმომადგენელი ლორი კანტილო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა იქნას მიღებული, ვინაიდან ხომალდის საწვავი კრიტიკულ რაოდენობას უახლოვდება. ცერესის ფოტოები იხილეთ აქ.
პროექტის მეცნიერთა პოზიციაა, რომ ხომალდმა ცერესის ორბიტა დატოვოს და ასტეროიდ ადეონას გამოსაკვლევად გაემგზავროს. კვლევა ე.წ. „ნელი ჩაფრენის“ რეჟიმში ჩატარდება და ივლისში გამგზავრების შემთხვევაში – ხომალდი 2019 წლის მაისში მიაღწევს ასტეროიდს.
სამწუხაროდ, NASA-ს ოფიციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული მისია არასაიმედოა, ხოლო წარმოდგენილი მეცნიერული არგუმენტები – არასაკმარისი და დაგვიანებული. NASA-ს მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ხომალდი კიდევ ერთი წლის განმავლობაში უნდა დარჩეს ცერესის ორბიტაზე, ვინაიდან სწორედ ეს იყო ამ მისიის თავდაპირველი მიზანი, N1 სამეცნიერო ამოცანა.
„Dawn“, NASA-ს „მცირე საპლანეტათშორისო მისიათა დაბალბიუჯეტიანი პროგრამის“ ნაწილია, რომელმაც სტარტი 2007 წელს აიღო. ხომალდმა ასტეროიდ ვესტას 2011 წლის ივლისში მიაღწია და მის ორბიტაზე წელიწადზე მეტ ხანს დაჰყო; 2015 წლის მარტში ის ჯუჯა პლანეტა ცერესის ორბიტაზე გავიდა და დღემდე იქ არის.
ხომალდი კოსმოსში გადასაადგილებლად რევოლუციურ იონურ ძრავს იყენებს(ძრავის ყველაზე ხანგრძლივი ტესტირება დასრულებულია), სულ ოთხი რეაქციული წრედით. ორი მათგანი ჯერ კიდევ მისიის საწყის ფაზაში გამოვიდა მწყობრიდან, ხოლო 2017 წლის აპრილში მესამე წრედის დაზიანების შესახებ გადმოსცა და სიმაღლის დაკარგვა დაიწყო. ამის გამო მეცნიერებმა ის „ლოდინის რეჟიმში“ გადაიყვანეს და სათადარიგო, ჰიდრაზინის საწვავზე მომუშავე ძრავები ჩაურთეს. “იონური საწვავის მარაგი თითქმის ამოუწურავია, მაგრამ ამ უსიამოვნო ფაქტის გამო ხომალდის ქმედითუნარიანობის დრო მკვეთრად შემცირდა, რადგანაც ჰიდრაზინი სწრაფად იწვება. რაც უფრო მაღალ ორბიტაზე ვართ, მით უფრო ნაკლები საწვავია საჭირო, თუმცა დაკვირვების სიმაღლის კომპენსირებაც და გრავიტაციული წევის დაძლევაც ერთდროულად უნდა ვაკონროლოთ” – აცხადებს პროექტის ერთ-ერთი მეცნიერი რობერტ რეიმონდი.
მეცნიერების თქმით, დღევანდელ ორბიტაზე დარჩენის შემთხვევაში „Dawn“-ს ქსენონის იონური და ჰიდრაზინის ქიმიური საწვავი 2018 წლის ბოლომდე ეყოფა, თუმცა, დაგეგმილი პროგრამის მიხედვით, დაბალ ორბიტაზე ცერესის ტოპოგრაფიას მაღალი რეზოლუციით ვეღარ გააკეთებს; ამიტომ კვლევის პრიორიტეტები უახლოეს მომავალში უნდა განისაზღვროს(მისია Dawn).