ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) კოსმოსური ხომალდი – Mars Express(”მარს ექსპრესი”), უკვე 15 წელია წითელი პლანეტის ორბიტაზეა(dlr.de); მას გერმანიის კოსმოსური სააგენტო (Deutsches Zentrum für Luft- und Raumfahrt; DLR) მართავს. სურათი, რომელიც თანამგზავრის მაღალი გარჩევადობის კამერამ(HRSC) გადაიღო, გვიჩვენებს მარსს; გამოსახულება ხელსაწყოს კალიბრაციისთვის გამოიყენეს; მასზე მარსის ყინულოვანი ჩრდილოეთ პოლუსი(ქვემოთ) და მარსის ეკვატორული უბანი (ჰოროზონტზე) მოჩანს. ხელსაწყოს კალიბრაცია აუცილებელი პროცედურაა თანამგზავრებზე, რომელთა მიზანიც მაღალი ხარისხის გამოსახულებების მოწოდებაა, და ის წელიწადში ორჯერ ტარდება.
Mars Express-ი წითელ პლანეტასთან 2003 წელს მიფრინდა და წელს ის მარსის გარშემო 18 000 შემოვლას იზეიმებს.
როგორც წესი, პლანეტებს გარკვეული რაკურსით იღებენ, რაც ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ პოლუსი სურათის ზედა, სამხრეთ პოლუსი – ქვედა და ეკვატორი – შუა ნაწილში მოჩანს. Mars Express-ის ეს სურათი კი HRSC კამერამ მაშინ გადაიღო, როდესაც ხომალდმა წითელი პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსს გადაუფრინა. Mars Express-ს ე.წ. ”პოლარული ორბიტა” აქვს, რომელიც ეკვატორის მიმართ 87 გრადუსითაა დახრილი. ხომალდი წაგრძელებულ ელიფსზე გადაადგილდება და ყოველ შემოვლაზე პოლუსებს 344 კმ სიმაღლეზე უახლოვდება. სამაგიეროდ, ეკვატორზე, პლანეტის ზედაპირიდან მისი დაშორება 8850 კილომეტრია(იხ. ვიდეო). მარსის გარშემო ერთი შემოვლა 7 საათის განმავლობაში ხდება.
სურათზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მარსული გაზაფხულია, მზე ეკვატორს მკვეთრად ანათებს, ხოლო სინათლისა და სიბნელის გამყოფი ”ტერმინატორი”(ასტრონომიული ტერმინი, ლათინურად ”საზღვარი”) – ჩრდილოეთ პოლუსზეა და ნახევრად სიბნელეშია ჩაძირული.
HRSC მაღალი გარჩევადობის კამერის ასეთი კალიბრაციის დროს, ინდივიდუალურად ხდება ყველა სენსორის ხარვეზების გასწორება, რისთვისაც ოთხი ძირითადი ფერისა და სტერეო-არხების სტანდარტულ კონფიგურაციას ახორციელებენ. ასეთ დროს, ხომალდი ზუსტად ზენიტ-ნადირის გასწვრივ მოძრაობს და პლანეტის ზედაპირის მიმართ პერპენდიკულარულია. ასეთ პირობებში თითუეული გამოსახულების მაქსიმალური გარჩევადობა უნდა იყოს მიღწეული.
მარსის ვულკანები – იშვიათი სანახაობა
სურათზე, პლანეტის ეკვატორულ ნაწილში(ჰორიზონტი) მოჩანს ჩამქრალი მარსული ვულკანების რეგიონი, სახელწოდებით – თარსისი(Tharsis); მთელი ეს პროვინცია ევროპის ტერიტორიის ფართობზეა გადაჭიმული და პლანეტის საერთო ზედაპირიდან, ციცაბო კიდეებით, ხუთი კილომეტრის სიმაღლეზეა აზიდული. როგორც ჩანს, მარსის გეოლოგიურ ქერქში, მანტიიდან ამოსულმა მაგმამ მაღალი წნევა წარმოქმნა და მცირე გრავიტაციის მქონე პლანეტაზე უზარმაზარი პლატო ერთიანად დიდ სიმაღლეზე აიტანა. დღეს თარსისის რეგიონი ცხელი გეიზერების სპონტანური ამოფრქვევებითაა ცნობილი.
სურათის ცენტრში მოჩანს ვულკანი ალბას მთა(Alba Mons, ”თეთრი მთა”), რომლის თეთრი მწვერვალიც ბრტყელი ტექტონური ფილებითაა გარშემორტყმული. ამ სტრუქტურის დიამეტრი 1000 კილომეტრს აჭარბებს და მარსის ერთ-ერთ უდიდეს ვულკანად ითვლება. ზოგადად, დედამიწის ვულკანებთან შედარებით, უფრო მცირე ზომის Uranius Mons, Ceraunius Tholus და Tharsis Tholus (სურათზე – მარცხნივ) გიგანტურ წარმონაქმნებად შეიძლება მივიჩნიოთ.
ჰორიზონტთან ახლოს მოჩანს 15 კილომეტრის სიმაღლის Ascraeus Mons, რომლის მწვერვალიც ყინულის კრისტალებითაა გარშემორტყმული. მისი გარშემოწერილობა ასეულობით კილომეტრია, აქედან – ყინულოვანი საფარის სიგანე 35 კილომეტრს აჭარბებს.
და ბოლოს, ჩრდილოეთ პოლუსის საოცარი ქუდი, რომელიც მარსის წითელი მტვრით დაფარული წ ყ ლ ი ს ყინულების სამეფოა, რომელსაც გარს ერტყმის გაყინული ნახშირორჟანგის ნახევარრკალი. როგორც ამ ფერად სურათზე ჩანს, გაზაფხულის ტემპერატურაც არ არის საკმარისი ნახშირორჟანგის მთლიანად სუბლიმირებისათვის. ჩრდილოეთ პოლუსზე მუდმივი ყინულები 1,2 მილიონი კვადრატული კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული, რაც გრენლანდიის ყინულოვანი ქუდის ნახევარზე მეტია.
Sainteresoa statia dzalian mainteresebs es curiosity sul khriokebshi rom dabodialobs im yinulebamde ver mid is?
Dzalian saintereso saiti gakvt madloba tkven.
ძალიან შორია პოლუსებამდე, მარსმავალი ძალიან ნელა მოძრაობს, ყველა მეტრი წინასწარ არის დათვლილი, შეცდომა არ შეიძლება…
“Phoenix” დასვეს პოლუსთან ახლოს და ორ თვეში გრუნტში ჩაიძირა. ალბათ ასეთი მისსიისთვის თხილამურებიანი მარსმავალი იქნებოდა საჭირო.