NASA-ს მარსმავალმა “Perseverance”-მ დედამიწაზე გამოსაგზავნი ნიმუშები მარსის ზედაპირზე ჩამოაგდო

 2022 წლის 21 დეკემბერს, მარსის დროით 653-ს სოლს, ისტორიული მოვლენა მოხდა – NASA-ს მარსმავალმა Perseverance წითელი პლანეტის ზედაპირზე ტიტანოკერამიკული კონტეინერი ჩამოაგდო. ამ მილისებურ კონსერვს, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კიდევ 10 დაემატება – თითოეული მათგანი მარსის სრულიად განსხვავებული ლოკაციებიდან ამოღებულ ნიმუშებს შეიცავს; ”Perseverance” მათ ერთ ლოკაციაზე ჩამოყრის, ხოლო სხვა აპარატი მათ ჩამოაკითხავს და დედამიწაზე გამოაგზავნის. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმ საკაცობრიო მისსიის განხორციელების გზაზე, რომელსაც ”მარსიდან ნიმუშების ჩამოტანის კამპანია” ეწოდება (Mars Sample Return campaign).

 NASA-ს მარსმავალმა ”Perseverance”-მ დედამიწაზე გამოსაგზავნი პირველი რამდენიმე ნიმუში მარსის ზედაპირზე ჩამოყარა. ეს, ჩვენი დროით, 2022 წლის 21 დეკემბერს მოხდა, რაც 653-მე მარსული სოლია (”სოლ” – მარსული დღე-ღამე, 24 სთ და 33 წთ). (ვინმემ, შემთხვევით, ლაზერის ხმალი ან ზებგერითი ქანჩი ხომ არ დაკარგეთ?) © NASA/JPL-Caltech/MSSS.

 ”Perseverance” გრუნტის, ქანების, ქვებისა და ატმოსფეროს ნიმუშებს ჩამოსვლის დღიდან იღებს. ამ მომენტისთვის ის 17 ნიმუშს ინახავს. მალე მარსზე ჩავა ხომალდი, რომელიც ორ მოდულად გაიყოფა – ერთი ნაწილი მარსის ორბიტაზე დარჩება, მეორე კი, ლენდერი, ”Perseverance”-ს გვერდით დაეშვება. შემდეგ ის ”Perseverance”-ს მიერ დატოვებულ ნიმუშებს შეაგროვებს და ორბიტერს გაუგზავნის, რომელიც ნიმუშებს დედამიწაზე ჩამოიტანს. ამ ლენდერს თან ორი ვერტმფრენიც ეყოლება, რომლებიც ნიმუშების ჩატვირთვის ამოცანას განახორციელებენ იმ შემთხვევაში, თუ ”Perseverance”-ს ”მკლავს” რამე დაემართება.

 მარსმავალ ”Perseverance”-ს დედამიწელი ორეული ჰყავს, სახელად OPTIMISM; NASA-ს ინჟინრები ”Perseverance”-ს ყველა მოქმედებას ჯერ მის ორეულზე რამდენჯერმე ასრულებენ, და მხოლოდ ამის შემდეგ ასრულებენ მარსზე. ამ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ავარჯიშებენ NASA-ს ინჟინრები OPTIMISM-ს მარსის ზედაპირზე ნიმუშების ჩამოგდებაში. ტესტი მიმდინარეობს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის – JPL მარსის ეზოში. © NASA/JPL-Caltech.

 პირველი ჩამოგდებული ნიმუში ”Perseverance”-მ 2022 წლის 31 იანვარს ჩამოაჭრა ვულკანურ ქვას, რომელსაც მეტსახელად ”მალაის” უწოდებენ. ეს ქვა მარსის კრატერ ”ჯეზერო”-ში განთავსდება, ლოკაციაზე, რომელსაც ”სამხრეთის სირტი” ეწოდება. ქვა იმდენად ფაშარი იყო, რომ ”Perseverance”-მ ნიმუშის აღებას საათზე მეტი მოანდომა. შემდეგ აპარატმა ნიმუშს მაღალი გარჩევადობის კამერით (CacheCam) სურათი გადაუღო და ამ დრომდე მარსმავალის მუცელზე განთავსებულ სპეციალურ სათავსოში ინახავდა.

 NASA -ს განცვიფრებული ინჟინრები ინტერესით აკვირდებიან, თუ როგორ ვარდება ზოგიერთი კონტეინეტი ზედაპირზე ვერტიკალურად, ბრტყელი ძირით ქვემოთ. © NASA/JPL-Caltech.

 თუმცა, NASA-ს რეაქტიული ძრავების ინჟინრების სამუშაო ასეთი მარტივი როდია – მარსის ზედაპირზე ნიმუშის კონტეინერის ჩამოგდების შემდეგ ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ მარსმავალი ნიმუშებს ზედ არ გადაუვლის. ამისთვის ისინი ”Perseverance”-ს ორმეტრიან მკლავზე დამაგრებულ კამერას WATSON იყენებენ, რომელიც მარსმავლის ქვეშ შეძვრება და ბორბლების გადანაცვლების პროცესს თვალყურს ადევნებს.

 ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩამოგდების დროს ნიმუშები კონტეინერის ბრტყელ ძირზე არ დავარდეს და ვერტიკალურად არ დაეყუდოს, რაც ნიმუშების შემგროვებელი ლენდერისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. ამიტომ JPL-ში ”Perseverance”-სთვის სპეციალური პროგრამა დაწერეს – თუ ნიმუში ვერტიკალურად დადგება, მარსმავლის რობოტული მკლავი მას ფრთხილად წააქცევს.

 ეს მოკლე ანიმაცია ”მარსიდან დედამიწაზე ნიმუშების გამოგზავნის კამპანიას” აღწერს, რომელსაც NASA და ESA ერთობლივად განახორციელებენ © NASA/ESA/JPL-Caltech/GSFC/MSFC.

 მისსიების შესახებ დაწვრილებით იხილეთ:

1. სიცოცხლის კვალი მარსზე? NASA-ს მარსმავალი ”Perseverance” ნადირობას იწყებს 

2. NASA-ს მარსმავალმა ”Perseverance” დედამიწისკენ გამოსაგზავნად უკვე ნიმუშების 6 კონტეინერი გაამზადა 

3. გზა მარსისკენ და უკან – NASA-ს მარსმავალი ”Perseverance” და მისი ნიმუშის კონტეინერები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.