LSPM – წყალქვეშა მრავალფუნქციური ლაბორატორია

 1962 წელს, მარსელთან ახლოს (საფრანგეთი), პირველად მსოფლიო ისტორიაში, 10 მეტრის სიღრმეზე კვლევითი ლაბორატორია იქნა აგებული, რომლის ფოლადის “ნიჟარაში” ორმა ადამიანმა ორი კვირა გაატარა (arstechnica.com). ახლა, 60 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მარსელის მახლობლად კიდევ ერთი წყალქვეშა ლაბორატორია შენდება, რომელიც ოკეანოგრაფიულ კვლევას და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, კოსმოსთან დაკავშირებულ კვლევებსაც ჩაატარებს. ხსნებული პირველი ლაბორატორიისგან განსხვავებით, ახალ LSPM (პროვანსის ხმელთაშუა ზღვის წყალქვეშა ლაბორატორია) ლაბორატორიაში ადამიანები არ იქნებიან.

 LSPM ლაბორატორია განთავსდება სანაპიროდან 40 კილომეტრში, ტულონთან ახლოს, 2450 მეტრის სიღრმეზე და იქნება პირველი ევროპული წყალქვეშა ლაბორატორია, რომელიც მთლიანად დისტანციური მართვის ქვეშ იმუშავებს.

 ამჟამად, წყლის ქვეშ უკვე დამონტაჟებულია სამი მოდული, 6 მეტრი სიგრძისა და 2 მეტრის სიმაღლისა, რომელთა შიგნით სხვადასხვა კვლევითი ინსტრუმენტია განთავსებული, მონაცემთა დამუშავების სისტემები და ა.შ. ეს მოდულები მიწისქვეშა სადგურს ოპტიკური და ელექტრული კაბელების სისტემით უკავშირდება, სიგრძით 42 კილომეტრი.

 წყალქვეშა ნეიტრინული ობსერვატორია (KM3NeT), 2070 სენსორისგან შედგება – თითოეული შეიცავს 31 ფოტოგამამრავლებელს, რომლებიც ოკეანის ფსკერზე დამაგრებულ 115 გვარლზეა გადანაწილებული. KM3NeT ობსერვატორიის მეორე განყოფილება, ARCA, დამონტაჟებულია სიცილიის სანაპიროსთან, 3400 მეტრის სიღრმეზე და წყლის მთლიანი მოცულობა, რომელსაც ორივე მონაკვეთის სენსორები მოიცავს, ერთ კუბურ კილომეტრს აღემატება.

 “დეტექტორთა ეს გიგანტური მასივი, ზღვის სიღრმეების აბსოლუტურ სიბნელეში, ღამის ცის სამხრეთ ნახევარსფეროდან მომავალი ნეიტრინოების აღმოჩენას შეძლებს. მგრძნობიარე ფოტოგამამრავლებლები, წყლის ატომებთან ნეიტრინოთა იშვიათი შეჯახებებით გაჩენილ სინათლეს დაიჭერენ, რომელთა პარამეტრების დადგენით, ნეიტრინოების შემოჭრის მიმართულებისა და მათი ენერგიის გაგება მოხერხდება“ – ამბობს პაშალ კოილი, LSPM ლაბორატორიის დირექტორი.

 LSPM ლაბორატორიის მესამე მოდული ოკეანოგრაფიული კვლევისთვის საჭირო აღჭურვილობას შეიცავს, მათ შორისაა ე.წ. ალბატროსის ხაზი – ზღვის ფსკერზე გაწოლილი ორი კილომეტრი სიგრძის კაბელები, რომლებზეც უამრავი სენსორია მიერთებული – ტემპერატურის, წყლის დინების სიჩქარის, ჟანგბადის კონცენტრაციისა და pH დონის გასაზომად.

 აქვეა სეისმოგრფიც, რომელიც რეალურ დროში აგროვებს სეისმოლოგიურ მონაცემებს. ამასთან ერთად, ლაბორატორიასთან დამაკავშირებელი 42 კილომეტრიანი ოპტიკური კაბელი, სეისმო-აკუსტიკურ გადამწოდად აქციეს მეცნიერებმა. ეს გრძელი “გადამწოდი” დეფექტების ხარჯზე მუშაობს, რომლებიც დამზადების დროს ჩნდება ხოლმე მათში. მათგან არეკლილი სინათლის ნაწილი უკან, გადამცემთან ბრუნდება და სეისმური ან აკუსტიკური ტალღებით გამოწვეული ბოჭკოვანი კაბელის ფორმის ცვლილება ამ სინათლეზე აისახება, რაც მათი ამპლიტუდისა და სხვა მახასიათებლების გაზომვის საშუალებას იძლევა. ვეშაპების, დელფინების და სხვა წყალქვეშა ხმების მოსმენა კი ჰიდროფონებით (წყალქვეშა მიკროფონი) მოხდება.

 LSPM-ის ნაწილი იქნება დისტანცირად მართული მუხლუხო რობოტი BathyBot. შეძლებს ზღვის ფსკერზე გადაადგილებას, ტემპერატურის, ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის კონცენტრაციის, დინების სიჩქარისა და მიმართულების, მარილიანობის და წყალში ნაწილაკების კონცენტრაციის გაზომვას.

 ასევე, უახლოეს მომავალში, LSPM ლაბორატორიას დაემატება გამა-სპექტრომეტრი, ბუნებრივი რადიოაქტიური ფონის დონისა და პარამეტრების გასაანალიზებლად. ზღვის სიღრმეებში მცხოვრები ორგანიზმების ბიოლუმინესცენციის შესასწავლად, სტერეოსკოპიული კამერა იქნება გამოყენებული, რომელსაც ერთი ფოტონის დაფიქსირებაც კი შეეძლება.

 “LSPM ლაბორატორიის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის ეფექტის კვლევა. უკვე ჩატარებული გაზომვები გვიჩვენებს ზღვის წყლის ტემპერატურის ნელ, მაგრამ სტაბილურ ზრდას და ჟანგბადის დონის შემცირებას, ასეთ დიდ სიღრმეებზეც კი” – დასძენს პაშალ კოილი (+2°C-ით მატებაც კი ყველაფერს ცვლის…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.