პლუტონის ყინულოვანი ჯავშნის ქვეშ შეიძლება თხევადი ოკეანე იყოს – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები ჯუჯა პლანეტის აღნაგობის გააანალიზების მერე. სტატია ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ამის შესახებ New Scientist-ი წერს.
თანამედროვე წარმოდგენებით, პლუტონის 40% კლდოვანი ქანებია – დანარჩენი 60% კი ყინულზე მოდის. ამის გამო, როგორც კვლევა აჩვენებს, პლანეტა საკმაოდ მარტივადაა მოწყობილი – მის სტრუქტურას ყინულის სიბლანტე (რომელიც, სავარაუდოთ, პლანეტის სიმძიმით ჩაპრესილი პატარა ნაწილაკებისგან შედგება) და მასში რადიოაქტიური კალიუმის რაოდენობა განსაზღვრავს.
მხატვრის თვალით დანახული პლუტონი(NASA).
სითბოს წყარო კალიუმის დაშლის პროცესია – რაც უფრო მეტია ის, მით უფრო თბილია პლუტონის ბირთვი, სიბლანტე კი კონვექციის(წყლის მაღლა მოძრაობა, გაცივება და უკან დაბრუნება, როგორც მდუღარე წყალში) სიჩქარეზეა პასუხისმგებელი. თუ კალიუმი ბევრია – მილიარდზე 75 ნაწილი(შედარებისთვის, დედამიწაზე მისი ფორმირების დროს გაცილებით მეტი კალიუმი იყო, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ რაც უფრო ახლოსაა პლანეტა მზესთან, მით ნაკლები რაოდენობითაა ეს ელემენტი მასზე), ყინულის სიბლანტე კი მაღალია, მაშინ დაახლოებით 165 კილომეტრის სიღრმეზე შეიძლება არსებობდეს თხევადი წყლის ოკეანე. ზედაპირის ტემპერატურა,შედარებისთვის, ცელსიუსით მინუს 230 გრადუსს შეადგენს.
კვლევაში გაურკვევლობის მთავარი წყარო ყინულის ნაწილაკების ზომების არ ცოდნაა, რომლებიც სიბლანტეს განსაზღვრავენ. მათი ზომების დედამიწიდან გაზომვა შეუძლებელია, თუმცა, 2006 წელს კოსმოსში გაუშვეს ზონდი ”ახალი ჰორიზონტები”(NASA), რომელიც ამჟმად პლუტონისკენ მიფრინავს. იგეგმება, რომ აპარატი ჯუჯა პლანეტასთნ 2015 წელს მივა და ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, მათ შორის არის თუარა მის წიაღში ოკეანე.